"ჰიკმანიშვილი" ნაკრებში დიდხანს უნდა დავტოვოთ" (ექსკლუზიური ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან)
ვლადიმერ ბოისა სლოვენიაში შინაური კაცია - წლების განმავლობაში თამაშობდა "პოსტოინაში", "სლოვანში", "ოლიმპიაში", მეუღლეც იქაური ჰყავს და ახლაც სლოვენიაშია - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ქომაგობს... ვეტერან კალათბურთელს ევრობასკეტის მასპინძლებთან მატჩის წინ დავურეკეთ და ქართველების მიერ პოლონელთა დამარცხებასა და ხორვატიასთან დრამატულ ბრძოლაში წაგებულ მატჩზე ველაპარაკეთ. შეგახსენებთ, ვლადიმერ ბოისამ მოთამაშის კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა და შემოდგომაზე გასამართ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
- სლოვენიაში როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების თამაშს?
- აქ ყურადღებით აკვირდებოდნენ მომავალი მეტოქეების საკონტროლო მატჩებს. იციან, როგორ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა და პოლონეთთან ჩვენი გამარჯვება მათთვის გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. მარკოიშვილს, სანიკიძეს, შერმადინს, ჰიკმანს და სხვებს ევროპაში ისედაც კარგად იცნობენ. სლოვენიაში საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს სცემენ და ჩვენთან სათამაშოდ დიდი სიფრთხილითაც ემზადებოდნენ (ინტერვიუ ჩაწერილია 7 სექტემბერს. - ავტ.). თავდაჯერებული რომ ყოფილიყვნენ, გამარჯვების მეტი შანსი გვექნებოდა, მაგრამ... აქ ყველას ვიცნობ - ნაკრების მწვრთნელებსაც, სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც და ძალიან ფრთხილობენ, პირველივე წუთიდან ისეთივე მობილიზებით უნდა გეთამაშოთ, თითქოს ესპანეთს ვხვდებითო...
- ესპანეთს ხომ უკვე მოუგეს...
- სლოვენიელებმა ჩეხებთან გაჭირვებით მოგებული მატჩიდან სწორი დასკვნა გამოიტანეს და ესპანეთს დამსახურებულად აჯობეს. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფავორიტთან გამარჯვების შემდეგ სლოვენიელები "გაიხსნენ", დასძლიეს ფსიქოლოგიური წნეხი, რაც მასპინძლის სტატუსს ახლავს და ჩვენთან გაცილებით თავისუფლად ითამაშებენ...
- ძნელი არ არის, ტრიბუნიდან უყურო იმ ნაკრების თამაშს, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც წლების განმავლობაში იყავი?
- ნაკრების თამაშებს ტრიბუნიდან პირველად ვადევნებ თვალს... როცა შენი გუნდი იგებს, გახარებული ხარ და ასეთ რაღაცებზე არ ფიქრობ. მაგრამ ხორვატიასთან თამაშისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თავადაც ვიყავი მოედანზე და წავაგე... თამაშის შემდეგ ხორვატმა ჟურნალისტებმა მითხრეს, ვიცოდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა და მართლაც შესანიშნავად ითამაშეთ, ბოლო წამებზე ჩვენ უფრო გაგვიმართლაო... ვერავინ იტყვის, რომ ხორვატიამ გვაჯობა, პირიქით, ზოგიერთ ეპიზოდში ქართველები გაცილებით უკეთ თამაშობდნენ.
- გული გწყდება, ფინალური ეტაპის განაცხადში ვერც ანატოლი ბოისა რომ ვერ მოხვდა?
- სულერთი ნამდვილად არ არის, ითამაშებს თუ არა ჩემი ძმა ნაკრებში, ყველას უნდა, მისი ოჯახის წევრი ეროვნულ გუნდში თამაშობდეს, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც ნაკრებისთვის არის უკეთესი - დახარე თავი, იმუშავე და როგორც შეგიძლია, ისე დაეხმარე გუნდს - ასეთია ჩემი პოზიცია.
- როგორ ფიქრობ, ხორვატიასთან მატჩის ბოლო წამებზე ტომიჩის წინააღმდეგ ჯარიმის აღება ხომ არ სჯობდა?
