გიორგი შენგელაია - "ბიძინა როცა მდგომარეობას გამოასწორებს, აი, მერე შეუძლია წავიდეს"
"ბატონი ბიძინა რომ ამბობს, ბოდიში არ მაქვს მოსახდელიო, ეს ფორმა საერთოდ არ მესმის. რა დროს ბოდიშებია, უნდა გააგრძელოს ამ კაცმა მუშაობა ამ მხრივ და გამოასწოროს, რაც გამოსასწორებელია! " - ამბობს ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.
- პრემიერ-მინისტრმა რომ გამოაცხადა წასვლის შესახებ, ეგ ძალიან სახიფათოა. ქვეყნის ეკონომიკა რომ აწყობილი იყოს, იმ დროს კიდევ შეიძლება პრემიერ-მინისტრის გამოცვლა, მაგრამ ახლა ვერ გავიგე ბატონი ბიძინას მოტივები. თუ ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი, მაშინ პატივი უნდა ვცეთ და დავეთანხმოთ მის გადაწყვეტილებას. შეიძლება გადაიღალა, რომ ვერ ასრულებს ხალხის დაპირებებს... მე ძალიან მინდა, რომ დარჩეს, რადგან ვერ ვხედავ ვინმე ძლიერ კანდიდატურას.. მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოშია კრიზისი და არ უნდა შეეშინდეს.
- ახალმა ხელისუფლებამ იცოდა, როგორი ქვეყანაც ხვდებოდათ.
- აჰა, დაპირებები რატომ გასცეს, ხომ? - აქ უკვე პოლიტიკური მომენტია. ივანიშვილი და მისი გუნდი ალბათ დარწმუნებული იყვნენ, რომ მთელი მსოფლიო მათ დაუდგებოდათ გვერდით. მაგრამ, ვინაიდან ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში 40 პროცენტი მიიღო, ამიტომ დასავლეთი იძულებული გახდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის არ დაეჭირა მხარი. მათ გამოგვიცხადეს კოაბიტაცია და გვითხრეს, ითანამშრომლეთო. დასავლეთში ან ჯერ კიდევ არ იციან ნაციონალური მოძრაობა რაც არის, ან განზრახ ხუჭავენ თვალს. ესენი არიან პათოლოგიური ხალხი, ერთი გიჟის მომსახურე პერსონალი. სააკაშვილი რომ გიჟია, ხომ დაამტკიცა კიდევ ერთხელ თავის სულელური გამონათქვამებით!
- კონკრეტულად რა გამონათქვამებს გულისხმობთ?
- აღარ მახსოვს, შენ შემგევლე, მეზარება მაგათი დამახსოვრება. ან ვის რაღაში ჭირდება?!.. ისევ ეკონომიკას დავუბრუნდეთ. ბატონი ბიძინა რომ ამბობს, ბოდიში არ მაქვს მოსახდელიო, ეს ფორმა საერთოდ არ მესმის. რა დროს ბოდიშებია, უნდა გააგრძელოს ამ კაცმა მუშაობა ამ მხრივ და გამოასწოროს, რაც გამოსასწორებელია. ახლა ხომ წაეთრევა სააკაშვილი და ქართულ ოცნებას მერე ბევრად მეტის გაკეთების საშუალება ექნება. ვიმეორებ, რომ როცა გამოასწორებს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, აი მერე, კი ბატონო, შეუძლია წავიდეს.
- თქვენ ადრე კონკრეტული რჩევაც გქონდათ, რაც თქვენი აზრით, ქვეყნის ეკონომიკას წაადგებოდა...
- დიახ. ბიძინა ივანიშვილმაც თქვა, რუსები გვთავაზობენ "ევრაზიულ კავშირში" შესვლას. ამ გაერთიანებაში შესვლით ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცოცხლება მოხდება. პირველად თქვა პრემიერმა, რომ ამ წინადადებას ვსწავლობთო. პუტინმა დიდი ხნის წინ თქვა, საქართველო თუ გადაწყვეტს ამ გაერთიანებაში შემოსვლას, ჩვენ საქართველოს აფხაზეთთან და ოსეთთან ერთად მივიღებთო. ამ სივრცეში შესვლას უამრავი ხალხი ითხოვს, გაიგეთ კაცო!
