როგორ გახდა შეყვარებული ბიზნესმენი დაქირავებული მძღოლი (გაგრძელება) - კვირის პალიტრა

როგორ გახდა შეყვარებული ბიზნესმენი დაქირავებული მძღოლი (გაგრძელება)

"26 აგვისტოს ლევანის გაუმხელელ სიყვარულზე გვიამბეთ. "მანქანას დავაწერ, - მე შენ მიყვარხარ, დეა! და ასე ავუხსნი სიყვარულს", - ამბობდა ის... უკვე ორი კვირა გავიდა. რა იღონა ლევანმა, იქნებ გვიამბოთ, როგორ გაგრძელდა მათი ამბავი?" - მოგვწერეს მკითხველებმა, რომლებიც თურმე ახლობელივით გულშემატკივრობენ ლევანს.

მუდარის მიუხედავად, დაქირავებულ მძღოლად გადაქცეული ბიზნესმენი ლევანი საუბარზე ვეღარ დავიყოლიე და იძულებული გავხდი, მისი ახლობელი მომეძებნა, რომელიც შეყვარებული კაცის სიტყვაძუნწობის მიზეზსაც გაგვიმხელდა და იმასაც გვეტყოდა, როგორ განვითარდა მოვლენები.

ლუკა - წერილის დაბეჭდვიდან მესამე დღეს ნახა დეამ გაზეთი. მანქანის უკანა სავარძელზე იდო, იმ გვერდზე გადაშლილი, სადაც თვალში საცემად ეწერა, "მანქანას დავაწერ, მე შენ მიყვარხარ, დეა!". ლევანმა თურმე სარკეში შეამჩნია, რომ დეას კარგა ხანს ჰქონდა გაზეთში თავი ჩარგული, მერე გაბრაზებულმა იქვე მიაგდო და მოიქუფრა... მოკლედ, ძალიან გაბრაზდა. ჯერ იმ მეზობელი ტაქსის მძღოლისთვის დაუყრია ერთი ამბავი, მერე ლევანს გამოუცხადა, ჩემს სახლთან გავლილიც არ გნახოო.

- ასე რამ გააცეცხლა, ლევანს ხომ მისთვის ცუდი არაფერი უკადრებია?

- არ იცი, ქალებს როგორი ხასიათი გაქვთ? ისე, დეას ადგილზე, მეც გავბრაზდებოდი. თუ ვუყვარვარ, პირდაპირ მითხრას, გაზეთში ინტერვიუები რა უბედურებაა, თან სახელები არც შეუცვლია - კიოდა დეა, ქვეყანამ გაიგო ეს სისულელეო... არ დასცალდა ლევანს, რომ ამბობდა, მანქანას დავაწერ, - დეა, მიყვარხარ! და ისე მივადგები სიყვარულის ასახსნელადო. ახლა არც ის გამიკვირდება, ნიკალასავით ვარდები გაიდოს ბეჭზე და დეას ფანჯრებთან დაეყუდოს. სიყვარულის და დეას მონაა ეგ კაცი. დეა რომ ელაპარაკებოდა, ეგ მუნჯდებოდა. მხოლოდ მის შვილთან, ანანოსთან არის ლაღი. ახლაც ანანო რჩება ერთადერთ იმედად და მოკავშირედ.

ლევანი ისე ცუდად იყო, გვეშინოდა, გული არ გახეთქოდა. გაიძახის, დეა ხომ მიყვარს, მაგრამ ანანოს გარეშეც ვეღარ ვძლებო. ბავშვს ისევ ძიძა ჰყავს და როცა დეა სამსახურშია, ლევანი ანანოს სანახავად დადის... დეას ეს რომ გაუგია, ძიძას დამუქრებია, დაგითხოვო...

გადავწყვიტე, დეა მენახა... გაცოფებული იყო, ეს არ უნდა გაებედაო... თქვენ რომ წერდით, მეც ისე ვუთხარი - დეა, სიყვარული ჭკვიანს აგიჟებს და გიჟს აჭკვიანებს, შეყვარებული კაცისგან რას ითხოვთ, ხომ არაფერი დაუშავებია, ძაღლივით ერთგულად დაჰყვებოდა თქვენს ნაბიჯებს-მეთქი. კარგა ხანს გაჩუმებული იყო, მერე მაინც აქოთქოთდა, ასე არ უნდა მომქცეოდაო... მთელი სამეგობრო ლევანის სიყვარულით ვართ დამწვარი, აღარ ვიცით, რა მოვუხერხოთ...

- ანანოს საიდუმლო ანგარიშის ამბავს როგორ შეხვდა დეა?

- გაგიჟდა, რაში სჭირდებოდა ჩემს შვილს სხვისი ფულიო. ვუთხარი, სხვისი არა, შენი ფულია-მეთქი. ლევანს ხელფასს ხომ უხდიდი, რომელიც არაფერში სჭირდებოდა და ჩემი მეგობარიც ბავშვს უგროვებდა. რა არის ამაში გასაგიჟებელი, არ მესმის... ქალი რომ ვიყო და ასეთ კაცს ვუყვარდე, სიხარულით ცას ვეწეოდი. ყველა იმას ჩივის, კაცები დაჩაჩანაკდნენო. Aაჰა, ბატონო, დაჩაჩანაკდა კი არა, სიყვარულისთვის ათას სიგიჟეზეა წამსვლელი. ვინ არის დამნახავი?

- როგორ ფიქრობთ, შერიგდებიან?

- ლევანი არავის გაბუტვია. დეამ ააგდო ქვა, მაგრამ მგონი, ანანო გვიშველის და ეგ ქვა არავის მოხვდება თავში. დეას თურმე ყოველ დილით ეხვეწება, ლევანთან წავალო. საქმეში ჩართვას აპირებენ ლევანის დედა, და, ძმა და რძალი. მივალთ და იმ ქალს დაველაპარაკებით, ხომ ჰქონდათ გადასარევი ურთიერთობა, ახლა ბრაზი დასძლიოს და კარზე მისულ ბედს ხელი არ ჰკრასო. საბრძოლო სტრატეგია შემუშავებული გვაქვს, ვიმედოვნებთ, ყველაფერი ქორწილით დასრულდება...

პ.ს. გაგრძელება იქნება.