"ედუჩის განვითარების ფონდი" - კვირის პალიტრა

"ედუჩის განვითარების ფონდი"

დღეს 1 სექტემბერია. წლების განმავლობაში სწორედ ამ დღეს იწყებოდა სკოლებში სასწავლო წელი. სწავლა-განათლებაზე გამახსენდა - რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ვაჟიშვილს, ედუარდს, სანდრას მშობლებმა ანგარიში გაუხსნეს და სწავლის ფული ასე შეაგროვაო.

არ დავმალავ და ძალიან ნაწყენი ვარ საქართველოს პრეზიდენტზე. თურმე მისი ვაჟის, ედუარდის სწავლის ფული, ჩვენს მძახლებს, სანდრას მშობლებს გადაუხდიათ. კარგით რა, ბატონო პრეზიდენტო, რატომ გვარცხვენთ? ამდენი წელი გინახავდით და ახლა ვეღარ შეგინახავთ? არ უნდა გეთქვათ ჩვენთვის, თუ ფული არ გქონდათ? თქვენს ერთ დაძახებაზე ქუდზე კაცი გამოვიდოდა და როგორც იტყვიან, "ერთი ძღინკიანი ბაღანეს" სწავლის ფულს ვერ შევაგროვებდით? მესმის, ბებია-ბაბუაა და კი ეკუთვნით პაწა ორი კაპიკის დახარჯვა, მაგრამ მაინც შემრცხვა. ისე, მაინტერესებს, ქალბატონმა გიულიმ ვერ შეძლო გადახდა? თუ ნიკოლოზის სწავლისთვის აგროვებს ფულს?

ჩვენი ქვეყნის პირველი შვილი ისეთ ასაკშია და ისეთი მამიკოს შვილია, უკვე კი უნდა მაიმუნობდეს ცოტას და გოგოებისკენაც კი მოუნდება გახედვა, ამიტომ, ძვირფასო პრეზიდენტო, ახლა მაინც ნუ დაგვიმალავთ, საქართველოა მაინც, და გვითხარით, "ბაღანას დასაკაცებელი" ფულიც ხომ არ გიჭირთ? სირცხვილია, ბიჭი ბებიას ხო არ გამოართმევს მაგის ფულსაც (როგორც ჩანს, მამას არ აქვს, თორმე როგორც ბოროტი ენები ტარტალებენ, მაგ საქმეში ფულის დაზოგვა არ ყვარებია. იმასაც პუტუნობენ ზემოთხსენებული ბოროტები, რომ სწორედ ამის გამო აღარ დარჩა მიშიკოს ბიჭის სწავლის ფულიო.). ჩემო ედუარდ, ძალიან სანდო წყაროსგან ვიცი, გვანცა ბაგრატიონს უთქვამს შენზე, კარგი ბიჭიაო და კი გმართებს დაფიქრება. აგე, შენს მამიკოს, მუდამ ქონდა პრეტენზია მეფურ წარმომავლობაზე და აგე ბატონო, დაგეხატა სამეფო წარმომავლობის ასულიც (ისე დაუმშვენდა მაგას ცხვირპირი). თან მაგას ბერა "ნაწონებნარა ნამეტნავად".... ვალტერ სკოტს შეშურდებოდა, ისეთი სცენარია, მოკლედ.

გარდა ქალებისა, ბიჭს აუცილებლად ექნება კინოში, თეატრში, ცირკში წასვლის სურვილიც და ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ადარდებს, დროზე უნდა მივხედოთ ამ საქმეს, თორემ ესეც ევროკავშირის დასაფინანსებელი გაგვიხდება. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაავარსოთ " ედუჩის განვითარების ფონდი", სადაც ჩვენ ყველა შევიტანთ დანაზოგს. ბუნებრივია, მსურველი ძალიან ბევრი იქნება და რიგების თავიდან ასაცილებლად ჩასარიცხი აპარატებით იქნება შესაძლებელი თანხის შეტანა - შეხვალთ მენიუში, შემდეგ ქველმოქმედება: აქ იქნება გაჭირვებულ ბავშვთა ფონდი, ამა თუ იმ ეკლესია-მონასტრის დახმარების ფონდი და იქვე, ედუჩის განვითარების ფონდიც.

ეჰ, რა დრო იყო, როცა ედუჩის სწავლის ფულს სახელმწიფო იხდიდა და ჩვენც, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, მშვიდად გვეძინა, ვიცოდით რა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 14 000 ლარს იხდიდა ედუარდის სწავლაში. განა ამისთვის ავირჩიეთ ახალი მთავრობა, რომ ეს დიდებული წამოწყება წყალში ჩაეყარა? რომ არა სანდრას მშობლები, ვინ გადაუხდიდა ფულს სწავლას მოწყურებულ ყმაწვილს? ხომ დაგვირჩებოდა გარეთ, უსწავლელი? ნტ ნტ ნტ.

ისე, მე რამდენადაც ვიცი, სანდრა რულოვსის მშობლები უბრალო მეთევზეები არიან და თევზაობით 50000 დოლარის შოვნა ვითომ შესაძლებელია (ისლანდიელები ეგენი არ არიან და ოქროს თევზის ვერსიაც გამორიცხულია, რადგან ეგ უკვე დაიჭირა ვინმე ტელმან ისმაილოვმა და მონიკა ბელუჩი სთხოვა)?

პ.ს. 1 სექტემბერს თელავში სტალინის ძეგლი დადგეს, რომელიც შემოწირულობით აშენდა. მაშინ როცა პრეზიდენტის ვაჟს ბებია-ბაბუა უხდის სწავლის ფულს, სტალინის დროა?!