ქემერონი პუტინს: პატარა კუნძულიო? ჩვენ გამოვიგონეთ ყველაფერი, რისი გამოგონებაც ღირდა! - კვირის პალიტრა

ქემერონი პუტინს: პატარა კუნძულიო? ჩვენ გამოვიგონეთ ყველაფერი, რისი გამოგონებაც ღირდა!

ბრიტანელების მიერ სირიაში სამხედრო მოქმედების ჩატარებისგან თავის შეკავებამ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად გაახარა, თუმცა თავისი მადლიერება ერთობ უცნაურად გამოხატა. პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პირადად მისი პრესსპიკერის, დიმიტრი პეშკოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თუმცა ბრიტანეთმა თავი შეიკავა სამხედრო მოქმედებებისგან, ეს ქვეყანა ”ერთი პატარა კუნძულია, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს.” მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით პეშკოვმა ეს განცხადება უარყო, დიპლომატიური სკანდალი ბრიტანელების საყოველთაო აღშფოთებაში გადაიზარდა.

”პუტინ-პეშკოვის აგდებულმა განცხადებამ ბრიტანელები იმდენად გააღიზიანა, რომ მათ დილით ჩაის დალევაც კი დაავიწყდათ” -  დაწერეს ამერიკულ პრესაში. მართლაც, ქვეყნის ღირსების დაცვა თავად პრემიერმა, დევიდ ქემერონმა ითავა, რომელმაც ისე კარგად გაართვა თავი ამ საქმეს, რომ ცნობილი მსახიობის, ჰიუ გრანტის მიერ შესრულებული შეურაცხყოფილი ბრიტანელი პრემიერის საკულტო როლიც კი დაჩრდილა.

”პატარა კუნძულიო? ჯერ ერთი, კუნძული კი არა კუნძულები. და მერეც, შეიძლება გეოგრაფიულად ბრიტანეთი არც ისე დიდი იყოს, მაგრამ სხვა რომელ ქვეყანას აქვს უფრო დიდი გული ან უფრო საამაყო ისტორია? ჩვენ გამოგვიგონეთ ყველაფერი, რისი გამოგონებაც ღირდა! შორს რომ არ წავიდე, მარტო ტელევიზია და ინტერნეტი რად ღირს! მონობა საუკუნეების წინ დავგმეთ, ზოგიერთები კი მას ჯერაც ვერ შელევიან! ჩვენი მუსიკა მილიონებს ატკბობს! მსოფლიოს მივეცით ბითლზები, ედვარდ ელგარი და რაღა დაგიმალოთ, One Direction- იც კი! (მეგაპოპულარული ბრიტანული ბოიბენდი). გამოვიგონეთ სპორტის სახეობები, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო თამაშობს. თავს არ შეგაწყენთ იმის შეხსენებით, ვინ იყო შექსპირი და რომელი ენაა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული!

ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც ვართ და რასაც ვაკეთებთ - პატარა კუნძული მსოფლიოში სიმძლავრით მეექვსე ეკონომიკით, საუკეთესოდ დაფინანსებული და მოწყობილი არმიით, ჩვენი წვლილით მსოფლიო ისტორიაში! - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაცილებით ნაკლები მჭევრმეტყველება გამოიჩინა კონსერვატორმა პარლამენტარმა, ჰენრი სმითმა, რომელმაც საკუთარ ტვიტერ ანგარიშზე დაწერა: ”პუტინი ... უბრალოდ ჩუკენია”. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ეს ეთიკურად არც თუ ისე სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავდა მის აზრს რუსეთის პრეზიდენტზე.

”Tosser-ი (მასტურბირებით გატაცებული ადამიანი, ინგ.) პუტინს ტვიტერზე ვუწოდე, აი უფრო პრესტიჟულ დაწესებულებებში კი, როგორიცაა თემთა პალატა, მე მას უბრალოდ აბსურდულ პერსონაჟად ვიხსენიებ ხოლმე. " - განაცხადა მან.