"ოსკარზე გამარჯვების თეორიული შანსი მაინც გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ოსკარზე გამარჯვების თეორიული შანსი მაინც გვაქვს"

ქართველი კინოკრიტიკოსებისა და კინემატოგრაფისტების ჯგუფმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვებაზე წარსადგენად სამი ფილმიდან ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის მიერ გადაღებული ფილმი - "გრძელი ნათელი დღეები" შეარჩია. ქართულ ფილმს რამდენიმე ტურის გავლა მოუწევს და ამის შესახებ "გრძელი ნათელი დღეების" რეჟისორებს - ნანა ექვთიმიშვილს და საიმონ გროსს ვესაუბრეთ.

საიმონ გროსი:

- როცა ფილმს იღებ, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, წარმატებას მოგიტანს თუ არა. ამიტომ მართლაც გახარებულები ვართ, რომ ჩვენი ფილმი აარჩიეს, ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ქართულ პრემიერამდე ამის გაგება შესანიშნავი იყო, სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით.

ნანა ექვთიმიშვილი:

- არ ვიცით, რა ტიპის ჟიური იყო, როგორი ფილმები გავიდოდა და რომელი იქნებოდა მათი რჩეული. არ ველოდით, რომ ჩვენს ფილმს აირჩევდნენ.

- რას იტყვით იმ სტანდარტებზე, რასაც კინოაკადემიის წევრები ფილმებს უყენებენ?

- რა სტანდარტების მიხედვით არჩევენ, ძნელი სათქმელია. ჩვენს ფილმს ევროპაში წარმატება ჰქონდა, ამერიკის და ავსტრალიის ტერიტორიაზეც გაიყიდა. ჰონგ-კონგი, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები, ინგლისი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გამარჯვების თეორიული შანსი მაინც გვაქვს. აშკარად გამოჩნდა, რომ სხვადასხვა ეროვნების მაყურებელმა ეს ფილმი მიიღო. ეს იმისთვის რამდენადაა საკმარისი, რომ სხვა მწვერვალებს მივწვდეთ, ნამდვილად არ ვიცი.

- რამ განაპირობა ფილმის წარმატება?

საიმონ გროსი:

- ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ფილმი ნამდვილ მეგობრობაზეა. მოქმედება თბილისში ვითარდება და შეეხება ორ გოგონას. მოთხრობილია ამ ორ გოგოს შორის ემოციური დამოკიდებულებაზე და მათ ურთიერთობაზე ოჯახთან, მეგობრებთან, მასწავლებელთან და საზოგადოებასთან.

- როგორც ვიცით, "ოსკარის" დაჯილდოვებამდე რამდენიმე ტურის გავლა იქნება საჭირო. კონკრეტულად, რა ეტაპები იგულისხმება?

ნანა ექვთიმიშვილი:

- ამჟამად, ჩვენც გარკვევის პროცესში ვართ. როგორც ვიცით, მსოფლიოდან 70 ფილმია გაგზავნილი, აქედან კომისიამ 10 ფილმი უნდა აირჩიოს და 5 ნომინანტი "ოსკარის" ცერემონიალზე დასახელდება. დღესდღეობით, ჩვენი მთავარი საფიქრალი ქართული პრემიერაა, რომელიც თბილისში 19 სექტემბერს შედგება. მთლიანად ამ პრემიერაზე ვართ კონცენტრირებული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მიიღებს მას ქართველი მაყურებელი. საერთოდ, "ოსკარზე" გასაგზავნად ყოველ წელს წარადგენენ ერთ ქართულ ფილმს, ხალხი კი გაურკვევლობაში ვარდება, რადგან ეს მოვლენა ისე შუქდება, თითქოს ფილმი უკვე "ოსკარის" ცერემონიაზეა ნომინირებული, არადა სულ ტყუილად, ოსკარამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)