თავისკვეთა წმინდისა და პატიოსნისა იოანე ნათლისმცემლისა - კვირის პალიტრა

თავისკვეთა წმინდისა და პატიოსნისა იოანე ნათლისმცემლისა

დღევანდელ დღეს ეკლესია მძიმე მარხვით ხვდება-სწორედ ამ დღეს მოჰკვეთეს თავი მას, ვისზეც უფალმა ბრძანა, რომ არ შობილა მასზე აღმატებული ადამიანთა შორის. 11 სექტემბერს, ჰეროდეადას სურვილითა და ჰეროდეს ბრძანებით, ჰეროდიადას ლანგრით მიართვეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოჭრილი თავი.

მაგრამ მანამდე. . .

ისრაელში მცხოვრებ წყვილს, ელისაბედსა და ზაქარიას, რომლებიც კეთილმსახური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ, შვილი არ ეძლეოდა. ზაქარია მღვდელმსახური იყო. ერთხელ იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველში შევიდა, რათა საკმეველი ეკმია ღვთისათვის. უამრავი ხალხი ესწრებოდა გარეთ ღვთისმსახურებას. ამ დროს მთავარანგელოზი გაბრიელი იხილა, საკურთხევლის მარჯვენით მდგომარე, რომელმაც აუწყა მას: "შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე" (ლუკა, 1, 13). მაგრამ ზეციურმა მაცნემ ისიც გაუმხილა ღვთისმსახურს, რომ ეს მხოლოდ მისი, ზაქარიას ოჯახის, სიხარული არ იქნებოდა: "მრავალთა შობასა მისსა განიხარონ. რამეთი იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღვინოი და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაელისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა" (ლუკა, 1, 14-16). ეს ყრმა, წინასწარმეტყველთან ერთად, მესიის წინამორბედიც უნდა ყოფილიყო: "და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაისითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაითა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული" (ლუკა, 1, 17).

და, რადგან არ დაიჯერა ზაქარიამ საკუთარი და მეუღლის ასაკის გამო, განრისხდა ზეციური მაცნე და უთხრა, რომ ამ ურწმუნოებისათვის დაისჯებოდა-დამუნჯდებოდა, ვიდრე თავად არ იხილავდა აღსრულებულ სასწაულს. ასეც მოხდა.

გავიდა ხანი და იშვა ყრმა, რომელსაც, ანგელოზის გამოცხადების თანახმად, იოანე უწოდეს.

ორ წლამდე მშობლების სახლში იზრდებოდა კეთილმოშიშებითა და კრძალულებით. მერე კი, იძულებული გახდა, დედასთან ერთად უდაბნოში გახიზნულიყო: უსჯულო ჰეროდემ, იესო ქრისტეს მოკვლის მიზნით, ბეთლემში ყველა ორ წლამდე ასაკის ვაჟის ამოწყვეტა ბრძანა. 14 000 ყრმა მოისრა იმ დღეს ბეთლემში "და სტიროდა რაქელ შვილთა თვისთა". ზაქარია იერუსალიმში დარჩა, რადგან მღვდელმთავრის მოვალეობა უნდა შეესრულებინა. და საკურთხეველს დააკლეს მეომრებმა იმის გამო, რომ არ გაამხილა გახიზნული შვილის ადგილ-სამყოფელი.

ელისაბედი და იოანე უდაბნოდან აღარც გამოსულან. ელისაბედი მალევე გარდაიცვალა უდაბნოში, ანგელოზისაგან დაცული "ყრმაი იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელის მიმართ"(ლუკა, 1, 80); იკვებებოდა თაფლითა და მკალით, "ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა" (მათე, 3, 4).

მერე კი. . .

იწყო ქადაგებად სინანულისა, რადგან მოახლოებულიყო ცათა სასუფეველი. გამოვიდა მარტოობიდან, რათა მონანულთათვის ნათელ-ეცა იორდანეს წყლით, რათა თავად განკაცებული მაცხოვარი მოენათლა, რათა განემზადებინა გზანი უფლისანი. ცოდვილებს ამხელდა, მონანულებს ნათელ-სცემდა, ხოლო ფარისევლებს მრისხანედ უტევდა:"ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლვაი მერმისა მისგან რისხვისა?" (მათე, 3, 7)

მერე მაცხოვარიც მოვიდა იორდანეს ნაპირებზე, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთაგან თქმული. და ნათელ-იღო ხელთაგან იოანესთა,

მერე უთხრა თავის მოწაფეებს, რომ მოსულიყო ჭეშმარიტი მესია. და ქრისტესთან გააგზავნა ისინი. თავად კი კვლავ დაუზოგავად ამხელდა ცოდვისმოყვარულთ. მათ შორის ერთ-ერთი გალილეის მმართველი, ჰეროდე ანტიპა, იყო, რომელმაც საკუთარი რძალი დაისვა ცოლად. წმინდა იოანე ნათლისმცემელმა ყველას წინაშე ამხილა იგი. მეფემ მისი შეპყრობა ბრძანა, მაგრამ არ მოაკვლევინა, რადგან მართალ და წმიდა კაცად თვლიდა; თანაც, ხალხის ამბოხისა ეშინოდა. იბარებდა ხოლმე პყრობილს, ესაუბრებოდა და, მისგან შთაგონებული, მრავალ სიკეთესაც აღასრულებდა. მაგრამ ჰეროდიადას უკლავდა გულს წინასწარმეტყველის მართალი სიტყვები და მისი მოკვდინება სურდა. თუმცა, ვერ გადადიოდა ქმრის ნებას, რომელიც იცავდა იოანეს.

11 სექტემბერს, ჰეროდეს დაბადების დღეზე, მოიწვიეს გალილეის ყველა წარჩინებული უხუცესი და ოლქის მმართველი. დიდებული ნადიმი გაიმართა. ბოლოს სალომეამ იცეკვა, რომელიც ჰეროდეს გერი იყო. და მთვრალმა აღფრთოვანებულმა მამინაცვალმა ყველაფრის მიცემა აღუთქვა, რასაც კი მოისურვებდა. დედისაგან წინასწარ დარიგებულმა სალომეამ წმ. იოანეს თავი მოითხოვა. ჰეროდე შეწუხდა, მაგრამ თანამესუფრეებისა მოერიდა და სულ მალე სალომეამ დედას მიართვა ლანგარზე დადებული წინასწარმეტყველის თავი. უკვე მოკვეთილმა თავმაც კი ამხილა უსჯულოებაში მყოფნი და გამწარებულმა ჰეროდიადამ ნემსით დაუჩხვლიტა ენა.

დედოფლის ბრძანებით, უწმინდურ ადგილას ჩაფლეს მოკვეთილი თავი, მაგრამ ის იმავე ღამეს ამოთხარა კეთილმსახურმა ქალმა და ელეონის მთაზე დაკრძალა.. იოანეს სხეული კი მისმა მოწაფეებმა მისი მკვლელობის ადგილას დაფლეს.

მერე კი. . . ზამთარში, მდინარეზე გადასვლისას, სალომეას ფეხქვეშ ყინული ჩაუტყდა და ჩავარდა ისე, რომ ტანი ყინულქვეშ, წყალში ჩაეკიდა, თავი კი ყინულს ზემოთ დარჩა. მანამდე ფართხალებდა, ვიდრე ყინულის ბასრმა პირმა ყელი არ გადაუჭრა. მისი თავიც ისევე მიართვეს ჰეროდიადას, როგორც ოდესღაც წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)