"ჩემი ბიჭი "პოლიტრა" არაყს გადააყოლეს?!" - რა გახდა გელა ჯაყელის სიკვდილის მიზეზი
"ჩემი შვილი ნახევარმა ლიტრმა არაყმა დაღუპა" - ამბობს ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, გელა ჯაყელის დედა, ზოია ჯაყელი. როგორც უკვე ცნობილია, სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გელა ჯაყელმა თავი მოიკლა. ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციას უნდობლობლობით ეკიდებიან და აცხადებენ, რომ გელა ჯაყელი მოკლულია. ამასთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედა თავად გვესაუბრება.
- ქალბატონო ზოია, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი მოკლულია?
- ზუსტად ვიცი, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, პირიქით, საშინლად ეშინოდა იმისა, რომ მოკლავდნენ. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ციხეში ვიყავი მის სანახავად და ველაპარაკე. ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, მაგრამ გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ.
- ეს მისი ვარაუდი იყო თუ ვინმე ემუქრებოდა?
- მე მითხრა, რომ ციხის უფროსის მოადგილის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ვინმე ზურა მემუქრებაო.
- სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თქვენს შვილს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და ადრეც არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანებები.
- ჩემი შვილს არანაირი აშლილობა არ ჰქონია. თვითდაზიანება მართლაც მიიყენა, მაგრამ ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია. სისხლის გადასხმა მოითხოვა, მაგრამ ციხის ადმინისტრაციაში უარი უთხრეს და ამის გამო გამოვიდა მდგომარეობიდან.
- უწყების ინფორმაციით, მან ხუთჯერ სცადა თავის მოკვლა, რის გამოც მას ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის კონსულტაციებიც კი დაუნიშნეს.
- ციხის ადმინისტრაციამ მეც მითხრა, რომ თავის მოკვლა რამდენჯერმე სცადაო. ამის შესახებ გელასაც ველაპარაკე და ვკითხე, ასე რატომ იქცეოდა. ჩემმა შვილმა დამარწმუნა, რომ თავის მოკვლა არასდროს დაუპირებია, უბრალოდ გაუსაძლის მდგომარობაში ამყოფებდნენ და ასე ყურადღების მიქცვის მიზნით იქცეოდა. ბავშვმა დამარწმუნა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, თავს არ მოიკლავდა.
- ციხის უფროსის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელს მისი სიკვდილი რატომ უნდა სდომოდა?
- არ ვიცი, ფაქტია, რომ ჩემი შვილი მოკლეს. გელას საფეთქელზე ზონარი ჰქონდა შემოჭერილი, თავზე სხვა დაზიანებებიც აქვს, რამდენიმე ადგილას თავის ქალა ჩამტვრეულია. ასეთი დაზიანებები თავისი ხელით როგორ უნდა მიეყენებინა? აშკარაა, რომ გელა მოკლეს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, შვილი ციხის უფროსის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა მომიკლა თუ ვინმე სხვამ. ფაქტია, შვილი აღარ მყავს და ახლა მის ცხედართან ვზივარ.
- რამდენი ხანია, თქვენი შვილი სასჯელს იხდის და რა მიზეზით?
- უკვე 4 წელია რაც გელა ციხეშია. 2009 წელს დაიჭირეს. მთვრალი იყო და მეზობლის ქალს "პოლლიტრა" არაყი მოსთხოვა. მან უარი უთხრა, რის გამოც ჩემმა შვილმა უწმაწური სიტყვებით მიმართა. ეს ქალი მოხუცი იყო, როგორც ჩანს, შეშინდა და დასახმარებლად პოლიციას მიმართა. ნახევარი ლიტრა არაყის გულისთვის გაუბედურდა ჩემი შვილი.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)