შორენა, დააბინძურე გარემო!
გახსოვთ, ალბათ, სამიოდე წლის წინ სექსსიმბოლოდ აღიარებული შორენა ბეგაშვილი გარემოს დაბინძურებისთვის 200 ლარით დაჯარიმდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მშვენიერ შორენას ვერტმფრენიდან საინფორმაციო ბუკლეტების გადმოყრა არ აპატია, არადა, მსახიობი სულაც არ მოქმედებდა საკუთარი ინიციატივით, როლი ჰქონდა ასეთი... გარემოს დამცველებმაც, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ შორენას, როგორც ცნობილი ადამიანის, დაჯარიმება თვალში საცემი იქნებოდა და ადმინისტრაციული კოდექსის 146-ე მუხლსაც უფრო დასამახსოვრებელს გახდიდა, ლამაზმანის ჯიბეს დაარტყეს და არა ქაღალდების ჰაერში აფრიალების ინიციატორ ორგანიზაციას.
კანონმდებლობის მიხედვით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების საზოგადოებრივ ადგილებში, გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის და დასუფთავების წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები, დაწესებულებები და ორგანიზაციები 1.000 ლარით დაჯარიმდებიან. განმეორებით შემთხვევაში გარემოს დაბინძურების გამო ფიზიკურ პირს - 500 ლარის, იურიდიულ პირს კი 3.000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.
შორენა, დააბინძურე გარემო! შენი დასჯა ვერ გამოდგა სამაგალითო! ხალხმა ვერ შეიგნო, რომ გარემოს დაბინძურებისგან უნდა იცავდეს და არ ანადგურებდეს. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ კანონდარღვევაზე სამართალდამცველებიც თვალს იბრმავებენ. არ მსმენია, ვინმე დაეჯარიმებინოთ პოლიეთილენის ბოთლების, პარკების ან სხვა ნაგვით გარემოს დაბინძურების გამო. არადა, დარწმუნებული ვარ, ჯარიმების რაოდენობით ბიუჯეტს შევავსებდით...
რამდენიმე დღის წინ დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი ასეთ ფაქტს შევესწარი: 60 წელს მიტანებულმა ბებიამ ჩვილ შვილიშვილს სახალხოდ, უბოდიშოდ გამოუცვალა პამპერსი, ცელოფანში გაახვია და ხაშურის შესასვლელთან მთელი ძალით გაიქნია ფანჯრიდან. ეს რა ქენით, ქალბატონო-მეთქი, - შევიცხადე. რა ვქენიო, შემომხედა გაოცებულმა. თქვენ ახლა 200 ლარი გადააგდეთ-მეთქი. რაის 200 ლარი, გიჟი ხომ არა ხარ, პამპერსი გადავაგდეო, - მიპასუხა გაგულისებულმა. სახეზე ეწერა, რომ სრულ ჭკუაზე არ ვეგონე. შევეცადე, ამეხსნა, რომ გარემოს დაბინძურება ჯარიმას ითვალისწინებს, მაგრამ ვინ მაცალა?! რას ბოდავო? - იკივლა მოთმინებადაკარგულმა. შევთავაზე, თუ მომისმენთ, ყველაფერს აგიხსნით, ან შემიძლია პატრული გამოვიძახო, ის კი ჯარიმასაც გამოგიწერთ-მეთქი. მოკლედ, საქმეში მთელი მიკროავტობუსი ჩაერია. ჯერ ინტრიგანად მომნათლეს, შემდეგ კი, როდესაც ჩემი `კანონიერი ინტრიგანობის~ არსი ავუხსენი, მეხვეწ-მემუდარნენ, შეიბრალე ქალი, სად ექნება 200 ლარიო?! დამნაშავეს ხელი დავაფარე და პოლიციაში აღარ დავრეკე, არადა, ვნანობ. ეს სასჯელი მიკროავტობუსში მყოფი 15-მდე კაცისთვის ხომ გახდებოდა სამაგალითო?! ახლა იქით რომ დამაჯარიმონ, ხომ ვარ ღირსი?!
ჯერ კიდევ შარშან ცენტრალური ავტოსატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ დადიოდნენ დასუფთავების მანქანები და გზის პირას თვალში საცემი სისუფთავე იყო. თითქმის წელიწადია ეს ყველაფერი გაქრა. როცა მიზეზის გარკვევა ვცადე, გამგეობებმა ხელი სატრანსპორტო გზების დეპარტამენტისკენ გაიშვირეს, მათ მოჰკითხეთ, კონტრაქტორი კომპანიები ჰყავთ დაქირავებული გზების მოვლა-შენახვისთვისო. დეპარტამენტში კი განმიცხადეს, რომ კონტრაქტორებს გზის სავალი ნაწილის მოვლა ევალებათ და არა დაუდევარი მოქალაქეებისგან დაბინძურებული გარემოს დალაგება(?!). სანამ ნაგავი წაგვიღებდეს, გაარკვიეთ, ვინ დაალაგებს საქართველოს, თორემ ჩავიხრჩვით ნაგავში!