ზინოფიასა და ესიკიას სტალინი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა?! - კვირის პალიტრა

ზინოფიასა და ესიკიას სტალინი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა?!

"ესიკია ყოველ 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე, 200-კაციან სუფრას შლიდა. ყველა კუთხიდან ჩამოდიოდა ხალხი აქანე. იწყებოდა ქეიფი და რა ქეიფი, დეიძახებდა ესიკია, - ადგეს გორი და სტალინი ადღეგრძელოსო და ადგებოდა გორი; მერე დეიძახებდა, - ადგეს ხაშურიო, მერე - დუშეთიო და გრძელდებოდა ასე..."

ბავშვობა ოზურგეთში მაქვს გატარებული. სტალინის სადღეგრძელოების დიდი ოსტატი ზინოფია კალანდაძეც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. რა იცის ცხონებულმა, რომ უკვე თავს ვუტყდები, მართალი იყო ის კაცი-მეთქი, თორემ საფლავშიც გაიხარებდა. პირველ სადღეგრძელოს მშვიდობისას დალევდა, მერე სტალინის სურათს თვალს სიყვარულით შეავლებდა და ბავშვებს დაგვიძახებდა, - ახლა კი არაფერი გესმით, ბიძია, მარა კარგად დეიხსომეთ, - სტალინი იყო, არის და იქნება ჩვენი ბელადი და მარად მის ნაკვალევზე ვივლითო! ჩვენ კი გადავირეოდით - მეტი საქმე არ გვაქვს, სტალინი გვიყვარდეს, ეგ ბელადი კი არა, ჩვენი დამაქცევარი იყოო! აი, ასე იყო და ახლა უცებ არ აღმოვაჩინე, რომ მართალი ყოფილა ის კაცი! ამას განსაკუთრებით მაშინ დავუფიქრდი, როცა გურიაში ჩასულმა ერთი ჩემი ამხანაგის მაღაზიად გადაკეთებულ გარაჟში კედელზე სტალინის სურათი ვნახე. თავიდან კი შევიცხადე, - რა გიქნია, ბიჭო, ოთარა? ამ სტალინისთვის არ იყო, ზინოფია ქვას და ხოშკეკალას რომ გაყრიდა თავში და ახლა კედელზე გამოჭიმე-მეთქი?! მაგრამ ოთარას პასუხმა ჩამაყუჩა - რა ვქნა, მისი ძეგლები რომ ჩამოყარენ, უცებ შემეცოდა აი კაცი და სურათი მათ ჯინაზე დავკიდეო! ბოლოს, სიტყვა ჩვენი ფიზიკის მასწავლებლის შეგონებით დაასრულა - ქმედება იწვევს უკუქმედებასო და მოულოდნელად მკითხა, - ხომ გახსოვს, ჩვენს ბავშვობაში, სოფელ ლიხაურში ესიკა თოიძეს შინ რომ ჰქონდა გახსნილი სტალინის მუზეუმი? ესიკა მოკვდა, მარა ხალხი მუზეუმის სანახავად ისევ დადის, ის კი არა, ბაღნებიც დაყავთ, მოდი, წავიდეთ და ვნახოთ, ოზურგეთში სხვა სანახავი მაინც არაფერიაო!

გინდ დაიჯერეთ და გინდ - არა... ჩავყარე წყალში ზინოფიასთან მთელი ბავშვობის ნაომარი და... წავედი! რატომ? უბრალოდ, მეც სხვებივით აღმოვაჩინე, რომ სტალინის თემით იმდენად არის საზოგადოება შეპყრობილი, რომ ეს ეიფორია მეც გადმომედო, - აბა, ერთი ვნახო: იქ, სადაც სტალინს ღიად ომს არავინ უცხადებს, მისი თემა ვინმეს აღელვებს თუ არა-მეთქი! და რა ვნახე! მართალია, ესიკა თოიძის შექმნილი სტალინის სახლ-მუზეუმი მთლად წესრიგში ვეღარ დამხვდა - კიბე ჰქონდა ჩამონგრეული, მაგრამ თოიძეების სახლის მკვიდრმა, ნახევრად რუსმა ლუბამ მომახარა, - ამ დღეებში სოფლის ბიბლიოთეკის გამგეს ჰყავდა ბავშვები მუზეუმის დასათვალიერებლადო. ბავშვები ამ არდადეგებზე როგორ შეაგროვა-მეთქი, - გამიკვირდა.

- მაგი რა ძნელი საქმეა?! უნდა შეეგროვებინა, აბა?! სტალინზე უკეთესი ვინ უნდა გეიცნონ ბაღნებმა, მაგი მკტარი ჯობია ახლანდელ მთავრობებსო!

- გარდა სოფლის მოსახლეობისა, სხვებიც მოდიან ამ სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად?

