წერილი რედაქციას - ჩვენ სადა ვართ? - კვირის პალიტრა

წერილი რედაქციას - ჩვენ სადა ვართ?

ღია წერილი #2

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს

მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს

ღია წერილით ადრეც მოგმართეთ, გთხოვდით, მეტი ყურადღება დაგეთმოთ ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის (2013 წლის 26 მარტი, გაზეთი "რეზონანსი"). თქვენი შეხვედრები მხოლოდ სააკაშვილის კონტროლირებად მსხვილ ბიზნესმენებთან არათუ ვერ გააუმჯობესებდა ბიზნესგარემოს, შეშფოთებასაც იწვევდა. ვითხოვდით, ამ შეხვედრებზე ერთი-ორი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელიც მიგეწვიათ. არჩევნებიდან ათი თვის შემდეგ, წინსვლის ნაცვლად, ეკონომიკური სტაგნაცია გვაქვს. საზოგადოების უპირველესი დაკვეთა ადამიანის უფლებების დაცვა იყო და ბევრიც გაკეთდა, აღარ არის შიში, რომ ხელისუფლება ქუჩაში კაცს მოკლავს, აწამებს, უკანონოდ დააპატიმრებს, ქონებას წაართმევს და სხვ. ნომერ მეორე დაკვეთა კი სამართლიანობის აღდგენა იყო: ეფექტური გამოძიება, ქონების დაბრუნება, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება... იქნებ დაგვისახელოთ თუნდაც ერთი ფაქტი, რამდენიმე წართმეული ავტომობილისა და ტელეკომპანია "იმედის" გარდა, რომელი ქონებრივი დავა გადაწყდა დაზარალებულის სასარგებლოდ, ან რომელი საქმის გამოძიება დამთავრდა და გადაეცა სასამართლოს.

ბატონო ბიძინა! არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც თქვენ განაცხადეთ, ქონებრივი დავები ბევრი იქნება და უმჯობესია, თვითონ უკანონოდ მიმთვისებლებმა დააბრუნონ წართმეული ქონებაო. არც ერთი ასეთი ფაქტი არ გვაქვს.

ძალიან მინდოდა და შევძელი კიდეც კოაბიტაციის პროცესის გაგება. მესმის, რომ უნდა დავემსგავსოთ ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროს, მაგრამ ვერ ვიგებ დამნაშავეთა დაუსჯელობას, გამოუძიებელ საქმეებს, ქონების დაუბრუნებლობას. უფრო მეტად ვერ ვიგებ უარესს - ხელისუფლების ლოიალურობასა და თანამშრომლობას იმ მსხვილ ბიზნესთან, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აკონტროლებდა და მართავდა.

ძალიან კარგად მესმის ენერგეტიკის მინისტრის კ. კალაძის, მას სურს აშენდეს მრავალი ახალი ელექტროსადგური. ის ხელს აწერს მემორანდუმს ს/ს "საქართველოს ბანკის" დირექტორ ირ. გილაურთან. მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ცუდად ესმით ჩემს გამომძიებელს, ზედამხედველ პროკურორს ან შსს თანამშრომლებს, რომლებიც ადმინისტრაციულ საჩივრებს იხილავენ. ეს ხალხი (წინა ხელისუფლების გამოზრდილი) ცხრა წელი ყურადღებით იყო, როგორი გადაწყვეტილებებით ესიამოვნებინათ სააკაშვილისა და ადეიშვილისთვის, რათა მათი ფავორიტები, მათ მიერ კონტროლირებული ბიზნესი გაფურჩქნილიყო... ამ მემორანდუმის ხელმოწერას ტელევიზიით მაინც ნუ გააშუქებდით, მე დავა მაქვს ამ ბანკთან და ამის მერე ობიექტური გამოძიების იმედი ნაკლები მექნება, რადგანაც გამომძიებლები საბოლოოდ დარწმუნდებიან მის ხელშეუხებლობასა და ყოვლისშემძლეობაში.

2012 წლის ოქტომბრის ისტორიული არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტელეკომპანია "კავკასიის" პროგრამა "ცხელ ხაზში" ალეკო ელისაშვილმა ჩემზე თქვა: "ერთადერთი ბიზნესმენი ნოდარ მოსულიშვილია, რომელმაც გაბედა და "კავკასიისა" და მედიის სხვა საშუალებებით სიმართლე უთხრა მაშინდელ რეჟიმს, ბიზნესის მიმართ მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე". ბატონო ნოდარ! თქვენ იყავით ამ გადაცემის სტუმარი და თქვით: "მე ვიცნობ ბატონ ნოდარს და დარწმუნებული ვარ, სასამართლოს გზით დაიბრუნებს თავის ქონებასო". მინდა გკითხოთ ათი თვის შემდეგ, ბატონო მინისტრო: ახლაც ასე ფიქრობთ?

