ნანუკა ჟორჟოლიანი - "პოლიტიკოსებს რცხვენიათ ვიზაჟისტ ცოლებზე საუბარი" - კვირის პალიტრა

ნანუკა ჟორჟოლიანი - "პოლიტიკოსებს რცხვენიათ ვიზაჟისტ ცოლებზე საუბარი"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- მეც მიყვარს შარვალზე კაბა, კაბაზე - ბლუზა, ბლუზაზე - წინსაფარი, წინსაფარზე - მძივი და ა.შ. მაგრამ ვცდილობ ყოველთვის თანამედროვედ ჩავიცვა. კულტურის მინისტრის მოადგილის ჩაცმულობამ კი, თანაც ოფიციალურ მიღებაზე, მართლაც გამაოგნა - ეცვა შლაკსის შარვალი, ზემოდან კაბა და კაბაზე პიჯაკი. მე ის არ გამიკრიტიკებია, უბრალოდ ვთქვი, იმედია, ამის შემდეგ ჩემი ჩაცმულობა არავის გაუკვირდება-მეთქი. ან რაღა უნდა გაუკვირდეთ, ეს იყო გაკვირვების პიკი...

***

- ცოტა ხნის წინ ასევე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოზარ სუბარზე და პრეზიდენტობის კანდი-დატ გიორგი მარგველაშვილზე გაკეთებულ თქვენს განცხადებებს...

- საზოგადოების ნაწილი ყველა უწყინარ პოსტს განიხილავს. ერთ საღამოს ჩემს სახლში მეგობრები შევიკრიბეთ და ერთ-ერთ თემად გიორგი მარგველაშვილის განცხადებაც განვიხილეთ - ოჯახს პოლიტიკური ქულების დასაწერად ვერ შევქმნიო. ამ ბოლო დროს ფარისევლობა ძალიან გახშირდა და მარგველაშვილის გულწრფელობა დასაფასებელია-მეთქი, აღვნიშნე. მეორე დღეს კი წავიკითხე პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი ინტერვიუ, სადაც ის თა-ვის მეგობარ ქალზე, მაკა ჩიჩუაზე ამბობს, რომ მაკა მხატვარია, უკრავს და არაფერს ამბობს იმაზე, რომ ის ვიზაჟისტია. მაკა ჩიჩუა ათი წელია ვიზაჟისტია, ტელევიზიაში მუშაობდა და ყველა თანამშრომელს ძალიან უყვარს. უბრალოდ ვთქვი, მარგველაშვილმა მაკას ამ საქმიანობაზე რომ არ ისაუბრა, ეს კომპლექსი ხომ არ არის-მეთქი? შეიძლება, მარგველაშვილს "პიარშიკებმა" ურჩიეს, რომ ამ თემაზე არ ესაუბრა. ყოფილი მაღალჩინოსნების ვიზაჟისტ ცოლებზე დიდი ამბავი იყო თბილისში ატეხილი, პოლიტიკოსებს ალბათ რცხვენიათ ამ თემაზე ლაპარაკი და ჩემი ეს განცხადება დაცინვად აღიქვეს. რაც შეეხება სოზარ სუბარს, ის დიდი ხანი არსად ჩანდა. ამასობაში ატყდა მითქმა-მოთქმა, რომ მოხდა ე.წ "ციხის გაშავება". ვიცი, რა სიმწარეც არის პატიმრობა და ღმერთმა ყველას აშოროს. ბევრი წერილი მოდის პატიმრებისგან, ზოგი დახმარებას ითხოვს... ამის ფონზე დავწერე ის პოსტი "სოზარ სუბარმა თუ იცის, ქურდებმა რომ გადააყენეს-მეთქი".

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.