ლაშა ბაქრაძე: "შემეშვით და თავი დაანებეთ სხვისი ოჯახის საქმეებში ქექვას!" - კვირის პალიტრა

ლაშა ბაქრაძე: "შემეშვით და თავი დაანებეთ სხვისი ოჯახის საქმეებში ქექვას!"

პუბლიცისტმა და ისტორიკოსმა, ლაშა ბაქრაძემ, ქართული საზოგადოება საკმაოდ გულახდილი ფოტოთი გააოცა. მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შიშველი მეუღლისა და შვილის ფოტო გამოაქვეყნა. ბაქრაძე წერდა, რომ მას სურდა ფოტოსთვის "Madonna and Child" დაერქმია, თუმცა ამას კარგად ვერ გაიგებდნენ. "ახლაც ვერ გაგვიგებენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი... სრულიად ავადმყოფების გარემოცვაში ვიმყოფებით. მხოლოდ სიშიშვლეს ხედავენ. ჩადრის დროა." ეს ფოტო და ბატონი ლაშას სიტყვები შემდეგ მთელ სოციალურ ქსელში გავრცელდა და ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული კომენტარები მოჰყვა:

"საზოგადოების განათლებული წევრები თუ გაიხდიან ეს ხელოვნებაა, მაგრამ სხვები თუ გაიხდიან, ისინი მსუბუქი ყოფაქცევისანი არიან?!"

"ვისაც უნდა ჩადრით ივლის, ვისაც უნდა შიშველი. ოღონდ თავისი ადგილი აქვს ყველაფერს. მარაზმში არ უნდა გადახვიდე ჩემო ლაშა..."

"ძალიან საყვარლები არიან ბავშვიც და დედაც, რა სჭირთ შეუხედავობის?!"

"ნამდვილად დამწყდა გული, ლაშა ბაქრაძე უფრო თავისუფალი სულის ადამიანი მეგონა, არადა კომპლექსიანი ყოფილა... ეს ფოტო "მადონა და ყრმას" სულ არ მოგაგონებს, ძალიან მდარე ფოტოა, რომელზეც ოჯახური "ჭუჭყიანი საცვლები" ჩანს..."

"ლაშას რომ სჯით, საკუთარ თავებს რატომ არ აკვირდებით? რატომ გაქვთ ასეთი მძაფრი რეაქცია, ვერ უნდა მიხვდეთ რომ უაზრო ციციკორეები ხართ?!"

ერთი სიტყვით, ფოტოს გამოქვეყნებას ჩვენი საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ ყველაფერზე თვით ლაშა ბაქრაძის აზრიც გაგვეგო. გამოგიტყდებით, ბატონ ლაშასთან სავსებით ნორმალური, სერიოზული ინტერვიუს ჩაწერას ვაპირებდი, მსურდა გამეგო, რატომ მიიჩნევს ის, რომ "ვადმყოფების გარემოცვაში ვიმყოფებით", ან რატომ არის ჩადრის დრო საქართველოში? ენის წვერზე ათასი კითხვა მიტრიალებდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისგან ინტერვიუს კი არა, უბრალო კომენტარსაც ძლივს ვეღირსე: ის ძალიან განაწყენებული გახლდათ და ჩვენს შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი გაიმართა:

- ბატონო ლაშა, "კვირის პალიტრიდან" გირეკავთ. გვაინტერესებს, რატომ დადეთ ეს ფოტო სოციალურ ქსელში?

- თავი დამანებეთ, ნაძირლები ხართ ყველანი... (!)

- უბრალოდ, გვაინტერესებს, რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩადრის დროა?

- შემეშვით და თავი დაანებეთ სხვისი ოჯახის საქმეებში ქექვას!

და ამ სიტყვებით ტელეფონი ყოვლად უბოდიშოდ და უცერემონიოდ გათიშა...

პ.ს. შეიძლება ბატონ ლაშას იმ დღეს ბევრმა ჟურნალისტმა დაურეკა, შეიძლება მართლაც გაღიზიანებული იყო, მაგრამ როცა პოპულარული, ცნობილი ადამიანი სოციალურ ქსელში ასეთ ფოტოს გამოფენს, განსხვავებულ რეაქციას არც უნდა ელოდეს. მგონი, ჩვენი ხალხის რეაქციაც სავსებით ადეკვატური იყო - დამერწმუნეთ, ეს მხოლო ჩემი აზრი არ არის...

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)