"აქ ყველა ერთ მერხზე ზის - აფხაზი, ქართველი, ოსი თუ რუსი" - კვირის პალიტრა

"აქ ყველა ერთ მერხზე ზის - აფხაზი, ქართველი, ოსი თუ რუსი"

შემოდგომაც მოვიდა, რაც სასწავლო წლის დასაწყისის მაუწყებელია და ბავშვობა გამახსენა: პირველი სექტემბერი, ფერადი ბაფთები, პრიალა რვეულები და მონატრება ორმაგად მომეძალა. ერთი ის, რომ ბავშვობა მომენატრა და მეორე - საქართველოც მომნატრებია. რას ვიზამთ, მყისიერად ვუბრუნდები რეალობას და თავში იდეაც დამებადა... ჩვენი რუბრიკის სტუმარი მოსკოვის #1331 საშუალო სკოლის, ანუ ქართული სკოლის დირექტორი ანა კერესელიძეა, რომელიც მრავალი წელია ქართულ სკოლას უდგას სათავეში და არაერთი ქართველი გამოზარდა.

სკოლა, რომელშიც 400-მდე ქართველი ბავშვი ირიცხება, ქალაქის შუაგულში, კრასნოპროლეტარსკაიაზე მდებარეობს. სწავლება აქ 2001 წლის მერე რუსულად მიმდინარეობს, თუმცა სკოლის ინიციატივით მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები კვირაში რამდენჯერმე უტარდებათ, ისწავლება საქართველოს ისტორიაც. სკოლას ჰყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კავკასიონი" და აქვს ქართული საბავშვო ბაღი, მასში 120 Bბავშვი ირიცხება.

ერთი სიტყვით, თავი თბილისის სკოლაში ამოვყავი. კორიდორში ქართულად მოსაუბრე მასწავლებლების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენდა გასახარად, აქ ყველა პედაგოგი გამართული ქართულით საუბრობდა. გულში სიამაყით აღვივსე...

ანა კერესელიძე, დირექტორი:

- პლეხანოველი გახლავართ, ოჯახი შევქმენი და მოსკოვში ამოვყავი თავი. მყავს ორი გოგო და შვილიშვილი. მამაჩემი, კონსტანტინე კერესელიძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო... უკვე 26 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ. იყო დრო, პარალელურად ორი სკოლის დირექტორი გახლდით. ახალგაზრდა ვიყავი, ენერგიული და მითხრეს, ამ სკოლის მშენებლობას ჩაუდექი სათავეშიო. ამ სკოლასაც ვაშენებდი და მეორე სკოლასაც ვხელმძღვანელობდი.

სკოლის დაარსების იდეა მამამ ჩამაგონა. მახსოვს, ერთხელ ჩვენს სადარბაზოში ცარცით მიაწერეს "სდეს ჟივუტ გრუზინი". ამით მიუთითეს, რომ ჩვენ მათგან განვსხვავდებოდით. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა... მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე რუსი მყავს და შესაბამისად, შვილებიც ნახევრად რუსები არიან, მამა სულ მეუბნებოდა, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, ვისი გორისანი არიან, რამე ქართული საქმე წამოიწყე და შვილებს შთააგონე, რომ ქართველობით იამაყონო. მაშინ ბევრი რუსისთვის ქართველი ციტრუსების გამყიდველთან ასოცირდებოდა. თუმცა იყო, არის და ყოველთვის იქნება რუსული ინტელიგენციის დიდი ნაწილი, რომელიც კარგად იცნობს ქართველებს, მაგრამ ინტელიგენცია ძალიან პასიურია და მასაზე ზეგავლენას ვერ ახდენს.

ვცდილობ, სკოლაში ქართული გარემო შევქმნა. ის მეორე სახლია ჩემთვის. ყოველთვის ვცდილობდი, თუნდაც იმ ფენისთვის აზრი შემეცვლევინებინა, რომელთათვისაც ქართველობა გასაკიცხი იყო...

- ქართული სკოლის გახსნა უპრობლემოდ გადაწყდა?