- ეს ხომ არ ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას?
- დიახ, ნიშნავს! ჩემო კარგო, როცა დასავლეთის პერსპექტივა არ ჩანს, სხვა რა გზა გვაქვს?! დაელოდეთ ახლა ვილნიუსის სამიტს და ნახავთ, რომ საქართველოს არ მიიღებენ არც ნატოში, არც არსად და ვრჩებით ჰაერში. რუსებმა განგებ გააკეთეს, ჩვენი ღვინო რომ გაიტანეს. დაანახეს ჩვენებს რომ რაღაც მოგება იქნება. ამერიკაში და ევროპაში ქართულ ღვინოს არავინ იყიდის! ეკონომიკის გაძლიერებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზარი და დღეს ჩვენ ბაზარი არ გვაქვს. ჩვენი ბაზარი ყოველთვის რუსეთი იყო. ავადმყოფი სააკაშვილი რომ იძახის, არ გვინდა რუსეთის კოლონიაში დაბრუნებაო, მე გავუგზავნი მაგას წიგნებს და წაიკითხოს! რუსეთმა ძალიან დიდი სისხლი დაღვარა ამიერკაკასიაში, რომ გაეერთიანებინა საქართველო და მოეშორებინა ჩვენთვის თურქები და ირანელები. რატომ არ ვიხსენებთ, ამიხსენით?!
- დიახ, მაგრამ რუსეთიდანაც ხომ ბევრი გვახსოვს, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები?
- იმიტომ, რომ რუსეთს ძალიან უხეში ფორმით გადავუდექით წინ. რატომ არ შევიდა რუსეთი აზერბაიჯანში, უკრაინაში და სომხეთში?! იმათაც ჰქონდათ კონფლიქტები, მაგრამ ზომიერად. ჩვენ ვეძახდით ჯალათებს და აქ მუზეუმიც კი გახსნეს, თუ რა საშინელებაა რუსეთი. მე მაშინვე განვაცხადე, ჯერ გაიგეთ რა გააკეთა რუსეთმა ამიერკავკასიაში კარგი და რა ცუდი-მეთქი. ფიზიკურად გადაგვარჩინეს, თორემ დღეს ირანის პროვინცია ვიქნებოდით.
- ისევ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერეციას დავუბრუნდეთ. მან პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ამ კუთხით მთავრობამ შეუძლებელი შეძლო...
- რაღაც ძაღლის თავია მანდ დამარხული. ამერიკა ბოლომდე არ უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილს. ისევ სააკაშვილის ნაძირლების მხარეზეა, რადგან ამერიკის დანიშნულები არიან... არავითარი სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში არ მომხდარა. ან ციხის კადრების გამო ვინ ვნახეთ სამაგალითოდ დასჯილი?! არც ის ვიცი, პრეზიდენტად ვინ მოვა და რას გააკეთებს. ერთადერთი ბურჯანაძე იმუქრება, დამნაშავეებს დავსჯიო, მაგას ბიძინაც იძახდა, მაგრამ ახლა რაღაც ტექნიკური მიზეზებიო, ყოვლად იდიოტური, დღეს რომ სასამართლო ვერ მუშაობს. ქვეყანაში ისევეა სამართლიანობა აღმდგარი, როგორც ეკონომიკა აყვავებული. ხომ დაადასტურა თავად ბიძინამ, ეკონომიკა რომ გაჩერებულია? მანამდე ნოდარ ხადური და კიდევ ვიღაცეები ტყუილად გვამშვიდებდნენ. ასევე მალე აღიარებენ ალბათ, რომ სამართალი ვერ აღვადგინეთო... ეტყობა ეს ყველაფერი აიძულებს ბიძინას, რომ პოსტი დატოვოს. თუმცა თქვა, 90 პროცენტს ჩემი ფინანსებიდან ქვეყანას მოვახმარო. იქნებ მან ამ შემთხვევაში უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას შეძლო.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)