ევრაზიული კავშირი და ნაძირალები
(პატრიოტიზმი ნაძირალას უკანასკნელი თავშესაფარია)
სემუელ ჯონსონი, 1775 წელი
"რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 4 სექტემბრის პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევალება დაიცვას ეროვნული ინტერესები და უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება. არ მეგულება საღად მოაზროვნე ერისკაცი, რომელსაც არ ესმის, რომ ივანიშვილმა თქვა სწორედ ის, რაც ევალება და უნდა ეთქვა შექმნილ ვითარებაში. ამის თვალსაჩინო მტკიცებულება ისიც არის, რომ გავლენის აგენტები მაშინვე აყვირდნენ. (ვისაც არ წაუკითხავს ჩემი წინა წერილი ,,გავლენის აგენტები და ,,სასარგებლო იდიოტები’’, ვთხოვ, რომ გაეცნოს და თვითონ გადაწყვიტოს აყვირებულ ნაძირალებს შორის რომელია დავერბოვებული აგენტი და რომელია ,,სასარგებლო იდიოტი’’. სიტყვა ,,დავერბოვებული’’ გერმანული werben -იდან მოდის, რუსული არ გეგონოთ).
"პრემიერ ივანიშვილისთვის რუსეთის ჯაშუში არასოდეს მიწოდებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს უსაფრთხოებას და შედის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში. ამის უახლესი მაგალითია პრემიერის სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნია მკაფიო პოზიცია ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. ევრაზული კავშირის იდეა არის პუტინის ინსტრუმენტი, მეზობელი ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაჩერებლად, ამ ქვეყნების სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოშლის და რუსეთის სატელიტებად მათი ქცევის მიზნით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის ხელში ეროვნული უშიშროების საბჭო ნამდვილ ,,საშიშროების საბჭოდ’’ გადაიქცა და რომელსაც 2007 წლის გაზაფხულზე, სააკაშვილისა და მერაბიშვილის თანდასწრებით, ივანიშვილი იობის მოთმინებით უხსნიდა, რომ ის, რასაც ბოკერია მაშინ დაჟინებით ითხოვდა, ანუ ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში იმ იმედით, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ, ,,წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო’’ (იხ. ჩემი წინა წერილი და ბ.ივანიშვილის 2011 წლის პოლიტიკური განცხადება). მაშინ ივანიშვილმა გადაარჩინა საქართველო კრემლისთვის ,,სასარგებლო იდიოტების’’ ავანტიურისაგან, დღეს კი ისმენს მათ ,,საყვედურებს’’ და ჭკუის სწავლებას:
"პრემიერ-მინისტრის რანგში ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთება, როგორიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააკეთა, არის საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი; ვგულისხმობ განცხადებას ევრაზიული კავშირის შესახებ. მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა სწავლობს ამ შესაძლებლობას და თუ ქვეყნისთვის კარგი იქნება, რატომაც არა. ესაა კატასტროფული განცხადება პრემიერ-მინისტრის რანგში, რადგან საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობით განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. პუტინის მიერ შექმნილ პროექტში გაწევრიანების თეორიულად დაშვებაც კი არის კატასტროფა და სრულიად გადახვევა საქართველოს მიერ არჩეული გზიდან", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