- ცინცაძემ ყველაფერი სწორად გააკეთა. გიორგი საუკეთესო იყო მატჩში, ყველაფერი გამოსდიოდა და გადამწყვეტ მომენტშიც სწორედ მას უნდა აეღო თამაში თავზე. სამწუხაროა, რომ არ გაგვიმართლა... გიორგი წელს ფანტასტიკურად თამაშობს. ქულებს რომ თავი დავანებოთ, ჩინებულად აკონტროლებს თამაშს. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გაუძღვება "ბუ" (ცინცაძის მეტსახელია. - ავტ.) თამაშს ჩეხეთთან მატჩში, რადგან ჩეხები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან.
- ფაჩულიას და შენგელიას არყოფნაში რა არის ჩვენი ნაკრების კოზირი?
- სასტარტო ხუთეულის წევრებმა იციან, რომ საკმარისი სათამაშო დრო ყველა მატჩში ექნებათ. ამიტომ თავისუფლად თამაშობენ, არ ეშინიათ, რომ თუ რაღაც შეეშლებათ, სათადარიგოებში გადაინაცვლებენ. თავიანთი როლი ნაკრების დანარჩენმა წევრებმაც იციან და გუნდში ყველა კმაყოფილია... სამაგიეროდ, ზაზა და თორნიკე რომ ყოფილიყვნენ, არა მგონია, ხორვატიის ნაკრების რომელიმე ცენტრს მათი შეჩერება მოეხერხებინა...
- როგორც იქნა, რიკი ჰიკმანმაც გვიჩვენა, რა შეუძლია...
- მისთანა მოთამაშე ყველას სჭირდება. სურვილის შემთხვევაში, "ბარსელონა" და "რეალიც" კი დაუფიქრებლად გაუფორმებენ კონტრაქტს. ევროპის ხუთი საუკეთესო კლუბიდან ჰიკმანზე უარს არავინ იტყოდა. უმაღლესი კლასის მოთამაშეა და როგორც ბიჭებისგან ვიცი, ძალიან კარგი ადამიანიცაა. ჯერ ახალგაზრდაა და იმედია, ისეთივე ისტორია ექნება საქართველოში, როგორიც ბო მაკალებს აქვს მაკედონიაში. წლებია, მაკალები მაკედონიის სახელით თამაშობს და უკვე ლამის "მაკალებოვსკის" ეძახიან. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, გაქართველებული ამერიკელი საქართველოში წლების განმავლობაში რომ დარჩეს და "ჰიკმანიშვილად" იქცეს (იცინის).
- ბოლო წლებში ნაკრებში აღარ გიწვევდა და, ალბათ, ნაწყენი ხარ იგორ კოკოშკოვზე, მაგრამ თუ ობიექტურად შევაფასებთ, როგორი მწვრთნელია სერბი სპეციალისტი?
- პოლონეთის ნაკრებმა ჩვენთან ძალიან ცუდად რომ ითამაშა და 17 ქულის სხვაობით დამარცხდა, კალათბურთელებთან ერთად, კოკოშკოვის დიდი დამსახურებაც არის. ხორვატიასაც ტოლ-სწორად ვეთამაშეთ... არადა, ბაუერმანიც და რეპეშაც ძალიან გამოცდილი მწვრთნელები არიან. ჩვენი ბიჭების დიდი პოტენციალის მიუხედავად, კარგი მწვრთნელის გარეშე ვერაფერს მიაღწევდნენ. ექვსი წელია კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში მუშაობს. ამას თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან არ უნდა მოგწონდეს, რომ თქვა თავის საქმეს ცუდად აკეთებსო. რაღაცები შეიძლება არ მოგვეწონოს, მაგრამ ფაქტია, საქმეს კარგად უძღვება.
- ცნობილია, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში აპირებ მონაწილეობას... უკვე შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ვლადიმერ ბოისა აღარ არის მოქმედი კალათბურთელი?
- დიახ, მოთამაშის კარიერა დავასრულე... საქართველოში ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩამოვალ. მხოლოდ ის მინდა, ქართული კალათბურთი წინ წავიდეს, ვინმესთან ჩხუბს ნამდვილად არ ვაპირებ. ჩემი იდეებით მოვდივარ, თუ მოეწონათ და გავიმარჯვე, ხომ კარგი, თუ არა და, იმედია, ვინც უნდა იყოს, ყველაფერს გააკეთებს ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ.