"ბატონი ატიკი ვერ ტოვებს ჯანდაცვის სფეროში კომპეტენტური პირის შთაბეჭდილებას" - კვირის პალიტრა

"ბატონი ატიკი ვერ ტოვებს ჯანდაცვის სფეროში კომპეტენტური პირის შთაბეჭდილებას"

ინვესტორობისთვის ბრძოლას, სავარაუდოდ, გამოეთიშება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში "რეანიმაციის კართა მნგრეველი და ყოველთა მტვრეველი" თექინ ატიკი. მას შემდეგ, რაც თურქ ბიზნესმენს სამედიცინო პერსონალმა ბრალი დასდო ფიზიკური, მორალური და რელიგიური ძალადობის მცდელობაში და მას კლინიკის დატოვება მოსთხოვა, საქართველოში თურქეთის ელჩის თხოვნით თექინ ატიკს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა.

თურქმა ინვესტორმა, რომელიც საპროტესტო აქციას მართულს უწოდებს და "შეთქმულებას" აბრალებს, მინისტრს იმ კომპანიის რწმუნებულების საბუთიც კი ვერ წარუდგინა, რომლის სახელითაც ინვესტირება გადაუწყვეტია. მისმა განმარტებამ, ქართულ კანონმდებლობას ჯერ კარგად არ ვიცნობ, რათა პროცედურები თანამიმდევრულად დავიცვაო(?!), მინისტრი გააკვირვა, თუ საქართველოში 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებთ, საქართველოს კანონმდებლობა რატომ არ უნდა იცოდეთო? თექინ ატიკმა ამაოდ სცადა მინისტრის მოლბობა სამომავლო გეგმებითა და დაპირებებით, რომ მის წარმომადგენელს, ნატალია მუჩაიძეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ორგანიზაციის წარმომადგენლად დანიშნავს, რაზეც დავით სერგეენკომ უპასუხა: "იაშვილის სახელობის კლინიკაში განვითარებული მოვლენები საქართველო-თურქეთის ურთიერთობასთან კავშირში არ არის. თქვენ მოახერხეთ და რამდენიმე დღეში დაიმსახურეთ სამედიცინო პერსონალის სრული, 100%-იანი პროტესტი იმდენად, რომ საფრთხე შეუქმენით არსებულ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურებას. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ბატონო ატიკ, რას ეთანხმებით და რას არა. ჩვენ დავინახეთ ის, რაც დავინახეთ, - საავადმყოფოს პერსონალი გამოსული იყო ეზოში, სამედიცინო პროცესი კი პარალიზებული. თქვენ რა ჩაიდინეთ და რა არა, გაარკვევს მონიტორინგის ჯგუფი. თქვენ რამდენიმე დღეში გადაიმტერეთ მთელი კლინიკა, საფრთხე შეუქმენით ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დაწესებულების მუშაობას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურება წარიმართოს უწყვეტად, სამუშაო და სამკურნალო პროცესები იყოს თანამიმდევრული და არა ისეთი კრაზანების ბუდე, როგორადაც თქვენ გადააქციეთ ერთ კვირაში იქაურობა. მაპატიეთ, მაგრამ უნდა გასწავლოთ, რომ მენეჯერის ფუნქცია უპირველესად ის არის, რომ დაწესებულებაში კონფლიქტი არ იყოს. კონფლიქტი მართული იყო თუ არა, უნდა შეგეწუხებინათ თავი და შეგესწავლათ ვითარება და თანამშრომლებს მოქცეოდით ადამიანურად".

გამოითქვა აზრი, რომ შეცდომა დაუშვეს კლინიკის ქართველმა მფლობელებმა, რომელთაც სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად გადაწყვიტეს კლინიკის გასხვისება.

დიმიტრი მახათაძე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე:

- ამ კლინიკის სახით მფლობელი სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ, ბავშვთა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს. ამიტომაც მისი გასხვისების შემთხვევაში სასურველია საქმის კურსში ჩააყენოს ქვეყნის შესაბამისი უწყება. უცხოელი იქნება თუ ქართველი, ქონების მესაკუთრემ ბიზნესი იმ ქვეყანაში არსებული კანონის შესაბამისად უნდა აწარმოოს. თექინ ატიკს ამხელა კლინიკის ყიდვა კი არა, პურის საცხობიც რომ გაეხსნა, უნდა სცოდნოდა, ამ სფეროში ყიდვა-გაყიდვის რა წესები მოქმედებს. თუ ინვესტირება სურს, უნდა დაადასტუროს, რომ არის კომპეტენტური ჯანდაცვის დარგში, ჩვენს კანონმდებლობაში და იზიარებს სახელმწიფოს სტრატეგიულ პრინციპებს ჯანდაცვის სისტემის მოწყობის შესახებ. ის ცრუობს, ან არ იცის, როდესაც ამბობს, რომ "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპს" 92 ქვეყანაში 105 სამედიცინო დაწესებულება და საავადმყოფო აქვს. სინამდვილეში, კომპანიას თურქეთში აქვს მხოლოდ 11 სამედიცინო დაწესებულება და როგორც მათ ვებგვერდზე ვკითხულობთ, იმედოვნებენ, რომ მომავალში, ალბათ, საქართველოშიც გაზრდიან საავადმყოფოების რაოდენობას. დასანანია, რომ მისმა არაზნეობრივმა და არაბიზნესორიენტირებულმა მუშაობამ ორ-სამ კვირაში მიიყვანა საქმე იქამდე, რომ შეურაცხყოფილი და შეძრწუნებული პერსონალი უკიდურესი პროტესტის ფორმით გამოვიდა ქუჩაში.

- თექინ ატიკის განცხადებებიდან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იაშვილის სახელობის კლინიკაში უვარგისი ტექნიკური ბაზაა.

- ბატონი ატიკი ვერ ტოვებს ჯანდაცვის სფეროში კომპეტენტური პირის შთაბეჭდილებას, მეტიც, არ იცის, ამ ქვეყანაში როგორ რეგულირდება სამედიცინო საქმიანობა, ამიტომაც ამ კლინიკის მისეული შეფასება არაკომპეტენტურია. რაც შეეხება სამედიცინო, მით უფრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ტექნიკური აღჭურვილობისა და ზოგადი მდგომარეობის გაკონტროლებას, სახელმწიფოს ამის უამრავი ბერკეტი აქვს ლიცენზიებისა და სხვადასხვა ნებართვის სახით. ამიტომაც ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ დაწესებულებაში სამედიცინო აღჭურვილობა ან ინფრასტრუქტურა გაპარტახებულია.

- თექინ ატიკი ამბობს, რომ მედპერსონალის სახელზე საჩივარიც კი შესულა, რამაც განაპირობა მისი გაღიზიანება.

- საჩივარი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. ბატონმა ატიკმა გაიკითხოს, თურქეთში რამდენი საჩივარია სამედიცინო დაწესებულებებში, რესტორნებში, სასტუმროებში და ა. შ. ერთი ან ორი საჩივარი არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ინფრასტრუქტურა ან მედიკოსთა პროფესიონალიზმი დაბალია.

"კვირის პალიტრა" შეეცადა გასაუბრებოდა ბატონ თექინ ატიკს, მაგრამ როგორც მისმა წარმომადგენელმა ნატალია მუჩაიძემ გვაცნობა, თურქი ბიზნესმენი 10 სექტემბერს ოფიციალურად განაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, მანამდე კი დუმილს ამჯობინებს.

ეკა ლომიძე