თბილისური ხაფ(რ)ანგი - კვირის პალიტრა

თბილისური ხაფ(რ)ანგი

კარგად მახსოვს, 2006 წლის 2 სექტემბერი იყო - განახლებულ "დინამოზე" საფრანგეთის ნაკრებს დიდ გულზე რომ დავუხვდით. მატჩის წინა სატელევიზიო სლოგანებში მაშინ ისე დამაჯერებლად გვპირდებოდნენ, "მამლაყინწებს" (საფრანგეთის ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) კისერი უნდა მოვუგრიხოთო, საქათმეში შეპარულ მელას შეშურდებოდა, თუმცა... დიდ გულზე დავხვდით და დიდი ანგარიშითაც წავაგეთ - 0:3.

იმ მატჩიდან მეშვიდე წელს "მამლები" ისევ ჩამოვიდნენ თბილისში. ამჯერად, ბაქიბუქი აღარ მოგვისმენია. სამაგიეროდ, ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ დაცვაში დგომა არ ეხერხება და ესპანეთთან, თბილისური მატჩისგან განსხვავებით, არც მხოლოდ ბურთის მოგერიებაში ხარჯავს მთელ ენერგიას. "მამლებთან" მატჩმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს ორგანიზებული თამაშიც შეუძლია და ისიც, ლაზათიანი შეტევები საფრანგეთისდარ გუნდთანაც გამოურიოს. რაც მთავარია, პარასკევის შეხვედრაში ის ვნახეთ, რასაც ქომაგი საქართველოს ნაკრებისგან ითხოვს - თავგანწირული ბრძოლა! შედეგად კი, გამართული დაცვა, ინდივიდუალური "გამონათებები" და თამაში, როგორსაც საქართველოს ნაკრებისგან, ალბათ, ყველაზე თავგადაკლული გულშემატკივარიც კი არ ელოდა. ნამატჩევს ტყუილად კი არ დაწერა ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა, საფრანგეთის ნაკრები თბილისურ ხაფანგში გაებაო...

ქვეჯგუფში გაპირველებაზე მეოცნებე ფრანგებს სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ, თუმცა, მასპინძელთა თავგანწირული ბრძოლის, დაცვაში დამაჯერებელი გარჯისა და გიორგი ლორიას საოცარი თამაშის წყალობით თბილისიდან მხოლოდ ქულა წაიღეს. არადა, დეშამის ნაკრებს თბილისში იმდენი ჟურნალისტი ჩამოჰყვა, "დინამო არენას" ტრიბუნებზე დიდი ხანია არ გვინახავს. ერთ-ერთი მათგანი, ლე პარიზიენ-ის კორესპონდენტი, ჩემ გვერდით იჯდა და მატჩის 50-ე წუთზე წყვილადაც წამოვხტით - ის ეპიზოდი იყო, თორნიკე ოქრიაშვილმა ჯერ უგო ლორისს, დამატებაზე კი კარის ძელს რომ "ვერ აჯობა"... ფრანგი კოლეგა შესვენების დროსაც გამომელაპარაკა და სარბენ ბილიკზე მყოფ სპორტსმენებზე მკითხა, ვინ არიან და ასეთი ოვაცია რით დაიმსახურესო. ავუხსენი, რომ მსოფლიო ჩემპიონს - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს უყურებდა. ისიც დავამატე, გუნდური პირველობის მერვედფინალში ქართველებმა სწორედ შენი თანამემამულეები დაიფრინეს-მეთქი... ბუნებრივია, ეს ამბავი დიდად არ გახარებია, მაგრამ გულში კი გაიფიქრებდა, სამაგიეროდ, ჩვენ ფეხბურთში ვართ მსოფლიო ჩემპიონები და ჯერ მეორე ტაიმიც წინ არისო.

მართლაც წინ იყო, მაგრამ ბოლო წუთებზე ლორიას ფანტასტიკურ თამაშს თუ არ ჩავთვლით, აშკარა საგოლე მომენტები არც სტუმრებს ჰქონიათ. როგორ არა, მჭიდრო მეურვეობის მიუხედავად, რიბერიმ და ვალბუენამ რამდენჯერმე მაინც მოახერხეს ქართულ დაცვაში ნაპრალის მოძებნა, მაგრამ სტუმართა შეტევებს ხან სიზუსტე აკლდა, ხან ლორია აღმოჩნდებოდა ხოლმე "უადგილო" ადგილას...

და ქართველები? ჯაბა კანკავამ აგერ უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ არად დაგიდევთ, წინ რიბერი უდგას თუ ინიესტა - ტყუილად ხომ არ შეარქვეს უკრაინაში "ქართველი ტერიერი"? ფრანგთა ახმახი მცველები ოქრიაშვილმა, კობახიძემ და ანანიძემაც რამდენიმე ეპიზოდში "ათრიეს" და წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მიზეზი აქაც უნდა ვეძებოთ - ფრანგებმაც იგუმანეს, ქართველ შემტევებთან ხუმრობა რომ არ შეიძლებოდა. თუმცა, გოლის გასატანად მხოლოდ იღბალი არ კმარა და თემურ ქეცბაიასი არ იყოს, როცა "მშრალი" სერიის გამო ქარიმ ბენზემას აკრიტიკებენ, საქართველოს ნაკრებმა რაღა უნდა თქვას?!

ფეხბურთშიც ძიუდოსავით რომ გვქონდეს საქმე, რაღა გვიჭირს... და მაინც, ჩვენმა გუნდმა ჩვეულებას არ უღალატა, შესარჩევი ციკლის მიწურულს მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდი გაამწარა და აგერ მერამდენედ დაამტკიცა, რომ შინ გაცილებით უკეთ თამაშობს. საფრანგეთთან მატჩი ის შემთხვევაა, როცა წინა მატჩების გახსენება აღარ გინდა და იმედოვნებ, რომ მომავალი თამაშები უკეთესი იქნება.

მომავალი მეტოქე კი ფინეთია. კარგი იქნება, თუ პარასკევის მუხტი ჩვენს გუნდს სამშაბათსაც გაჰყვება, თბილისურ "ხაფანგში" სუომელებიც გავაბით და მესამე ადგილისკენ მიმავალ გზაზე ფინური ფიანდაზიც დავიფინეთ.