ლევან ბერძენიშვილი: "ანზორიკო ბიწაძემ მედროვე სახლში უნდა მოიკითხოს!" - კვირის პალიტრა

ლევან ბერძენიშვილი: "ანზორიკო ბიწაძემ მედროვე სახლში უნდა მოიკითხოს!"

სოც. ქსელებში გავრცელდა ნინო ბურჯანაძის ვაჟის, ანზორიკო ბიწაძის მიმართვა ლევან ბერძენიშვილისადმი, სადაც ის ბერძენიშვილის მედროვეს და ურეიტინგო პოლიტიკოსს უწოდებს. ამაზე კომენტარი მიმართვის ადრესატს, პარლამენტის წევრ ლევან ბერძენიშვილს ვთხოვეთ:

- კარგი, მე თუნდაც ვიყო მედროვე პოლიტიკოსი, ეს რაში უშველის ანზორიკო ბიწაძის დედას? იქნებ ეს გამაგებინოს ანზორიკომ. ბატონი ანზორი არაა პოლიტიკური ფიგურა, რიგითი მოქალაქეა, აქვს თავისი მოსაზრება და თავისუფალია ნებისმიერ შეფასებაში, უბრალოდ მე არ შემიძლია დავეთანხმო მის ნათქვამს, რომ მე ვარ მედროვე, მედროვეები მაგან სახლში უნდა მოიკითხოს. მე რომ მედროვე ვყოფილიყავი, იგივე მანქანა, იგივე ტელეფონი ნამდვილად არ მექნებოდა, რაღაცას მაინც გამოვკრავდი ხელს. ანზორის აზრს პატივს ვცემ, რადგან სულ მცირე, ამ ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ არ ვეთანხმები.

- მან აგრეთვე თქვა, რომ თქვენ ხალხში გაქვთ ძალიან დაბალი რეიტინგი და ივანიშვილის ავტორიტეტს ხართ ამოფარებული...

- როგორც ჩანს, მაგან ბევრი რამე არ იცის. მე ვარ 2 უნივერსიტეტის პროფესორი, ძალიან ვუყვარვარ ჩემ სტუდენტებს და ამ სიყვარულისთვის არც ივანიშვილი დამჭირვებია და არც ანზორიკოს შეფასება. ის, რომ ჩვენ რეიტინგი არ გვაქვს არაა მართალი. პირადად მე, ვფიქრობ საკმარისი რეიტინგი მაქვს ჩემს ქვეყანაში, შეიძლება არა როგორც პოლიტიკურ ფიგურას და შეიძლება როგორ უბრალო ადამიანს, რომელსაც თავის ქვეყანა უყვარს, მაგრამ რეიტინგი ნამდვილად მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ანზორიკოს გასარჩევი კაცი არ ვარ. ისე, მეც მაქვს მასზე ჩემი მოსაზრება, თუმცა თავს შევიკავებ.

-ანზორიკო თავის განცხადებაში ლარაკობს ნინო ბურჯანაძის დადებით როლზეც, რომელიც მან 7 ნოემბერს შეასრულა...

- 9 ნოემბერს ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო მდგომარეობას დაუჭირა მხარი, რითაც საქართველოს მიაყენა შეურაცხყოფა. ამას ვერაფერი ვერ გამოასწორებს, მაგრამ ამავე დროს, მან 7 ნოემბერს კარი გაგვიხსნა და მოწამლული ხალხი პარლამენტში შეგვიშვა. ამისთვის მადლობა და საგანეგობო მდგომარეობისათვის საყვედური. თუ ანზორიკო ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძემ დადებითი როლი შეასრულა, ცდება, რადგან დედამისის როლი იყო სამარცხვინო, რაც დასრულდა 9 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობით. ანზორიკოს შეუძლია მოისმინოს დედამისის ნათქვამი, სადაც ის ამბობს, რომ არ ჩამოართმევს ხელს მათ, ვინც ბრალდებულია უცხოელებთან კონტაქტში, მათ შორის, მეც გამომაცხადეს რუსეთის აგენტად.

-ამის შემდეგ თუ შეხვედრიხართ ნინო ბურჯანაძეს და თუ გქონიათ ამ საკითხზე საუბარი?

-ნინო ბურჯანაძესთან, პიროვნულად არასოდეს არ მქონია პრობლემა. მან მე ამ სიტყვების გამო ბოდიში მომიხადა და ჩვენ ერთმანეთში არანაირი პრობლემა არ გვქონია.

- იმ განცხადებაში, რომელსაც გამოეხმაურა ანზორ ბიწაძე თქვენ ამბობდით, რომ ნინო ბურჯანაძეს ბრალი ედება მკვლელობაში, რა იგულისხმეთ?

-არ ვიცი, რა დაწერეს, მაგრამ მე არასოდეს მკვლელობა არ დამიბარალებია ნინო ბურჯანაძისთვის. მე მუდამ ვამბობდი, ის იდგა მკვლელების გვერდით და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ის ვანო მერაბიშვილის და სხვების გვერდით დადგა, როდესაც ქუჩაში ხალხის ხოცვა დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ნინო ბურჯანაძე ამართლებდა სააკაშვილის პოლიტიკას, თუ ეს იგულისხმება, ეს ნამდვილად ვთქვი და ბურჯანაძემ უშუალოდ მოკლა ვინმე და მკვლელია-მეთქი, ეს არასოდეს არ მითქვამს. სიმართლე გითხრათ, გული მწყდება, როდესაც ნინოს შვილს, რომელსაც არ ვიცნობ, პირად შეურაცხყოფაში გადაყავს ეს ყველაფერი, რადგან მე პერსონალურად ნინო ბურჯანაძესთან არანაირი პრობლემა არა მაქვს და მომავალშიც ვაპირებ მასთან ურთიერთობას. უბრალოდ, მე მას მხარს არ ვუჭერ, რადგან ის ზედმეტად პრო-რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)