დათო გორგილაძე: "წიგნების დაწვა ეროტიული პასაჟების გამო ხალხის სიბნელეზე მიუთითებს"
ბათუმში, რამდენიმე წიგნის მაღაზიაში ეროტიული სცენების გამო მკითხველებამდე უელბეკი და კოელიო არ მიდის, არ იყიდება აგრეთვე ზაზა ბურჭულაძის წიგნები. ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტებმა მწერლის წიგნის, "ხსნადი კაფკას" 10 ეგზემპლარი დაწვეს, რადგან წიგნის გადათვალიერებისას ბევრ ეროტიულ სცენას წააწყდნენ. ამ ფაქტის გახმაურებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მომხდარზე აზრის დაფიქსირება მწერალ დათო გორგილაძეს ვთხოვეთ.
- ვფიქრობ, ლიტერატურის განადგურება ვანდალიზმია. წიგნების იმ მოტივით დაწვა, რომ მასში ეროტიული პასაჟებია აღწერილი, ხალხის სიბნელისკენ მიუთითებს. ჩემი აზრით კონსულტანტებს, რომლებიც წიგნებს წვავენ, არასწორად ესმით საკუთარი რელიგია. ლიტერატურა აღწერს იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ანუ აღწერს რეალობას. შესაძლოა, ზოგიერთი ცდილობს, თავს დააჯეროს, რომ ასე არ არის, მაგრამ სექსიც რეალობის ნაწილია.
- რამდენად შეიძლება, გავამართლოთ ადამიანი, რომელიც საკუთარი რწმენის დასაცავად ცდილობს, მსგავსი წიგნები რაც შეიძლება ცოტა გაყიდოს?
- ადამიანთა რწმენის ხარისხის შეფასება ჩემი საქმე არ არის. მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ თუ ეს ხალხი წიგნებს ქრისტიანული რელიგიის სახელით, ან ქრისტიანული რელიგიის საკეთილდღეოდ წვავს, გამოდის, რომ მათ ამ რელიგიის არსი კარგად ვერ გაუგიათ.
- როგორ ფიქრობთ, სწორია წიგნების "საზოგადოებისათვის მისაღებად" დახარისხება?თავად ბურჭულაძის შემოქმედებაზე რას იტყვით?
- არსებობის უფლება ყველა სახის ლიტერატურას აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ენითაა ნაწერი ან რა ჟანრისაა? ზოგი ავტორი ამგვარად წერს, ზოგი სხვანაირად. ყველანაირ ლიტერატურას თავისი მკითხველი ჰყავს. "ხსნადი კაფკა" არ წამიკითხავს. გახსოვთ პასტერნაკისა და ბროდსკის ამბავი? მათ შემოქმედებაზე საბჭოთა კავშირში თქვეს: "არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ". მე კი პირიქით გეტყვით: "ხსნადი კაფკა" არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცავ", რადგანაც, გავიმეორებ, ყველა სახის ლიტერატურას აქვს არსებობის უფლება.
- ახსენეთ, რომ წიგნების დაწვა სიბნელეზე მიუთითებს. თქვენი აზრით, რა იწვევს ამას? შეიძლება, ეს ჩვენი საზოგადოების მენტალობას მივაწეროთ თუ რაიმე სხვას? და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ ხდებოდეს?
- ყველაფრის მენტალობაზე გადაბრალება იოლი გამოსავალია. მეეჭვება, მენტალობის პრობლემა იდგეს, რადგან მსგავს სირთულეებს ლიტერატორები დასავლეთშიც აწყდებოდნენ. საბედნიეროდ, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ეს საკითხი უკვე დიდი ხანია, რაც ამოწურეს. მგონია, რომ ჩვენ ფობიებთან გვაქვს საქმე. მსგავსი სახის ფობიებთან ბრძოლა კი მხოლოდ და მხოლოდ მეტი განათლებითაა შესაძლებელი.
ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).