გამარჯვებისტოლა ფრე - კვირის პალიტრა

გამარჯვებისტოლა ფრე

ჩემი ბლოგებიდან მხოლოდ ერთი ეძღვნება ფეხბურთს და ისიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის გამართული მატჩის შემდეგ დავწერე, ახლაც ამ ორი გუნდის დაპირისპირების შესახებ ვწერ. წინა ბლოგი შემდეგი სიტყვებით დავასრულე - უახლოესი ოფიციალური თამაში, სექტემბერში ისევ ფრანგებთან გვაქვს, ოღონდ მასპინძლები ახლა ჩვენ ვიქნებით და დიდი იმედი მაქვს, რომ მათემატიკური აქსიომა - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება ამ შემთხვევაში არ გაამართლებს და ჯამი აუცილებლად შეიცვლება და თან ისე შეიცვლება, რომ სრულიად საფრანგეთში მამლებს დაკლავენ, ეგებ აღარ გაგვითენდესო….

...რომ ვთქვა ამ მატჩზე მოგების სანახავად წავედი-მეთქი, მიხვდებით, რომ მწარედ გატყუებთ, ამიტომ გულახდილი ვიქნები. წავედი, მაგრამ აბსოლუტურად შეგუებული ნებისმიერი ანგარიშით წაგებას. სტადიონზე შესვლამდე, უძველესი ქართული ტრადიციის თანახმად, მზესუმზირა მოვიმარაგე და გამყიდველს გამოველაპარაკე, რომელმაც გულახდილად მითხრა:

-ნენა, ბებო გენაცვალოს, რაში მაინტერესებს, წააგებენ თუ მოიგებენ, მთავარია ეს მზესუმზირა გამეყიდოს და ვიქნები "ქომფორთულადო". უკან წამოსულს გზაში ლოცვა მომაწია – ისე ეთამაშოთ ჩვენებს, შენც კმაყოფილი დარჩენილიყავ-ო.

პირველი მუხტი მაშინ ვიგრძენი, როცა მთელმა სტადიონმა ჰიმნი შევასრულეთ (მგონი ჰიმნი ერთადერთი მუსიკალური ნაწარმოებია, რომელსაც, კარგად შესრულებაზე მეტად, ბღავილი და ღრიალი უხდება), ამის მერე დაიწყო და დაიწყო. ჯერ იყო და, ქართველებმა არაქართულად ვიგულშემატკივრეთ და სამსართულიანების ნაცვლად მთელი 90 წუთი საქართველოს (შიგადაშიგ – გოლი, გოლი-ს)ვყვიროდით, მერე იყო და, ფეხბურთელებმა ისეთი თავდადებით ითამაშეს, რომლის მსგავსი ჩვენი ნაკრებისგან დიდი ხანია არ გვინახავს. არასოდეს მქონია საფეხბურთო ექსპერტობაზე გართულება და არც ახლა მაქვს, მაგრამ ჩემი მოკლე ჭკუით გუშინდელ საქართველოს ნაკრებს ორი გმირი ყავდა. გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და გიორგი ლორია.

ჯაბამ, აგერ უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ ღირსეულად უკეთია კაპიტნის სამკლაური. ყველა ბრძოლაში თავგამოდებით ერთვებოდა, შეტევის ორგანიზატორადაც გვევლინებოდა და იმ ფეხბურთს თამაშობდა, რომელსაც სარგებლობაც მოაქვს და მაყურებლის გულსაც იგებს, თუმცა როგორ თავდადებითაც არ უნდა ითამაშოს ფეხბურთელმა, თუ მეკარემ არ "იკაცა", გუნდის გარჯა ამაო იქნება. გიორგი ლორია გუშინ ისე უდრეკად იდგა, თითქოს აისბერგი ყოფილიყო და ფრანგთა გუნდი კიდევ "ტიტანიკი", რომლის ჩაძირვამდე 90 წუთიღა იყო დარჩენილი. ფაქტია, რომ ლორიას მართლაც საოცარმა თამაშმა ის ფრე მოგვიტანა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ბევრ გამარჯვებას (თამაშის მერე მეზობელმა დამირეკა, კარგი ჩამწერი სტუდია მიმასწავლე, ლორიას "სეივები" ქორწილის კასეტას უნდა გადავაწეროო). სიმბოლური იყო პატარა გულშემატკივარის შემოვარდნა სტადიონზე, რომელიც იმდენად გაოგნებული იყო, რომ მინდორზე შეაღწია, ვერ მიხვდა, რა გაეკეთებინა და ყიჟინით დარბოდა, არც არავინ გაეკიდა გამოსაყვანად და სანამ არ დაიქანცა, ირბინა. ბოლოს ლორიასთან მივიდა და ერთმანეთს ისე ჩაეხუტნენ, დიდი ხნის უნახავი ბიძაშვილები გეგონებოდა ადამიანს. აქაც არ ჩაიჭრა ჩვენი მეკარე და პატარა გულშემატკივარს შესაბამისი სითბოთი უპასუხა. მოკლედ, გუშინ ლორიამ ისეთი საქმენი საგმირონი აკეთა, პრეზიდენტობის კანდიდატად თუ დარეგისტრირდა, მინიმუმ მეორე ტური განაღდებული აქვს და თუ კანკავამაც არ მოინდომა იგივე, მაშინ პრეზიდენტობას ვერავინ შეეცილება. პრეზიდენტზე გამახსენდა და თუ ნინა წკრიალაშვილს სოხუმამდე ერთი ბილეთის მოთხოვნისთვის ჩამოვკიდეთ ღირსების ორდენი, ამ ბიჭებს არ ეკუთვნით ამ სიხარულისთვის? თუმცა მყინვარწვერზე ჯერ არ იქნება ინფორმაცია ასული (ვაჰ, მგონი ჯადო მაქვს და სააკაშვილი ქვეცნობიერად მიყვარს. აბა, ასეთი კარგი ამბის დროს რამ გამახსენა?!).

...ბოლო წუთზე მსაჯის სატვენის ხმა დედის იავნანასავით ჩამესმა. თურმე ჩვენ ფეხბურთელებსაც შეძლებიათ სიხარულის ჩუქება, მაგრამ აქამდე სად იყვნენ?

მოკლედ მადლობა ბიჭებს გუშინდელი დღისათვის; მადლობა თავდადებისათვის; მადლობა იმისთვის, რომ ხალხი ისევ შემოაბრუნეს სტადიონისკენ და დარწმუნებული ვარ ფინეთთან თამაშზე პირთამდე გაივსება "დინამო არენა" და კიდევ უმარავი მადლობა გუშინდელი დღისათვის.

და კიდევ, იცით რა... ქეცბაიაზე არ დავწერ, დაველოდოთ ფინეთთან მატჩს. მიმიხვდით, არა? ხო.

პ.ს. დღეს დილით საფრანგეთში მამლებს არ უყივლიათ, რადგან გუშინ საღამოს მამლების დაკვილის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

პ.პ.ს. ნინა ბებო, თქვენმა ლოცვამ მიწია და სტადიონიდან ძალიან კმაყოფილი წამოვედი.