გურამ ფირცხალავა: "კიდევ კარგი, დავბერდი, თორემ თავს მოვიკლავდი."
მეცნიერები მამაკაცების გადაშენებას ვარაუდობენ - მამაკაცის ქრომოსომა, რომელიც საწყისიდანვე სუსტია და საბოლოოდ შესაძლოა სრულიადაც კი გაქრეს, რაც ძლიერი სქესის განადგურების მაუწყებელია. აღმოჩენის ავტორის, პროფესორ ჯეინ გრეივსის მტკიცებით, ეს საბედისწერო პროცესი დაახლოებით მილიონი წლის შემდეგ მამაკაცის საბოლოო განადგურებას გამოიწვევს. თუ რა განწყობაზე დააყენა ცნობილი ქართველი მსახიობი - გურამ ფირცხალავა მეცნიერების ამ აღმოჩენამ, თავად გვესაუბრა...
გურამ ფირცხალავა:
- წავიკითხე ეს ინფორმაცია და მეტი რა დაგვრჩენია, უნდა ვიცინოთ, თორემ მართლა გაგიჟდება ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ გადაგვარდა და გამოლენჩდა მსოფლიო... ისე, ევროპაში მამაკაცები სხვანაირები არიან, მამაკაცურები არ არიან. ვითომ სპორტს მისდევენ, მაგრამ რაღაც აკლიათ. ქართველები რომ არიან ჭიხვინა ცხენებივით, აი, ის ცეცხლი არ აქვთ. არ ვიცი, რა ეშველება კაცობრიობას. კიდევ კარგი, დავბერდი და გადაგვარება არ მემუქრება, თორემ თავს მოვიკლავდი. ევროპის არ იყოს, აღარც ჩვენი ახალგაზრდა კაცები მომწონს. შიგადაშიგ ემჩნევათ რაღაც საეჭვო. წახდა კაცობა.
- ამბობთ, რომ მამკაცები აღარ მოგწონთ, აღარც ევროპაში და აღარც საქართველოში.. ქალები როგორღა გეჩვენებათ ამ ფონზე?
- ევროპაში ვითომ ხომ თავისუფლება და დემოკრატიაა, მაგრამ სინდისს გეფიცებით, ის თავისუფლება, რაც ქართველ ქალებს აქვთ გარეგნულადაც და შინაგანადაც, ევროპელ ქალებში ვერ შევამჩნიე. ევროპაში უფრო დათრგუნულები არიან ქალები, მიუხედავად იმხელა უფლებებისა და ფემინიზმისა. ეს პირადად უამრავჯერ შემიმჩნევია... ვითომ ღიმილი აქვთ, ჭრელა-ჭრულა კაბებს იცვამენ, უნდათ უფრო მხიარულები ჩანდნენ, მაგრამ სიხალასით და სილაღით ჩვენ ქალებთან ვერ მოვლენ. ქართველებს სიკეკლუციდან დაწყებული, ყველაფერი აქვთ, პატარა რამე ჰყოფნით ბედნიერებისთვის. იქ შეიძლება, ყველაფერი ჰქონდეთ და მაინც საცოდავად აბუზულები იხედებოდნენ.
- ალბათ ისიც, მოგხვდებოდათ გულზე, რომ გერმანიაში საშუალო სქესი დააკანონეს... ამიერიდან გერმანიაში დაბადებული ბავშვი შეიძლება იყოს მდედრობითი, მამრობითი ან გაურკვეველი სქესის...
- ჰო, ანუ, პასპორტში ჩაწერ, რასაც გინდა - ვაჟი ვარ, ქალი ვარ, ან არც აქეთ ვარ, არც იქეთ. რა ბედნიერებაა, ბიჭო, ვაი ჩვენი ბრალი. მემგონი, ეშმაკი შეუჩნდა ჩვენ პლანეტას. სად ჯანდაბაში გადავიკარგო და რა გავაკეთო, აღარ ვიცი. პრესას არ ვაკადრებ, თორემ კი ვიცი, როგორ ვაგინო მაგის დამკანონებელს მკვდარი და ცოცხალი... არ შეიძლება, ამ სისულელეებმა დიდხანს გასტანოს. რატომ გვჯობნიან ზოგჯერ ჯანსაღ ადამიანებს ასეთი ავადმყოფები?! ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, თორემ გავაფრენთ. ვიცი, ავსტრალიაშია დაკანონებული კიდევ საშუალო სქესი. იქ აკანონონ, ცხრა მთას იქით, რამდენიც უნდათ, ჩვენ არ გავიკაროთ! თუმცა, ქვეყანაში რომ ბოკერიები და ჩერგოლეიშვილები გეყოლებიან, კი ეცდებიან გადმოტანას, მაგრამ ქართველები ვართ და მთლად არ უნდა დავლაჩრდეთ! მაგ კანონის შემომტანს ან უნდა დასცინო და ან გვარიანი პანღური უნდა ამოარტყა. ვიღაც ტვინგადაბრუნებულების აზრებს ევროპაში არ უნდა ავყვეთ. ევროპა დაავადებულია - ევროპა ავად არის!
- თამარ ჩერგოლეიშვილი ახსენეთ... მან ახლახან განაცხადა, რომ რუსთაველზე განსხვავებული ორიენტაციის გამო ორმოც კაცს ოციათასი კაცი მოგვდევდაო... ასე აგრესიულად უნდა შევხვდეთ ყველა სიახლეს?
- მე არ ვიცი, ეგ ხალხი სად დაიბადა და გაიზარდა, ან დედ-მამა, ან ამხანაგი არ ჰყავთ?!... კი, კაცო, რაღაცეებს კი ვხედავდით, სიმახინჯეები რომ იყო, მაგრამ ვამბობდი, ჩუმად არიან და იყვნენ-მეთქი. ახლა მოგვერივნენ ეგ ხალხი და გვახრჩობენ, მოგვიწონეთ და მოგვბაძეთო. ენით უთქმელი ამბავია ეს ყველაფერი. მთავრობა რომ მეტყვის, გინდა გათხოვდი და გინდა ცოლი მოიყვანე, კაცი ხარ, მაგრამ არა ხარო - გამაგებინეთ ერთი, რა ხასიათზე ვიქნები!
- შეიძლება ითქვას, თქვენ ამ მხრივ საუკეთესო პერიოდში იცხოვრეთ...
- კი, ვიცხოვრე, შვილო, მაგრამ სიბერე წამიმწარეს და ეგ არ მინდოდა ზუსტად. არ მინდა, ამას ხედავდეს ჩემი თვალები, ჩემი ერის და ჯიშის გადაგვარებას.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)