პუტინი: "ასადის წინააღმდეგ პროვოკაციის უკან აშშ დგას" - კვირის პალიტრა

პუტინი: "ასადის წინააღმდეგ პროვოკაციის უკან აშშ დგას"

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას მოუწოდა გაეხსენებინა საკუთარი სპეცოპერაციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, "რომლებმაც ვერ გადაწყვიტეს პრობლემები". ამასთან ერთად, პუტინმა ბარაკ ობამას მიმართა, როგორც ნობელის პრემიის ნაურეატს მშვიდობის დარგში და სთხოვა, დაფიქრებულიყო "მომავალში შესაძლო მსხვერპლზე". პუტინის თქმით, იერიშს სირიაზე დიდი მსხვერპლი მოყვება მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან.

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ საუბარი, პროვოკაციაა ბაშარ ასადის წინააღმდეგ, რათა მოხდეს სხვა ქვეყნების ჩართვა ამ კონფლიქტში, ხოლო ამ "ოინის" მთავარ შემოქმედად პუტინს ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნია.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე თვლის, რომ ასადის არმიის დადანაშაულება აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებაში ლოგიკას მოკლებულია, იმის გათვალისწინებით, რომ მათ თითქმის მოიპოვეს გამარჯვება ამბოხებულებზე. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, "კოზირი სამთავრობო რეჟიმის ხელშია და ასეთ სიტუაციაში ქიმიური იარაღის გამოყენება, დიდი სისულელეა". ეს ორმაგად არახელსაყრელია მთავრობისთვის, განსაკუთრებით "გაეროს დამკვირვებელთა ჩამოსვლის დღეს".