- მხარდაჭერა მჭირდებოდა და იმ ქართველებთან მივედი... თავზე ხელი გადამისვეს და მითხრეს, ახალგაზრდა ხარ და არ გესმის, რომ ეს არასწორი ნაბიჯიაო... 1985 წელია, ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე ნაციონალური საკითხიც მწვავედ წამოიჭრა და რუსები შოვინიზმში დაადანაშაულეს. საქართველოდან ორი დეპუტატი ესწრებოდა შალვა ამონაშვილი და ვალერიან ადვაძე. ადვაძე ეკონომიკურ მიმართულებას, ამონაშვილი კი განათლებას კურირებდა. მივადექი ორივეს. მითხრეს, წერილობით მოგვწერე და გავიტანთ მთავრობის სხდომაზეო. მართლაც გაიტანეს და მხარდაჭერაც მივიღე. ასე დაიწყო შუაგულ არბატზე ქართულმა სკოლამ და საბავშვო ბაღმა მუშაობა. მერე წავედი საქართველოში და პატრიარქს ვთხოვე, შენობა ეკურთხებინა.

- 1984-85 წლებში, გაქანებულ კომუნისტურ წყობაში, შენობის კურთხევა?

- გაოცებულმა პატრიარქმა მკითხა, ეგ აზრი საიდან მოგივიდაო, მაშინ არ იყო შენობების კურთხევა "მოდური"... დაახლოებით 3 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ აგარაკი იყიდა ზაჰესში. დედამ საბნები მონაზვნებს შეაკერვინა. ახლაც ცხადად მახსოვს აივანზე მოფანტული მატყლი და რამდენიმე მონაზონი. მერე დედამ სვეტიცხოვლიდან მღვდელი მოიყვანა და სახლი აკურთხებინა. მამა წინააღმდეგი იყო, პარტიული გახლდათ. დედას სიტყვები ახლაც ყურში ჩამესმის, - ახლა ბოროტი ძალებისგან დაცული ვართო. სწორედ ასეთი ძალებისგან მინდოდა სკოლის დაცვა.

- ანუ პატრიარქმა აკურთხა?

- თავად ვერ წამოვიდა, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა, თუ რუსეთის საპატრიარქოდან მოწვევას არ მიიღებდა, მაგრამ გამომაყოლა ორი სასულიერო პირი და მგალობლები. მამა დავითი დღეს მეუფე დანიელია, ხოლო მორჩილი პაატა - მეუფე ნიკოლოზი. დადგა 1-ლი სექტემბერი, მოვიწვიე მთავრობის წარმომადგენლები და მგალობლების გალობითა და მამა დავითის კურთხევით გავხსენი სკოლა. მეორე დღეს აღმასკომში გამომიძახეს, თურმე ჯვარი გკიდიათ და შენობაც გიკურთხებიათო. ვუპასუხე, ჯვარი ახლაც მაქვს-მეთქი და ვანახე. მერეო?! მეც ვუპასუხე, მერე-მეთქი? ასე, მერე-მერეს კითხვაში გამოვედი. საინტერესო ის იყო, რომ ჯერ ჩემს დანიშვნაზე ბრძანება არ არსებობდა, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება იყო. გარკვეული დროის შემდეგ ბრძანებასაც მოეწერა ხელი...

როცა ეს სკოლა გაიხსნა, მთელ მოსკოვში მხოლოდ 4-5 ქართველი ბავშვი მოვაგროვე. თან არც ქართული იცოდნენ ხეირიანად, ქართული მხოლოდ გვარები ჰქონდათ.

- 1992-93 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ კონტინგენტი გაგეზრდებოდათ?

- დიახ, 800 ბავშვი გვყავდა.

- ეს ის თაობაა, რომელსაც ომი ყველაზე მეტად უმახინჯებს ფსიქიკას...