"როცა ბატონი ბიძინა იქნება თავისუფალი ექსპერტი, მას შეუძლია ევრაზიული კავშირის და პუტინის სხვა პროექტების შესახებ თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ სანამ ის პრემიერ-მინისტრია, მოვუწოდებთ, ბევრად უფრო ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის გამონათქვამებს. მე იმედი მაქვს, რომ პრემიერმა მოიტყუა, საქართველოს მთავრობა არ სწავლობს ამ შესაძლებლობას და ეს იყო რუსეთთან კეკლუცობის მორიგი რაუნდი და არა სერიოზული პოლიტიკური განზრახვა", - დასძინა გაბაშვილმა, რომელზედაც სააკაშვილმა წლების წინათ თქვა პარლამენტში, რომ იმედი აქვს, ,,გოკას გამოსვლების ტექსტი ცალკე წიგნად გამოიცემა’’. გოკა გაბაშვილს სააკაშვილის ავტორიტარულ კლეპტოკრატიაში, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარულ რეჟიმში, ნულოვანი წონა ჰქონდა. ის იმ ლაქიების რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც ხშირად ინფორმაციის დეფიციტსაც განიცდიდა, ვინაიდან რეჟიმის თავკაცები ,,ვერ იცლიდნენ’’ მასთან სალაპარაკოდ. ამიტომ გოკა გაბაშვილი თვითონ უნდა მიმხვდარიყო ხოლმე, რა ესიამობნებოდა უფროსობას. ამას კარგად ახერხებდა, და ბევრი მადლობაც დაიმსახურა. ცხადია მას კარგად ესმის, რომ ივანიშვილმა სწორედ ის თქვა, რაც პრემიერმა უნდა თქვას. ისიც ესმის, რომ სწორედ თავისუფალ ექსპერტს შეუძლია თქვას ის, რასაც ფიქრობს პუტინის ჩეკისტურ რეჟიმზე და ევრაზიული კავშირის ჭეშმარიტად მარაზმატულ იდეაზე (ამას ვამბობ, როგორც თავისუფალი ექსპერტი, საჯარო მოსამსახურე აღარ ვარ), პრემიერს კი ამის უფლება არ აქვს. ისიც კარგად ესმის, რომ თავისი გამოსვლით, განსაკუთრებით იმის თქმით, რომ ,,იმედი მაქვს, რომ პრემიერმა მოიტყუა’’, ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ სადისტური სისტემის სხვა მსახურების მსგავსად მან წლების წინათ დააყენა პირადი ინტერესები ეროვნულ ინტერესებზე მაღლა და ახლაც პირადი ინტერესების და სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების სამსახურშია.
საგულისხმოა, რომ სააკაშვილის კლოუნებს ისიც არ აჩერებს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დიდი წარმატება (ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით) სწორედ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა და ამ მხრივ უკვე მიღწეული გარკეული შედეგები არის.
2010 წელს ,,იმედზე’’ გასული შიზოფრენიული იმიტირებული ქრონიკის შემდეგ ,,სქაი ნიუსმა’’ დაამკვიდრა ტერმინი ,,სააკაშვილის კლოუნების თეატრი’’. ჩემს წერილებში მრავალჯერ მოვიყვანე წამყვანი დასავლეთელი პოლიტოლოგების აზრი, რომ სააკაშვილმა თავის კლოუნებთან ერთად მიაღწია იმას, რომ საქართველოს პროგნოზირებად მომავალში არ მიიღებენ ნატოში და ევროგაერთიანებაში, ანუ გაუკეთა საქართველოს ის ,,რასაც საქართველოს ყველაზე საშინელი მტერი ვერ გაუკეთებდა’’ (უოლტერ რასელ მიდი); რომ კრემლის გამოგზავნილი აგენტიც ვერ გააკეთებდა იმაზე მეტს, რაც სააკაშვილმა შეუსრულა კრემლს (ლინკოლნ მიტჩელი) და ა.შ.
მაინც საიდან მოდის ეს ანტიეროვნული მარაზმი? გავიხსენოთ ცოტა რამ ახლო წარსულიდან.
გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულმა მოძრაობამ პირველი საჯარო აქციები გამართა. სულ მალე ეროვნულ მოძრაობაში რადიკალიზმმა იმძლავრა. მომდევნო წლებში მოვლენები სწორედ რადიკალიზმის ესკალაციის ნიშნით ვითარდებოდა და ფაქტობრივად მოძრაობის ლიდერებს შორის რადიკალიზმში შეჯიბრად გადაიქცა. ყველაზე დიდ პატრიოტად და კარგ ქართველად იმას მოჰქონდა თავი, ვინც სხვაზე უფრო მწვავედ, უფრო ისტერიკულად და ფიზიკურადაც უფრო ხმამაღლა, ლანძღავდა კომუნისტებს, სუკს, რუსეთის კომუნისტურ იმპერიას, უფრო ემოციურად მოითხოვდა, რომ ,,პირსისხლიანი ოკუპანტები გათრეულიყვნენ საქართველოდან’’ და ა.შ. ზოგიერთი იმასაც აცხადებდა, რომ აშშ და ნატო ,,ჩვენთან არიან’’ და არ დააყოვნებენ ჩვენთვის დახმარების გაწევას და ,,შემოსვლას’’, როგორც კი საქართველოს განთავისუფლების მომენტი დადგება. იმავე წლებში დამკვიდრდა წესად სუკის აგენტის იარლიყის მიკერება ყველასათვის, ვისაც შედარებით ზომიერი აზრი წამოსცდებოდა (გაიხსენეთ ტელევიზიით არაერთხელ გადმოცემული კადრები: როგორ გადმოდის ავტობუსიდან პარლამენტის წევრი ელდარ შენგელაია, როგორ თავაწეულად და წარბშეუხრელად გადის ,,სირცხვილის დერეფანს’’, საიდანაც ბრბოდ ქცეული ადამიანები უყვირიან, რომ ის არის მოღალატე, სუკის აგენტი და ა.შ.).