- აბა, არა? რამდენიც გინდა - უცხოელები! მუზეუმს კიბე დანგრეული კი აქვს, მარა რა უჭირს, თუ გული გულობს, კიბე რას დაგიჭერს! შენც არ გაგიჭირდება მაგ კიბეზე ასვლა! - შემაგულიანა ლუბამ და ასე შევუდექი ესიკა თოიძის ნაგროვები ექსპონატების თვალიერებას. მეზობლებიც გამოჩნდნენ. ექსკურსიამძღოლობა ზვიად ხინიკაძემ ითავა:

- ამ მუზეუმს მთელი სიცოცხლე აწყობდა ცხონებული ესიკა - ერთხელ ცეცხლი გოუჩნდა აქოურობას და მეზობლებმა რომ შკაფები გადაიტანეს ფანჯრიდან, გადირია საწყალი, - სიკეთე თუ გინდათ, სტალინის ქანდაკებები და სურათები გამოიტანეთ, მაგ შკაფებს კიდევ ვიყიდიო. აგი ექსპონატები სისხლის ფასად ქონდა შეძენილი, სად აღარ დადიოდა საშოვნელად. ყოველ 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე, 200-კაციან სუფრას შლიდა.

- ყოველ წელიწადს 200-კაციან სუფრას რანაირად აუდიოდა?!

- მაგისი მოწმე მთელი ლიხაურია! ხალხიც ეხმარებოდა - ზოგს გოჭი მოქონდა, ზოგს - ინდაური. აგერაა იმ ქეიფებზე გადაღებული სურათები და შენი თვალით ნახე, - მითხრა და ფოტოები მომაწოდა.

- სანამ ხალხს სუფრაზე მიიწვევდა, ამ მუზეუმში ლენტი უნდა გაჭრილიყო. გააბამდა ესიკია სახლის კიბეზე წითელ ლენტს და მიცემდა რომელიმე პატიოსან კომუნისტს ხელში მაკრატელს გასაჭრელად. მერე იწყებოდა ქეიფი და რა ქეიფი! ყველა კუთხიდან ჩამოდიოდა ხალხი აქანე. დეიძახებდა ესიკია, - ადგეს გორი და სტალინი ადღეგრძელოსო და ადგებოდა გორი; მერე დეიძახებდა, - ადგეს ხაშურიო, მერე - დუშეთიო და ასე... ჰო, ის დამავიწყდა, ვიდრე ხალხი თავს მოიყრიდა, მანამდე, სტალინის პატივსაცემი წრე უნდა დეერტყა მანქანების კოლონას ოზურგეთში. წინა მანქანაზე სტალინის დიდი სურათი იყო გამოკრული და უკან, სხვა მანქანებზე კიდო - წითელი დროშები... აქანე ყველა ჩემი ტოლი გეტყვის, რაფერ ასწავლიდა ესიკა სტალინზე ლექსებს. მერე სტალინის ბიუსტებიზა საპატიო წრე უნდა დაერტყათ, ლექსები ეთქვათ და როცა ხრუშჩოვის ბიუსტთან მივიდოდნენ, თავში წიხლი უნდა ეთავაზებინათ!

- რატომ?

- მაგი რაფერ არ იცი, სტალინის სახელის წაშლა რომ მოინდომა ხრუშჩოვმა?! სტალინმა ხრუშჩოვს ჩიბუხი რომ ჩააფარა თავში, აგერაა სურათზე დახატული და ნახე! - მითხრა ზვიადმა და რომელიღაც თვითნასწავლი მხატვრის ტილოსთან მიმიყვანა, სადაც გაღიმებული სტალინი ხრუშჩოვს ჩიბუხს ურტყამს თავში. მერე მუზეუმის სხვა ექსპონატებიც დავათვალიერეთ. რაღა დაგიმალოთ და გული ამიჩუყდა იმ უცნობი მხატვრის მცდელობაზე, რომელსაც ერთად დაეხატა სტალინის ავადმყოფი დედის საწოლთან ჩამომსხდარი სტალინის შვილები: იაკობი, ვასილი და სვეტლანა, თუმცა ისინი ალბათ ასე არასოდეს ჩამომსხდარან ბებიის საწოლთან. რატომ ამიჩუყდა გული? რა მოგახსენოთ, მეც ხომ ქართველი ვარ და ალბათ გენეტიკური სოლიდარობა თავისას შვრება, - იოსებ ჯუღაშვილიც ხომ ქართველი იყო, რომელმაც საქართველოს არა, მაგრამ ხრუშჩოვსა და მსოფლიოს მართლაც დაატყო თავისი ძლიერი ხელი.

გენეტიკას რაც შეეხება: საქართველოს თავისი ხელის ნათელი ძალა ექვთიმე თაყაიშვილმა დააჩნია და ისიც იმ სოფელში გაიზარდა, სადაც ესიკა თოიძემ მთელი სიცოცხლე სტალინის მუზეუმი აკეთა. ლიხაურში და თანაც სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში დაიბადა ესიკას ძმისწული, - ცხრა აპრილის ახალგაზრდა გმირი ნინო თოიძეც.

ახლა ის გაიფიქრეთ, რომ ქართველები პარადოქსული ხალხი ვართ?

კი ბატონო, ნამდვილად ასეა!

სტალინიც პარადოქსი გახლდათ და გვინდა თუ არა, ასე დარჩება.

ამიტომაც იყო მართალი ის ჩემი მეზობელი ზინოფია, - სტალინის ნაკვალევს ვეღარ მოვცილებივართ და ეგ არის!..