- ამ ბავშვებს კარი გავუხსენით და შევიკედლეთ. ოჯახებით შევიფარეთ. ყველაფრით უზრუნველვყავით, დაწყებული კვებით, სამსახურით და საცხოვრებლით დამთავრებული. კარდაკარ დავდიოდი და ვიღაცებს ვეხვეწებოდი, რომ მათთვის ერთნაირად ჩამეცმია, გული რომ არ დასწყვეტოდათ. თან აგრესიულები იყვნენ, ყველაფერს აფუჭებდნენ. მათ "დამანგრევლებს" ეძახდნენ, რადგანაც ამ ომმა ისინი ფსიქოლოგიურად დაანგრია. სახლები დაუნგრიეს, ფუძე მოუშალეს და ეს მათ საქციელში დღესაც აისახება... ჩვენთან აფხაზი, ოსი და ქართველი ერთად სწავლობდნენ და ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს კონფლიქტი ბავშვებში არ ასახულიყო. მასწავლებლებსაც თავისი პოზიცია ჰქონდათ. ყველა გავაფრთხილე, პოლიტიკა და თავიანთი შეხედულებები სკოლის გარეთ დაეტოვებინათ და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემო შეექმნათ.

- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი როგორ აისახა თქვენს სკოლაზე?

-1992-93 წლებში უფრო ნაკლები აგრესია იყო, 2008 წელი... თქმაც კი მიჭირს. ომი რომ დაიწყო, საქართველოში ვიყავი. წამოსვლა დავაპირე. იმ პერიოდში პატრიარქთან სადილად მიმიწვიეს. ვთქვი, რომ წამოსვლას ვაპირებდი, რადგან ჩემ უკან ქართველი ბავშვები იდგნენ. პატრიარქმა მითხრა, სწორი გადაწყვეტილებააო და მეც გამოვფრინდი. 20 აგვისტოს სკოლაში მოვედი. იმ დღიდან კომისია კომისიაზე შემოდიოდა, საგადასახადო, ფინანსური და რა ვიცი, კიდევ ვინ. იმ წელს 36 რევიზიას გავუძელით. მართალია, მეუბნებოდნენ, არაფერს გერჩით, ეს გეგმური შემოწმებააო, მაგრამ... მოგვიანებით გავარკვიეთ, თურმე ერთი ჩვენი თანამშრომელი ქალი ანონიმურ წერილებს წერდა, სკოლაში ისეთი რამეები ხდება, აუცილებლად დაინტერესდითო...

- ბავშვებზე თუ აისახა ეს დაძაბული ფონი? ამბობდნენ, ბევრი ქართული წარმოშობის ბავშვი გარიცხეს სკოლებიდან.

- 2008 წელს არავინ გაურიცხავთ. 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაცია თუ გახსოვთ? იმ დროს სკოლიდან 200 ბავშვს მოუწია წასვლამ.

- ამბობენ, აქაურ საქართველოს ისტორიის წიგნში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ტერიტორიებად არის მოხსენიებული, მართალია?

- როგორ გეკადრებათ! ჯერ ერთი, ჩვენ უახლეს ისტორიას სკოლაში არ ვასწავლით, იმდენად მტკივნეული თემაა. აქ, როცა ყველა ერთ მერხზე ზის, ვერ დავიწყებ იმის ახსნას, ვინ არის მტყუანი - აფხაზი, ქართველი, ოსი თუ რუსი. ეს ხომ მახინჯი პოლიტიკის შედეგია. ვცდილობ, ერთიანობა აქ, ამ კედლებში მაინც შევინარჩუნოთ, ერთმანეთში შუღლი არ ჩამოვაგდოთ.

- ერთმანეთში ხომ არ ჰქონიათ კონფლიქტი?

- არა, არასდროს. რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანული სექტორი გავხსენით და დამძრახეს, მუსლიმანებისა და მართლმადიდებლების ერთად ყოფნა კონფლიქტს გამოიწვევსო. მსგავსი არაფერი მომხდარა...

- თქვენს სკოლაში სწვლობდა საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი?

- დიახ. შარშან დაამთავრა.

- როგორი მოსწავლე იყო?

- ნორმალური.

- როგორი მშობელი იყო გიორგი?

- ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ბავშვი დედასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა მოსკოვში...

P. შ. თუკი მოსკოვის შუაგულში, ერთ მერხზე აფხაზი, ოსი, რუსი თუ აზერბაიჯანელი ბავშვების მეგობრობა მოხერხდა, რატომ არ შეიძლება ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოგვარება?!

თეა ღვანია

მოსკოვი-თბილისი