სწორად რადიკალიზმის ერთიან ტალღაზე მივედით 1989 წლის 9 აპრილამდე. იმ ღამით ერის სულიერმა წინამძღოლმა მოუწოდა მომიტინგეებს გადასულიყვნენ ქაშუეთის ეკლესიაში და იქ ელოცათ, რათა ერს თავიდან აეცდინა მოვლენების ტრაგიკული განვითარება. მიტინგის ლიდერებმა ეს არ დაუშვეს. არ დაუშვეს იმიტომ, რომ ამ დროისათვის პირადი პოლიტიკური ამბიციები და ბელადობისათვის ბრძოლა მათ მაღლა დააყენეს ეროვნულ ინტერესებზე. გამხეცებული რუსი ჯარისკაცების რისხვას პოლიტიკისაგან შორს მდგომი ადამიანები, ქალები და ქალიშვილები შეეწირნენ. ეროვნული მოძრაობის ლიდერების ურთიერთდაპირისპირება კი სულ მალე გამოაშკარავდა, სწორედ ამან გამოიწვია სამოქალაქო დაპირისპირება, თბილისის ომი, კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შემდგომი ტრაგიკული მოვლენები საქართველოში.
თავის წიგნში ,,ჟამი ჭეშმარიტი” (დამარცხებული მოძრაობის ქრონიკა) გიორგი წიქარიშვილი დეტალურად აღწერს 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გამართულ საქართველოს სახალხო ფრონტის სრულიად მარაზმატულ ყრილობას, რომელიც ,, . . .რასაკვირველია, აყალ–მაყალში, გნიასში, დედის გინებასა და გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა.’’ ავტორი აღნიშნავს: ,,მთელს ამ მარაზმს ზიზღნარევი, დამცინავი ღიმილით აკვირდებოდნენ ბალტიისპირელი სტუმრები, რომლებიც ჩუმად სტოვებდნენ კიდეც ყრილობას. საქართველოს ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი მათგამანი გულწრფელად იტყვის: ეჭვი მეპარება, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობას, ვინც ყრილობაზეა წარმოდგენილი, შესწევს ინტელექტუალური უნარი პოლიტიკური მოღვაწეობისა. …
ამ დროს გაზეთ ,,იზვესტია’’-სათვის მიცემულ ინტერვიუში ლიტვის ,,სახალხო ფრონტის’’ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს: ,,ხშირად გვსაყვედურობენ, თითქოს ,,სოიუდისი,, (ლიტვის სახალხო ფრონტი) ნაციონალისტური ორგანიზაციაა. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. უბრალოდ გვინდა ლენინური პრინციპების გატარება რესპუბლიკათშორის ურთიერთობებში და ამ გზით ჩვენი კავშირის (საბჭოთა კავშირის! – გ.წ.) განმტკიცება, მისი დემოკრატიზაცია – ლენინური მოძღვრების ფუძემდებლური დებულებები უეჭველად მოითხოვენ რესპუბლიკათა სუვერენიტეტის გაზრდას და მისი რეალური შინაარსით შევსებას’’.
ერთი სიტყვით ,,თავისმომჭრელი’’ სტატია იყო.
ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოს სახალხო ფრონტის რომელიმე ლიდერს მსგავსი რომ ეთქვა, რა ამბავი ატყდებოდა? ამის წარმოდგენაც კი მზარავს!
