მხსნელი ლორია და ღირსეული ფრე საფრანგეთთან - 0:0 - კვირის პალიტრა

მხსნელი ლორია და ღირსეული ფრე საფრანგეთთან - 0:0

მუნდიალის შესარჩევ მატჩში თემურ ქეცბაიას ნაკრებმა დღეს საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. შედარებით უინტერესო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ყველაზე ახლოს გოლთან ქარიმ ბენზემა იყო, მაგრამ მისი დარტყმული გიორგი ლორიამ მოიგერია და შემდეგ მცველმა კუთხურზე გადააგდო. მეტოქე ბურთს უკეთ ფლობდა, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.

მეორე ტაიმშიც იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები, თუმცა შანსი საქართველოს ნაკრებსაც შეექმნა, 49-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის ხელმეორე დარტყმის შემდეგ საფრანგეთი ძელმა იხსნა.

მატჩის ბოლოსკენ სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა და მშველელად გიორგი ლორია მოგვევლინა, რომელმაც ჯერ ოლივიე ჟირუს თავური მოიგერია, შემდეგ - ბაქარი სანიას თავური გასროლა.

ფრანგებმა მიზანს ვერც დამატებულ ხუთწუთეულში მიაღწიეს და ძვირფასი ორი ქულა დაკარგეს - 0:0.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 10 სექტემბერს "დინამო არენაზე" ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.