აბა, რას ვიმსახურებთ, ბატონო თემურ?! - კვირის პალიტრა

აბა, რას ვიმსახურებთ, ბატონო თემურ?!

- ჩემს წინა ბლოგში ვთქვი (რომელიც საქართველო-საფრანგეთის თამაშის მერე დავწერე) რომ ქეცბაიაზე არაფერს ვიტყოდი, არ ვიცი, ალბათ გუმანით ვიგრძენი, რომ ქვემოთ რასაც დავწერ იმის დაწერა მომიწევდა...

უკვე მერამდენე წაგებული მატჩის შემდეგ გვესმის ბატონი თემურისგან - ამ თამაშით წაგებას არ ვიმსახურებდით. უკაცრავად და სწორედ ამ თამაშით, რას ვიმსახურებდით, ბატონო თემურ?! როცა საშუალოზე დაბლა მდგომ გუნდს საკუთარ მოედანზე ეთამაშები და ერთ ხეირიან მომენტს ვერ ქმნი, ბოლო 25 წუთი ისე დაღოღავ, თითქოს ელემენტი დაგეცალა და დაჭეჭყეს, რომ ცოტა ხანს კიდევ გაძლოს, როდესაც ეს საშუალო გუნდი ერთ ასპროცენტიან მომენტს ვერ იყენებს (რევიშვილის ცენტრში გამოსვლისას შექმნილ მომენტს ვგულისხმობ), მეორე ასპროცენტიან გოლს არ უთვლიან (წვრილ-წვრილ სახიფათო მომენტებზე აღარ შევჩერდები) და შენ ამ დროს იმდენად სწორხაზოვან და უღიმღამო ფეხბურთს თამაშობ, ბრმაც კი წინდაწინ ამოიცნობს შენ ყველა შეტევას, ასეთ შემთხვევაში, წაგებას კი არა, განადგურებას იმსახურებ!!! მადლობა ღმერთს, ფინელებს კლასი არ ეყოთ, თორემ...

საფრანგეთთან თამაშის მერე ბიჭები ფიზიკურად დაიღალენო. დალოცვილო, ევროპულ ლიგებში კვირაში სამი თამაშის ჩატარება უწევთ და დაღლილობისა არაფერი ეტყობათ და ესენი ერთმა თამაშმა როგორ დაქანცა?

თამაშის მერე გულშემატკივრები იძახდნენ, მსაჯმა წაგვაგებინა თამაშიო. ის ავადსახსენებელი პენალტი, ოდენ 73-ე წუთზე დანიშნა არბიტრმა. როცა მოგება გინდა, 73-ე წუთამდე მინიმუმ 2-3 მომენტი მაინც უნდა გქონდეს შექმნილი, რომ მერე ყველაფერი მსაჯს გადააბრალო.

გუშინდელი ჩვენი ნაკრები თავწაჭრილ ქათამს გავდა, რომელიც სანამ სისხლისგან არ დაიცლება, ინერციით დაბარბაცებს. არავინ დავობს, რომ თემურ ქეცბაიას, როგორც მწვრთნელს რესურსი აქვს, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ერთ კონკრეტულ ადგილას ადამიანი თავის შესაძლებლობებს ამოწურავს და მერე იწყებს ერთი ადგილის ტკეპნას. არ ვიცი, ჩვენ ეროვნულ ნაკრებს თემურზე ჯვარი აქვს დაწერილი თუ არა, მაგრამ თუ აქვს, მგონი დროა, საჭირო ხალხი ჩავრიოთ და ჯვრის აყრა მოვახდინოთ, თორემ ასე გაგრძელება უკვე მეტისმეტია. გუშინწინ ყაზახეთი, გუშინ ფინეთი (მანამდე მალტა) და ხვალ, ეგებ ლუქსემბურგიც ფავორიტად ჩამოვიდეს საქართველოში.

ქეცბაია ხშირად ამბობს, რომ ძლიერი შემსრულებლები არ ყავს, საინტერესოა როდესაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდა მაშინ ასეთად ეგულებოდა ვინმე? როგორ დავიჯერო რომ გნებავთ, ყაზახეთის ან თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხეთის ნაკრებში ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ, მაშინ როცა ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვთ.

გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გუნდს ერთი დამუშავებული კომბინაციაც კი არ აქვს, მთელი თამაშის განმავლობაში (იგივე იყო საფრანგეთის ნაკრებთანაც) არ გაკეთებულა ერთი (!) გრძელი გადაცემაც კი, რომელიც ადრესატამდე მივიდოდა. ეს უკვე მსაჯის ბრალი ნამდვილად არაა, როგორ დავიჯერო. რომ ვარჯიშებზე ერთხელ მაინც არ ქონიათ გრძელ გადაცემებზე მუშაობის მცდელობა, აქედან დასკვნა: ან ვერ სწავლობენ ანაც იმდენად ეშინიათ, რომ გადაცემა არ გამოუვათ, საერთოდ აღარ ცდილობენ ამის გაკეთებას.

გუნდმა არ იცის, როგორ გამოიყენოს სტანდარტული სიტუაციები (სხვათაშორის, ჩვენს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი სწორედ სტანდარტს მოჰყვა), ჩვენს მიერ ჩაწოდებულ არცერთ კუთხურს ოდნავი ხიფათიც არ მოჰყოლია, ანალოგიური სიტუაცია იყო საჯარიმო დარტყმების დროსაც.

თემურ ქცებაია ნაკრებში მუშაობისთვის, ჯამაგირად მილიონზე მეტს იღებს, ხოლო რაც ქეცბაიამ გააკეთა ამ ნაკრებში, ამას ნებისმიერი მწვრთნელი შეძლებდა, თანაც ისეთები, რომლებიც ამაზე ათჯერ ნაკლებ ხელფას დასჯერდებოდნენ. მაშინ რატომ უხდის ფედერაცია ამდენს, იქნებ გაგვაგებინოს ვინმემ?

ხშირად ამბობენ, რომ სანამ ეროვნული ჩემპიონატი არ გამოსწორდება, ნაკრებს არ ეშეველებაო. აგერ ბატონო, ხორვატიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, "ჰაიდუკს" გორის "დილამ" კუდით ქვა ასროლინა, მაგრამ ხორვატიის ნაკრები ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. სომხეთი ჩემპიონატის დონით, ჩვენ პირველ ლიგას არ აღემატება, მაგრამ სომხებმა რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის ნაკრებს საკუთარ მოედანზე მოუგეს. ასეთი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ფაქტია, ჩვენი ნაკრები და ზოგადად ქართული ფეხბურთი დახრჩობის პირასაა, სამწუხაროდ არც არავინ ჩანს, ვინც რწყილის როლს შეასრულებს, ახტება-დახტება და საჭირო ხალხს შეაწუხებს, ეგებ მომაკვდავი გადაარჩინოთო. ამასობაში კი დრო გადის, ფეხბურთის თამაშს ისინიც სწავლობენ, ვისაც არასოდეს ამის სურვილი და შნო არ ქონია, ნელ-ნელა ჩვენც ვეგუებით მარადიულ წაგებას და ბოლოს რა მოხდება, ღმერთმა უწყის..

...ეჰ, რა დრო იყო, როდესაც ალექსანდრე ჩივაძე ნაკრებიდან უემბლიზე ინგლისთან წაგების გამო გაუშვეს...