იმ ინტერვიუს რესპონდენტი კი შემდგომში ლიტვის სეიმის დეპუტატი გახდა და ნატოში გაწევრებისათვის აუცილებელი იურიდიული ბაზის მოსამზადებელი ჯგუფის კოორდინატორად დაინიშნა’’, (ციტატის ბოლო).
დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები არიან. ამ ქვეყნების პრემიერებს საერთოდ არ სჭირდებათ ევრაზიული კავშირის რაიმე კომენტირება. საღად მოაზროვნე ადამიანისათვის კი ცხადი უნდა იყოს ის პირდაპირი კავშირი, რომელიც არსებობს ერთი მხრივ ,,სოიუდისის’’ ,,სურვილისა” ,,გაეტარებინა ლენინური პრინციპები’’ და ,,განემტკიცებინა’’ საბჭოთა კავშირი და, მეორე მხრივ, ლიტვის და მთლიანად ბალტიისპირეთის ქვეყნების სწრაფ და წარმატებულ ევროინტეგრაციას შორის, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით. ვფიქრობ ჩვენი რადიკალიზმისა და თბილისიდან 30 კილომეტრში მდგარ რუსულ ტანკებს შორის კავშირიც ცხადი უნდა იყოს ყველა საღად მოაზროვნე ერისკაცისათვის. ისიც ცხადია, რომ საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს თავშიაც არ მოუვიდოდა მსგავსი რამ ეთქვა, და მართლაც შემზარავია იმის წარმოდგენაც კი, თუ რა ატყდებოდა, ვინმეს მაინც რომ გამოეხატა ,,ლენინური პრინციპების’’ დაცვის სურვილი ქვეყანაში, სადაც რევაზ თაბუკაშვილის ფრაზას: ,,პატრიოტიზმი არ არის პროფესია! დღეს სწორად პროფესიონალიზმია ნამდვილი პატრიოტობა’’, ,,არრის მქონე და არრის მცოდნე’’ დარბაზი სტვენითა და ფეხების ბრაგუნით შეხვდა. (აქვე გთხოვთ შეადაროთ ივანიშვილის მაქსიმალურად ნეიტრალური ფრაზა ევრაზიულ კავშირზე ,,ლენინური პრინციპების აღდგენის’’ სურვილის გამოხატვას და გადაიკითხოთ ,,სასარგებლო იდიოტების’’ რეაქცია). მაინც რამ განაპირობა ასეთი სხვაობა ჩვენსა და ბალტიისპირეთს შორის? ჩვენ შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ ბალტიელი ლიდერების კულტურასა, შეგნებაზე და ინტელექუალურ უნარზე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ობიქტური ისტორიული მიზეზების გამო ბალტიისპირეთის ხალხები დარჩნენ პოლიტიკურ ერებად; მათ ელიტებში, საზოგადოებასა და მთლიანად მოსახლეობაში არსებობდა პოლიტიკური კონსენსუსი. იქაურმა ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ თუ რომელიმე მათგანი გადაუხვევდა არჩეულ და, ცხადია, ერთმანეთში შეთანხმებულ კურსს და უფრო რადიკალურ მოწოდებებზე გადავიდოდა, საზოგადოება და მთლიანად ხალხი ამას არ მოიწონებდა, ამას პროვოკაციად და ეროვნული საქმის ღალატადაც კი ჩაუთვლიდა და მეტი პოპულარობის მოხვეჭის ნაცვლად ის გაირიყებოდა აქტიური პოლიტიკური პროცესიდან. ეს გარემოება რომ არა, იქაც მოიძებნებოდნენ რადიკალები და ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას უფრო და უფრო რადიკალური ლოზუნგების დამანგრეველი შეჯიბრი შეცვლიდა.
უფრო ამაზრზენია მეორე მიზეზი ჩვენი ეროვნული კატასტროფისა.
,,რა გააწყალე გული იგორ, თქვი რა ბოლოსდაბოლოს კაცურად, ვინ არიან შენი ხალხი ამ პარლამენტში’’, ასე, ნახევარხუმრობით, მოსთხოვა ,,ლუსტრაციის’’ ჩატარება უშიშროების მაშინდელ მინისტრს იგორ გიორგაძეს პარლამენტის მაშინდელმა ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა 1995 წელს, ჩემი და კიდევ ერთი ადამიანის თანდასწრებით. (ვახტანგი მაპატიებს მისი სიტყვების შერბილებას). გიორგაძემ გაიცინა, თქვა, რომ ამას არასოდეს იტყოდა, მაგრამ დასძინა, რომ მისი თქმის გარეშეც ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ისინი, ვინც ყველაზე რადიკალურ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ, ყველა ,,მისი’’ იყო. ამ სიტყვებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1995 წლის 29 აგვისტოს, გიორგაძემ თავის ჯგუფთან ერთად ააფეთქა შევარდნაძის მანქანა, სადაც სახელმწიფოს მეთაურთან ერთად ვახტანგ რჩეულიშვილი და მე ვისხედით. შემდგომ წლებში, როგორც პრეზიდენტის აპარატის უფროსს და უშიშროების საბჭოს სხდომების მუდმივ მონაწილეს, მე საშუალება მომეცა დეტალურად გავცნობოდი ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობის შემზარავ არსს.
,,. . . ქართველებმა თავიანთი ნაციონალიზმის მხოლოდ ხმამაღალი დეკლარირების უნარი გამოავლინეს. ქართველები არ მოქცეულან როგორც ერი. ურთიერთკომპრომისებზე წასვლისა და გაერთიანებული ძალებით რუსეთის დაწოლაზე წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, რეგიონალური და ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერები ყოველთვის მზად იყვნენ მიყიდულიყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებს, რათა თავიანთ ქართველ ოპონენტებთან ანგარიშსწორების შანსი მისცემოდათ. რუსეთის დაახლოებით ორსაუკუნოვანი ბატონობის შემდგომ, საქართველომ, როგორც ჩანს, დაკარგა დამოუკიდებლად არსებობის უნარი’’, წერდნენ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ცნობილი ამერიკელი მეცნიერები უ.ოდომი და რ.დუჯარიჩი. ცხადია სიტყვა ,,ნაციონალიზმი’’ აქ გამოიყენება არა ეთნიკური, არამედ ,,სახელმწიფო ნაციონალიზმის’’ მნიშვნელობით, რაც ნიშნავს, რომ მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა პოლიტიკურ ერს წარმოადგენს, გაცნობიერებული აქვს სახელმწიფო ინტერესები და მათი დაცვის გზები.
სამვარსკლავიანი გენერალი უილიამ ოდომი არა მარტო გამოჩენილი მეცნიერი - სოვეტოლოგი იყო, არამედ აშშ-ს დაზვერვის ცოცხალი ლეგენდაც. (გასული საუკუნის 70-იან წლებში სწორედ მან, პუტინის მასწავლებლების განუწყვეტელი და ინტენსიური თვალთვალის მიუხედავად, შეძლო სსსრკ-დან სოლჟენიცინის არქივის გატანა. რეიგანის დროს ოდომი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი გახლდათ). უილიამ ოდომს ბოლოს 2001 წელს აშშ-ში ჩემი ყოფნისას ვესაუბრე. საოცრად კარგად ინფორმირებული გენერალი მაშინაც სკეპტიკურად უყურებდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მომავალს. მას მიაჩნდა, რომ პოლიტიკური ერის ჩამოყალიბება მხოლოდ ჩანასახის სტადიაში იყო, ხოლო საქართველოს პოლიტიკური ელიტა გაჯერებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურით. სწორედ ეს იყო მისი სკეპტიციზმის მიზეზი და არა ის, რომ რუსეთის მთავრობას დიდი ძალა ჰქონდა ან რაიმე განსაკუთრებული გეგმები საქართველოს მიმართ. ,,საოცარი ვითარებაა - საქართველო ინარჩუნებს სუვერენიტეტს ძირითადად ერთი კაცის, ედუარდ შევარდნაძის წყალობით. ქვეყანა პატარაა, პიროვნება კი დიდი, ამიტომ ხერხდება ეს ჯერ-ჯერობით. კარგი იქნება შევარდნაძემ იქამდე გაძლოს, სანამ პოლიტიკურ ერად ჩამოყალიბების პროცესი საგრძნობ შედეგებს მოიტანს’’, მითხრა ოდომმა (უილიამ ოდომი 2008 წელს გარდაიცვალა. მაგრამ საუბარს ერთი კაცი ესწრებოდა და ის დღესაც ცოცხალია).
