დამწკაპუნებლები - კვირის პალიტრა

დამწკაპუნებლები

ორი თუ სამი კვირის წინ ვწერდი "პროვოკატორში", - დავიღალე და უხერხულიცაა დამარცხებულისა და ფაქტობრივად, წასული სააკაშვილისა და მისი გუნდის ამდენი კრიტიკა; "ქართული ოცნება" კი, - საპრეზიდენტო არჩევნებამდე გვაცალეთ და მერე აგაშენებთო, - იძახის და არც ეგენი მინდა ნამეტანი რომ გამოვლანძღო, ვინძლო მერე მართლა აგვაშენონ... ამიტომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ "კრიტიკის ობიექტების" სიმცირის გამო-მეთქი.

და აგერ, მხსნელად არ მომევლინა ბურჯანაძე და მისი პრეზიდენტობის კანდიდატობა?! ძლივს "მესამე ძალა" არ გამოჩნდა?!

ასე რომ, დღეს ქ-ნი ბურჯანაძის "ირგვლივ ვიტრიალებთ".

მაშ ასე: სხვა და სხვა ინტერნეტგამოკითხვებით ირკვევა, რომ... მოიცა, მოიცა, ეს რა არის? არა რა! არ გაცდიან მუშაობას! ა ბატონო, წერის პარალელურად საინფორმაციო სააგენტოების საიტებს ვათვალიერებ და აჰა, მხოლოდ სათაური ნახეთ და მიხვდებით, რომ "ნაციონალებისა" და "ოცნების" ხსენების გარეშე კიდევ კარგა ხანს არ გამოვა არანაირი "პროვოკაცია": "მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას"!!!

ჯიუტი ვარ - რადგან ვთქვი, რომ ბურჯანაძე იქნება-მეთქი "მთავარ როლში", ე.ი. ასე იქნება. მით უმეტეს, რომ სააკაშვილის, შესავალში ნახსენები "ოხუნჯობის" გვერდით, ასეთი, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაც დევს: "Iთ სამსახურის რეკომენდაციით, პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ გამოკითხვა წყდება"! არადა, სწორედ ამაზე მსურდა საუბარი: ხუთიოდე დღის წინ, ჩემს მეგობრებს, ინტერნეტგამოცემა "ფორ.გე"-დან ვუთხარი, - რა უცნაური მომხმარებელი გყავთ, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ბურჯანაძე იმაზე მეტად უსწრებს მარგველაშვილს, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტი "ბურჯანაძისტიც" კი იოცნებებდა-მეთქი. - ორ-სამ საათში ავარდა რეიტინგი 5-დან 35 პროცენტამდეო, - მიპასუხეს. გასაგები იყო ყველაფერი და როდესაც ჩვენი მედია-ჰოლდინგის სააგენტო "ინტერპრესნიუსშიც" ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა, ხელები მოვიფშვნიტე და დავწერე ის, რაც შესავალში დავწერე, თან მიხაროდა - რა მაგარია, "ინტერპრესნიუსში" ზეგ წაიკითხავენ ამ ამბავს და ჩემგან გაიგებენ, რაშიც ყოფილა საქმე-მეთქი,Mმაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა: ჩვენი "აიტიშნიკები" უჩემოდაც მიმხვდარან მამაძაღლობას, - ერთ-ერთი კანდიდატის ხმების რაოდენობა საეჭვოდ გაიზარდა ღამის ერთ კონკრეტულ მონაკვეთშიო, ნათქვამია ინფორმაციაში.

ეს "ერთ-ერთი კანდიდატი" დაახლოებით იგივე რომ არის, რაც "გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე", ალბათ ხვდებით. ვინც ვერ ხვდება, ნახოს შედეგები და მერე მიხვდება: ბაქრაძე -16%, მარგველაშვილი - 34%, ბურჯანაძე... მოემზადეთ! - 41%!!!

იცით, ყველაზე მეტად რა მკლავს და მსპობს? ის კი არა, ვიღაცები ნებისმიერი მეთოდით რომ ცდილობენ ხალხის დაბოლებას. ჯანდაბას, თუ გაქაჩავენ, მოგვატყუონ! მაგრამ სრულ კრეტინებად რომ თვლიან საზოგადოებას (ამ სიტყვაზე ეცინებათ, სხვათა შორის), ეს მაცოფებს! შე... კაი დედმამიშვილო, სადღაც მარგველაშვილის გვერდით მაინც "დაატორმუზე", ასე 35-36 პროცენტზე! ...პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელიც "ნაცებთან" მუშაობდა ამ "თანამდებობაზე", ანუ "დამწკაპუნებლად" (ქალია) და მისი ქმარი ძალიან ამაყობდა, - ჩემ ცოლს მაგრად აფასებენ პარტიაშიო. ალბათ ასეც იყო და შესაძლოა, "გამოცდილ კადრს" ახლა სხვა პარტიაში აფასებენ.

ამ "კომპოტში" ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრის გაგების ერთ-ერთი კარგად აპრობირებული მეთოდი - ინტერნეტგამოკითხვა, ისევე, როგორც ბევრი კარგი უცხოური რამ, საქართველოში უკვე გაბიაბრუებული, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, - გაბანძებულია.

ჰოდა, ვიყოთ ახლა ისევ ნავაროს იმედზე...

P.S. ადრე, 12-13 წლის წინ, ყველა "პროვოკაციას" ანეკდოტით ვამთავრებდი-ხოლმე. მერე ეს "ტრადიცია" რატომღაც მივივიწყე. ახლა კი ძალიან მინდა, ერთი ანეკდოტი გითხრათ: ერთი "ღვთისპირიდან გადავარდნილი" (გურული ტერმინია) გურული გადაწყვეტს სულის ცხონებაზე იფიქროს. მანამდე ჩადენილი ყველა ყაჩაღობა, მკვლელობა, ძარცვა თუ ქვეყნის დაქცევა მოინანიოს და დაიწყებს კეთილ საქმეთა კეთებას - ქვრივ-ობლებს ეხმარება, "ენჯეოებს" ფულს ურიცხავს, ეკლესიებს აშენებს და ა.შ. უყურა, მისმა მოხუცმა მამამ შვილის საქმიანობას და ერთხელაც ეუბნება:

- რას გეტყვი, ბაბა, იცი? შენ იმდენი ცოდვა გაქვს ჩადენილი, მაინც არაფერი გიშველის და ამ ეშმაკსაც მთლად ნუ მოიმდურებ...

P.P.S. ადრე რომ ანეკდოტებს წერდი, ისინი თემას ეხებოდა და ეს კი, აქ რა შუაშიაო, - მკითხავს ჩვენი "სტაჟიანი" მკითხველი. რა შუაშია და, ამ წუთას შევარდნაძის ინტერვიუ ვნახე ასეთი სათაურით: "სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მისი ხსნა ღმერთსაც არ შეუძლია"!

ისე, ყოველთვის "აღფრთოვანებული" ვიყავი შევარდნაძის უტიფრობით. ახლაც, ისე ლაპარაკობს სააკაშვილზე (მართალს კი ამბობს), თითქოს თვითონ სამოთხის "ვიაიპი-ლოჟის" ბილეთი ედოს ჯიბეში.