საქართველოს ბიზნესი საქართველოს საზოგადოებისთვის - კვირის პალიტრა

საქართველოს ბიზნესი საქართველოს საზოგადოებისთვის

მოვლენები კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე გამოქვეყნებული მიმართვის შემდეგ საქართველოში და მის საზღვრებგარეთ მოვლენათა ტემპი კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება; "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდი ერთხმად ხსნის ტელევიზიის დირექტორს, ხოლო "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაკითხვაზე იბარებს; "ნაციონალები"" აცხადებენ, რომ წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართვის გაკეთების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში ბურჯანაძის გამარჯვება რეალური ხდება, რადგან ამით მარგველაშვილის პოზიცია საკუთარ გუნდშიც სუსტდებაო; თავის მხრივ, ბურჯანაძის მომხრეები "ოცნებასა" და "ნაციონალებს" დასავლეთის პატრონაჟით გარიგებას აბრალებენ ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანის მიზნით; ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის გადაყენებას ერთდროულად ითხოვს; პრემიერობის მორიგ კანდიდატზე უამრავი ვერსია ვრცელდება: დაწყებული იმით, რომ ის არ იქნება "ქართული ოცნების" გარემოცვიდან, და დამთავრებული იმ ვარაუდით, რომ "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატებისა"" და "ნაციონალების" სადეპუტატო წარმომადგენლობას პარლამენტში ერთობლივად შეუძლია პრემიერად ირაკლი ალასანიას გაყვანა.

ჩნდება საინტერესო წინადადებებიც იმის თაობაზე, რომ ვინაიდან არჩევნების შემდეგ პრემიერი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება, ვიდრე პრეზიდენტი, სასურველია, საპრეზიდენტო მარათონში მონაწილე ყველა პირმა საკუთარი პრემიერობის კანდიდატი წინასწარ დაასახელოს.

გაცილებით დამაფიქრებელია საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენები.

დასავლურ მედიაში გაჩნდა ვერსიები ლაფანყურის ოპერაციაზე. კერძოდ, "ევრაზიანეტი" წერს, რომ "არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ოპერაცია სააკაშვილის ხელისუფლების მოუქნელი მცდელობის შედეგი იყო, გაეწვრთნა ჩეჩენი მეამბოხეები რუსეთში დესტაბილიზაციის შესაქმნელად."რუსეთის რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას, იოლი წარმოსადგენია; იმავდროულად, ვიგებთ, რომ სომხეთი იძულებული გახდა, დათანხმებულიყო საბაჟო კავშირში შესვლაზე, ხოლო რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი ამჯერად მოლდოვას ემუქრება ეკონომიკური სანქციებით და დნესტრისპირეთის საბოლოო დაკარგვით იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ხელს მოაწერს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას; სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი შეთანხმდნენ, გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი, რასაც საქართველოს მთავრობის საპასუხო განცხადება მოჰყვა, რომლის თანახმადაც"ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

მოვლენათა ასეთი ეკვილიბრისტიკა ადასტურებს, რომ საქართველოს არცთუ იოლი დღეები ელის წინ.

საქართველოს ბიზნესი საქართველოს საზოგადოებისთვის

არ მახსენდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ქართული ფულით დაფინანსებულიყოს. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ დღემდე არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, იმ უცხოური ორგანიზაციების პარტნიორი იყო, საიდანაც ისინი ფინანსდებიან და ნაკლებად, თავად საქართველოს საზოგადოებისა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რისთვისაც ისინი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ფინანსდებოდნენ, რათა გავლენა მოეხდინათ საზოგადოების ცნობიერებაზე, გარდამავალ ეტაპზე მყოფ საზოგადოებაში დემოკრატიული, ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების დამკვიდრებაზე, განათლების, მათ შორის, პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე _ ყველა ამ მიმართულებით შედეგი მიუღწეველია.

ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლითა და გააქტიურებით იქნებ შეიქმნას პრეცედენტი, რომ ქართულმა ბიზნესმა დაიწყოს საქართველოს საზოგადოების განვითარების დაფინანსება. ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გამოვიდეს ბიზნესკოალიციის შექმნის ინიციატივით და მოუწოდოს ქართულ მსხვილ ბიზნესმენებს, დააფინანსონ ქართველი საზოგადოების განათლება და განვითარება, მათ შორის, ახალგაზრდობის, ახალი სახეებისთვის გზის გახსნა და ასპარეზზე გამოყვანა. ეს იქნება გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე ერთი კონკრეტული ხელისუფლების წარმატებულობა. მეორე მხრივ, ეს არის თავად ბიზნესის დაცულობის ყველაზე კარგი გარანტიაც: ბიზნესი უსაფრთხოდ გრძნობს თავს მხოლოდ პასუხისმგებლიანი, მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე საზოგადოებაში, რომელიც ისეთ ფატალურ არჩევანს არ აკეთებს ხოლმე, როგორი არჩევანიც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია. საქართველოს ბიზნესფონდი საქართველოს საზოგადოებისათვის _ ეს ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად მომწიფდა თავად ქართული ბიზნესი საკუთარი და საზოგადოების განვითარების ახალი გზების საძიებლად.