წერილის დასასრულს მოკლედ გავაანალიზებ ,,ევრაზიული კავშირის’’ არსს. ვიტყვი იმას, რაც შეიძლება თქვას თავისუფალმა ექსპერტმა და რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, არც რომელიმე საჯარო მოსამსახურემ ან პოლიტიკოსმა, თუკი არ უნდა ეროვნილი ინტერესებისათვის ზიანის მიყენება.
პუტინის ჩეკისტური რეჟიმი წარმატებით გაუმკლავდა ყველა ჯურის ოპოზიციას; სუვერენული დემოკრატიის აბრით პუტინმა აბსოლუტურ თვითმპყრობელობას მიაღწია, მაგრამ ამის პარალელურად რუსეთში შეიქმნა კატასტროფული დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური ვითარება; ასევე კატასტროფულია კორუფციისა და კრიმინალის დონე (მხედველობაში მაქვს არა მოსკოვში, არამედ სრულიად რუსეთში შექმნილი ვითარება. შემდეგ წერილში მოვიყვან კონკრეტულ ფაქტებს, ახლა კი დეკლარირებით შემოვიფარგლები). რუსი და დასავლეთელი ექსპერტების აზრით, პუტინის რეჟიმი ყველაზე კორუმპირებული რეჟიმია რუსეთის ისტორიაში(!). რუსეთის გადარჩენისათვის ძირეული რეფორმებისა და ყოვლისმომცველი მოდერნიზაციის განხორციელებაა საჭირო, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი დაასუსტებს ჩეკისტურ რეჟიმს და დააყენებს პუტინისა და მისი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხს. შეიქმნა ჩიხური ვითარება, რომელიც შეიძლება მხოლოდ კრიზისით და კოლაფსით დასრულდეს. არადა რუსეთი ინარჩუნებს თერმობირთვული იარაღისა და კონტინენტშორისი რაკეტების სრულ არსენალს. რუსეთის მთავრობას 30 წუთის განმავლობაში შეუძლია მოსპოს ყოველგვარი სიცოცხლე დედამიწის ზურგზე აშშ-ს, სირიის და საკუთარი მოსახლეობის ჩათვლით. ეს დიდად აწუხებს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს პასუხისმგებელ მთავრობას და განაპირობებს მათ უაღრესად ფრთხილ დამოკიდებულებას რუსეთის მთავრობისადმი. შესაბამისად დასავლეთი პროვოკატორად და მარგინალად აღიქვამს ყველა მთავრობას, ვინც თუნდაც განცხადებების დონეზე კონფრონტაციაში შედის რუსეთთან. ამ ვითარებაში ჩეკისტურ რეჟიმს ერთადერთი პიარი დარჩა - არწმუნებენ საკუთარ მოსახლეობას, რომ წამოაყენეს სსრკს დაშლის შემდეგ დაჩოქებული და დამცირებული რუსეთი ფეხზე და ისევ ებრძვიან აშშ-ს, ნატოს და მთელ დასავლეთს (ამასობაში რუსი ხალხისაგან მოპარული ასობით მილიარდი დოლარი დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ს ბანკებში აქვთ გატანილი). პუტინზე და მის ჩეკისტურ გარემოცვაზე ბევრს ხუმრობდნენ, რომ მათ უნდათ ,,იცხოვრონ აბრამოვიჩივით და მართონ სტალინივით’’, ეს კი ,,შეუძლებელი მისიაა’’ და ასეთ მცდელობას უსათუოდ კრახი მოჰყვება. დღეს ექსპერტებიდან არავის ეპარება ეჭვი, რომ პუტინის რეჟიმი სრული ლპობის სტადიაშია შესული. მაგრამ რუსეთის მასშტაბებისა, ბუნებრივი სიმდიდრის და ხალხის მენტალიტეტის გამო ვერავინ ამბობს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი და რა ფორმით დასრულდება. ყველას ესმის, რომ რუსეთის მთავრობას არ შესწევს ძალა შექმნას ევრაზიული კავშირი. (გაცილებით უფრო სერიოზულად ეკიდებიან თურქეთის მთავრობის ღია განცხადებებს იმაზე, რომ თურქეთი აპირებს თავისი ყოფილი გავლენის აღდგენას