”წავალ-მეთქი!” - კვირის პალიტრა

”წავალ-მეთქი!”

მორჩა ჩემი შვებულება... ვერ არის კარგი ამბავი, მაგრამ რას ვიზამ - ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, თანაც, კარგი ამბები, სამწუხაროდ, უფრო მალე სრულდება ხოლმე...

ასე რომ, ახლა ისევ უნდა ჩავერთო ამ ქვეყნის პრობლემებში - მე შენ გეტყვი და - ცოტაა.

მაშ ასე: გასული კვირის მთავარ ახალ ამბად ყველა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ ბიძინა ივანიშვილის მორიგი(!) განცხადება გამოაქვეყნა (შეგახსენებთ, რომ ”პროვოკატორის კვირა” ოთხშაბათს იწყება და სამშაბათს მთავრდება, ანუ ”ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ”).

ჩვენი კოლეგების ნამდვილად გამკვირვებია: კი მაგრამ, მაგ კაცმა მოსვლისთანავე, უფრო სწორად - მოსვლამდე, წინასაარჩევნო კამპანიისას, ხომ თქვა, ერთ წელიწადში ”პალაჟენიას დაგიყენებთ” და წავალო? მას შემდეგ, პერმანენტულად ყოველ თვეში ხომ გვახსენებდა ამ ამბავს?

თუმცა, გასაგებია: ადამიანს, იმის მიუხედავად, რომ იცის ”კატასტროფის” მოახლოების შესახებ, მაინც უჭირს ხოლმე დაჯერება...

ისე, მართლა იმდენჯერ თქვა ივანიშვილმა ეს, რომ ეს განცხადება შეეძლო ასე დაესათაურებინა: ”ხალხო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, წავალ-მეთქი!”

ხუმრობა ხუმრობად დარჩეს და ხალხს რომ მართლა ქვეყნის დაქცევა და კატასტროფა ჰგონია საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ნეტავ თუ იცის ეს ივანიშვილმა? დღეს საერთოდ საოცრება მოხდა: ”ნაციონალურმა მოძრაობამაც” ოფიციალურად განაცხადა, რომ ივანიშვილის გადადგომა ქვეყანას არ წაადგება, დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ამიტომ მან ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგასო!!!

საინტერესო ფენომენია - ”ნაცმოსაც” კი არ უნდა იმ კაცის წასვლა პოლიტიკური არენიდან, რომელიც ყველაფერზე ”ატვეჩაია” (იმის მიუხედავად, რომ ეს კაცი მათი ჩამოწერა-ჩარეცხვის ”მთავარი ავტორია”).

ეს ყველაფერი, საზოგადოების, ხალხის დამოკიდებულება, ძალიან მარტივად, გასაგებად და ალალად გამოხატა დღეს ჩემთან საუბარში ერთმა ტაქსის მძღოლმა (თანაც აშკარად ბატონი პრემიერის სოფლის ახლომახლოდან იყო წარმოშობით):

- რომ მიდის სად მიდის?! ასე არაა, ძამიკო! რომ ოურია, უმისოთაც არეული ქვეყანა, დაალაგოს და წევიდეს მერე!

ჰოდა, ასეა, ბატონო ბიძინა: ”დაალაგეთ” და მერე წადით! თორემ მოვალთ და დაგიჩოქებთ. გვაქვს ქართველებს ამის გამოცდილება - თქვენ მაშინ არ იქნებოდით საქართველოში, მაგრამ შევარდნაძეს ჰკითხეთ, ემახსოვრება, მისი ერთ-ერთი ”ტბილი მოგონებაა” ეგ. მერე ვეღარ იტყვით უარს დარჩენაზე - ხათრიანი კაცი ხართ, ვიცი.

ჰო, ივანიშვილს წასვლა უნდა და ”არ უშვებენ”, სალომე ზურაბიშვილს კი პირიქით - მოსვლა უნდა და არ უშვებენ (აქ ბრჭყალები შეგნებულად არ დავსვი, რადგან მართლა არ უშვებენ). არადა, ძალიან მინდა, რომ დაარეგისტრირონ - ”ქაჯებს” დაგვითვლის ქვეყანაში.

მთელი ეს ვნებათაღელვა კი, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია (თავს გვაჩვენებს, თორემ სინამდვილეში ჰკიდია კი არა, კვდება ნერვიულობით) სააკაშვილს და ამას წინათ ხომ სამეგრელოს მთებში, ტობავარჩხილის ტბამდე იარა ფეხით 80 კილომეტრი (”ტუდა-აბრატნა”) და ამალაც ენაგადმოგდებული მისდევდა, ახლა მყინვარწვერზე აიჩემა ასვლა და შესაძლოა, როცა ჩვენი ჟურნალის ეს ნომერი გამოვა, უკვე პიკზე იყოს წამოსკუპებული... მიხედვა უნდა მაგ ბიჭს, კაი მიხედვა...

...და მაგის ნაკეთებ საქმეებსაც მიხედვა უნდა - მაგალითად, ზარ-ზეიმით მოყვანილ (ხომ იცით, არ მიყვარს უხეშობა, მაგრამ აქ არ მოვერიდები და ზუსტ სახელს დავარქმევ: მოთრეულ) ე.წ. ინვესტორებს! აი თუნდაც, ”იაშვილის კლინიკის” თურქ ”ინვესტორს”.

მინისტრმა სერგეენკომ კი თქვა, შესაძლოა, ამ და სხვა საავადმყოფოების ნასყიდობის ხელშეკრულებები გაუქმდესო, მაგრამ ეს ჩემის ინვესტორი არ არის მთავარი პრობლემა - მაგის ჩამომთრევი უნდა ჩამოიყვანო ჯერ მყინვარწვერიდან და მაგ ვირიშვილის მიერ ჩამოხსნილი ხატები და ჯვრები საკუთარი ხელით უნდა დააბრუნებინო ადგილზე.

ჰმ, მაინც გავბრაზდი ბოლოს, დავბერდი, ნერვები მაქვს სამკურნალო... მაგრამ ძალიან მინდა იმ ”ინვესტორის” ნახვა და მასთან ”საუბარი”.

P.S. საინფორმაციო საშუალებებისა არ ვიცი და პირადად მე, გასული კვირის მთავარ ამბად ქართველი ძიუდოისტების მსოფლიო ჩემპიონობა, თანაც ფინალში რუსების დამარცხება მიმაჩნია!

რა ვქნა, მაქვს ეს ”ნაკლი” - არ მევასება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და მისი პრეზიდენტი და, ზოგადად, მტრებს ვერ ვიტან და მათი დამარცხება მიხარია!

ამიტომ ამ ”პროვოკაციის” წერას რომ დავასრულებ, ცოტას დავისვენებ, ვივახშმებ, ღამის ”კურიერში” სააკაშვილისა და მისი პარტიის მორიგ ქება-დიდებას ვუყურებ და მერე აეროპორტში წავალ - ძიუდოისტთა ნაკრებს დავხვდები და ტაშს დავუკრავ. ამ სურათმა სულ გამომიკეთა ხასიათი: 2014 წელს რუსეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ემბლემაზე კიმონოში გამოწყობილი პუტინის სილუეტია გამოსახული - საყოველთაოდ არის ცნობილი ამ კაცის სიყვარული ძიუდოსადმი.

ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ქართველებთან წაგებული ფინალის შემდეგ ვოვაჩკა ძააალიან ცუდ ხასიათზე იქნება, შესაბამისად, მე ძააალიან კარგ ხასიათზე ვარ!