ბატონო ნოდარ, 1-ელ აგვისტოს თქვენ და ინფრასტრუქტურის მინისტრი დ. ნარმანია დაესწარით ფოსტის შენობაში ახალი სასტუმროს მშენებლობის პრეზენტაციას, რომელსაც ახორციელებს "სილქ როუდ ჯგუფი" და განაცხადეთ, რომ საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა, როცა ამგვარი პროექტები ხორციელდებაო. "სილქ როუდ ჯგუფის" მფლობელ გ. რამიშვილის გვერდით სააკაშვილი აღარ ჩანს, მაგრამ უცნაურია, თქვენ და დ. ნარმანია რატომ ჩნდებით, ან როგორ არის კარგი გარემო ბიზნესისათვის, ან როდის იყო გ. რამიშვილისთვის ცუდი გარემო.

საზოგადოებამ იცის, რომ სააკაშვილის მოთხოვნით ე.წ. ანდროპოვის ყურების ნგრევის დროს, სწორედ ამ კომპანიის მიერ მშენებლობის ნორმების დაუცველობითა თუ ნაგვის გატანის ვადების დარღვევით გამაკოტრეს, შედეგად გამიყიდეს "ანდროპოვის ყურების" სიახლოვეს მდებარე რესტორანი, საცხოვრებელი ბინა, გაოხრდა 50 ჰექტარი ვენახი, ოთხი წელია მიგდებული მაქვს 180 ჰექტარი მიწა, სადაც 150 კაცს ვამუშავებდი. ბატონებო, ეს ის გიორგი რამიშვილია, 2011 წლის საუკეთესო ბიზნესმენის დასახელებისას ნასვამი სააკაშვილი ორი საათის დაგვიანებით რომ მივიდა და დააჯილდოვა მთავარი პრიზით, სიტყვებით "აქაც შენა ხარ"... ვაპირებდი საჩივრის შემოტანას თქვენი სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში "სილქ როუდ ჯგუფის" დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების შესწავლისთვის. გამომძიებლები ალბათ გაიგებდნენ, რომ ახალი სასტუმროს პრეზენტაციას დაესწარით გ. რამიშვილთან ერთად. იმედი უნდა მქონდეს ობიექტური გამოძიების?

ვერ გამიგია, მართლა მუშაობს თუ არა პარლამენტში ჯგუფი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე. ან რისთვის კარგავენ ფუჭად დროს ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანი ბაზრისთვის ამ აუცილებელი კანონმდებლობის ხელახლა შექმნისთვის, როცა ჩვენს ქვეყანაში არსებობდა 1996 წლის კანონი "მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ"? მას 1998 წლის მარტში საქართველოში მყოფმა ევროსაბჭოს ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს. აღგვედგინა ეს კანონი არჩევნებიდან ორ-სამ თვეში. შეიძლება ვინმემ იკითხოს, ნუთუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსო? დიახ, ბატონებო, აქვს, მილიონ-ნახევარ ჩვენს ემიგრანტს აინტერესებს, საქართველოში რა ვითარებაა. როგორი ბიზნესგარემოა, სამართალი და სამართლიანობის აღდგენა როგორ მიმდინარეობს, არიან თუ არა მონოპოლისტები; ამ ხალხს ერთი სული აქვს, სამშობლოში დაბრუნდნენ. თუ დაინახავენ, რომ სწორი ნაბიჯები იდგმება, დაიწყებენ დაბრუნებას, რაც ძალიან დიდი თანხის, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდის შემოტანას ნიშნავს, და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იქნება.

მეტად ჰუმანური აქტი მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ამნისტიით უამრავი პატიმარი გამოვიდა, სადღაც ხომ უნდა ამუშაონ? თითო-ოროლა მონოპოლისტის გამო, რატომ ვკარგავთ ამხელა შანსს. რას ნიშნავს კოაბიტაცია? ახალი ხელისუფლების თანამშრომლობას ოპოზიციასა და მათ მსხვილ ბიზნესთან? ჩვენ სად ვართ? მცირე და საშუალო ბიზნესმენები, ქონებაწართმეულები, ყოფილი ბიზნესმენები, სამართლიანობის აღდგენის მომლოდინეები მოგმართავთ, გთხოვთ, გვითხრათ - ჩვენ სადა ვართ?

ნოდარ მოსულიშვილი,

ააიპ "მცირე და საშუალო მეწარმეები სამართლიანობისა და ღირსებისათვის" თავმჯდომარე, ყოფილი მეწარმე, ყოფილი მევენახე.