შესაბამის რეგიონებში. გაიხსენეთ თუნდაც თურქეთის საგარეო მინისტრის დავითოღლუს ჩვენში დიდად გახმაურებული განცხადება). ევრაზიულ კავშირზე პუტინმა უკრაინაც ვერ დაითანხმა, ხოლო ყაზახეთმა ამის პასუხად უკვე გამოაცხადა, რომ თვითონ შექმნის შესაბამის კავშირს ცენტრალურ აზიაში. პუტინს რაიმე რესურსი რომ ჰქონოდა, დსთ-ს ფარგლებში გააკეთებდა ამას და ახალი კავშირის გამოგონებაც არ დასჭირდებოდა. არადა დსთ-ში რუსეთის, როგორც ფლაგმანი სახელმწიფოს წარუმატებლობამ იმდენად გაამწარა პუტინი, რომ წლების წინათ გულმოსულმა თვითმყრობელმა საჯაროდ განაცხადა, რომ დსთ დასაშლელია, ვინაიდან შექმნილი იყო მხოლოდ სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკების ცივილიზებული გაყრისათვის და ეს ფუნქცია უკვე აღარსულა. ასე რომ ევრაზიული კავშირის იდეა მხოლოდ პიარია და სხვა არაფერი. (სწორედ ამიტომ არ ჩამოვთვლი აქ ეკონომიკურ, საბაჟო და სხვა პირობებს, რომელიც ამ საპნის ბუშტშია ჩადებული და რომელსაც ყველას შეუძლია გაეცნოს ინტერნეტით). სამაგიეროდ ამ კავშირზე ლაპარაკი, დასავლეთის ზოგიერთ წარმომადგენლის შესაბამის განცხადებებზე პასუხი და ა.შ., ქმნის პიარ-ბოლს, რომ ევროკავშირში არსებული პრობლემების ფონზე, რუსეთი, როგორც ,,ბირთვი’’ სახელმწიფო, ახალი მძლავრი კავშირის შექმნას იწყებს, რომ დასავლეთს ამის ეშინია და ეწინააღმდეგება და ა.შ.
რუსეთთან ურთიერთობა დიდ პრობლემად რჩება ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის, მაგრამ მითი ,,ევრაზიული კავშირზე’’ ნამდვილად არ გვემუქრება. თუმცა ამ ილუზორულ თემაზე უპასუხისმგებლო ლაყბობას კვლავაც შეუძლია გარკვეული ზიანის მიყენება ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის. დარწმუნებული ვარ კრემლის გავლენის აგენტები და ,,სასარგებლო იდიოტები’’ მთლიანად გამოიყენებენ ამ რესურსსაც.
5 სექტემბერს ივანიშვილმა პასუხი გასცა ნაძირალებს. გთავაზობთ ფრაგმენტს:
,,როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვისთვისაც გუშინდელ ჩემს სიტყვებს განმარტება სჭირდება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ – თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?!
საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ მოვაწესრიგოთ ეს ურთიერთობები ყველასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც.
რაც შეეხება ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენელს აწყობს ამით მანიპულირება. მუდმივად მტრის ხატის შექმნა მხოლოდ მათ სასიცოცხლო ინტერესებშია, რათა დამალონ ის ბრალეულობა, რომელიც მიუძღვით ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ უკვე ათასჯერ გაცხადებულ ქვეყნის ძირითად სტრატეგიას – ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას საქართველოსთვის ალტერნატივა არა აქვს – ეს ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედია".
არ ვკარგავ იმედს, რომ ნაძირალები ვერ დამალავენ თავის ბრალეულობას, რომელიც მიუძღვით ქვეყნისა და ხალხის წინაშე და კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს თავისი დანაშაულებისათვის.
პეტრე მამრაძე, 5 სექტემბერი, 2013