"ტაფაზე მსხვერპლის ფეხიდან ანათალი ხორცის ნაჭრები ეწყო (+18!)" - კვირის პალიტრა

"ტაფაზე მსხვერპლის ფეხიდან ანათალი ხორცის ნაჭრები ეწყო (+18!)"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან::

ორხეველი მანიაკი - ასე უწოდეს სამართალდამცველებმა 43 წლის მიხეილ აზალაძეს. სამართალდამცველების ცნობით, ის არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა და რომ დასცლოდა, ალბათ, ქართველ ჩიკატილოდ მოგვევლინებოდა. მას ბრალად ედებოდა არაერთი მკვლელობა და ცხედრების დანაწევრება. პირველი მკვლელობა აზალაძეს ვერ დაუმტკიცდა იმის გამო, რომ მას მარჯვენა ხელზე არც ერთი თითი არ ჰქონდა. აზალაძე პირველად ციხეში 2004 წლის მარტში მოხვდა სოციალური მუშაკის, გია ბრიტულიჩის განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ბრიტულიჩის ცხედარი მკვლელის სახლში, თბილისში, ჩანტლაძის #1-ში აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლს ჯერ არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. ჩადენილი მკვლელობის შესახებ აზალაძემ პოლიციას მას შემდეგ აცნობა, რაც "გვამის სუნმა შეაწუხა". პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს - აზალაძე ამას ვარ ჩაიდენდა, მარჯვენა ხელზე არც ერთი თითი არა აქვსო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამართლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს და პირობითი სასჯელი აკმარეს. ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ ნავთლუღის ბაზარში ვაშლით ვაჭრობა დაიწყო. პოლიციის ცნობით, 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის მეგობრის შვილს, ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა, შინ მიიპატიჟა და არყით გაუმასპინძლდა. მერე რაღაცაზე აუშარდა და მოკლა. აზალაძემ დანაშაულის დაფარვის მიზნით მეცხვარიშვილს თავი და მკლავები მოაჭრა, სხეულის ნაწილები პარკში ჩადო და ნაგვის ურნაში ჩაყარა, ტანი კი დილაადრიანად კორპუსის წინ ჩაიტანა, ზედ საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, თვითონ სახლში დაბრუნდა, იქაურობა მოაწესრიგა და მშვიდად დაიძინა. დილის 9 საათზე სახლიდან გა-სული აზალაძე სამართალდამცველებმა თბილისში, რუსთაველზე დააკავეს. პოლიციელებმა აზალაძის სამზარეულოში შემზარავი სურათი ნახეს: ტაფაზე მსხვერპლის ფეხიდან ანათალი ხორცის ნაჭრები ეწყო (ექსპერტიზით დადგინდა). მიხეილ აზალაძე 109-ე მუხლით გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ვრცლად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.

*ფოტო სერიალიდან "ჰანიბალი" (მადს მიკელსენი)