პაატა ზაქარეიშვილი: "მინარეთი სათანადო ნებართვით უნდა აღდგეს" (ექსკლუზივი)
"საქართველოს ფეხზე დავაყენებთ, თუ აქ ყველა თანასწორი იქნება: ქართველი და არაქართველი, მაჰმადიანი, ქრისტიანი და სხვა რელიგიის აღმსარებელი. ქართველები წარმატებულები იმიტომ ვიყავით, როცა საჭირო იყო ნაციონალიზმი, ნაციონალისტები ვიყავით; სადაც საჭირო იყო, რელიგიური სიმტკიცე გამოვიჩინეთ. დღეს ქვეყანას სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თანასწორობა სჭირდება. საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გაუთვალისწინებლობა კი იწვევს ისეთ შედეგებს, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაგვემართა. ექსტრემიზმი და უნდობლობა ის კიბოა, რომელიც ქვეყანას შიგნიდან ჭამს", - აცხადებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი:
- როგორ მოხდება ოსებისა და აფხაზების ინტეგრაცია, როდესაც რუსი სამხედროები ჩვენ შორის მავთულხლართებს აბამენ?
- წლების წინ აფხაზეთში ისე გაავლეს მავთულხლართები და ბეტონის კედლები, არავის გაუგია. მეტიც, რამდენიმე წლის წინ რუსებმა სახელმწიფო საზღვარი მამისონზე კილომეტრებზე გადმოიტანეს, ვინ გაიგო ეს? დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ამ თემებს არ ვმალავთ და ვცდილობთ, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმაროთ. მათ სასმელი წყალი რომ ჰქონდეთ, ჭაბურღილებს ვთხრით. ვერავინ იტყვის, რომ წელს სარწყავი წყალი მოაკლდათ, რაც წინა წლებში არ ჰქონიათ.
- მახსოვს, ოსები სარწყავ არხს უკეტავდნენ ქართულ სოფლებს.
- წელს ასეთი პრობლემა ნაკლებად გვქონდა, გლეხებს მიწების მორწყვის საშუალება მიეცათ. არის კიდევ სხვა პოზიტიური მარცვლებიც, თუმცა, გვირჩევნია, ამაზე საჯაროდ არ ვილაპარაკოთ და ადგილობრივმა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ პატრონი ჰყავს. მინდა, აფხაზებსა და ოსებს ვაჩვენოთ, რომ შეიცვალა საქართველო და მათზე ვზრუნავთ. ასეთი მიდგომის გამო ერთი-ორად გაიზარდა ოსი მოსახლეობის მიმოსვლა საქართველოში. ადრე თუ ეშინოდათ, ახლა ისინი გადმოდიან მეზობელ სოფლებში. თუ სააკაშვილის პოლიცია მათ ატერორებდა, დაკითხვებზე იბარებდა და აშანტაჟებდა, ახლა, როცა ერთი-ორი ოსი გადმოვიდა, არ დააკავეს, არ დაუწყეს გადმობირება და მუქარა. ეს მათ ცხინვალში თქვეს, რის შემდეგაც მეორე დღეს ათი ოსი გადმოვიდა. გორსა და თბილისშიც ჩამოდიან, ბიზნესზე დაიწყეს ლაპარაკი. ეს "ბერლინის მავთულხლართებია", რომლებიც ოსებს არ უშვებს აქეთ და უფრო ოსების წინააღმდეგაა, ვიდრე ქართველების. ე. წ. "დამოუკიდებლობის" 5 წელი ოსებისთვის სასარგებლო რომ ყოფილიყო, რუსები მათ მავთულხლართებით არ შემოზღუდავდნენ. ეს ვითომდა დამოუკიდებლობა რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციაა. ამ "დამოუკიდებლობას" მოჰყვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები, რაც რუსეთს სჭირდება კავკასიაში ვითარების სამართავად. რუსეთს თბილისთან ახლოს ბაზა (ტერიტორია) სჭირდება. იქ ხალხის განვითარებაზე არავინ ზრუნავს.
"დამოუკიდებლობის" მოპოვების მერე ცხინვალი დაიცალა. საბჭოთა პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 120 ათასი კაცი იყო, დღეს იქ 20 ათასი კაცი ცხოვრობს. ცხინვალი ჩაკეტილი ანკლავია, რომელსაც გარე სამყაროსთან კავშირი მხოლოდ როკის გვირაბით აქვს. აფხაზი დილით რომ იღვიძებს, ზღვას ხედავს, ოსი კი საქართველოს. ამიტომაც რეალური საქართველო რომ დავანახოთ, აფხაზებთან სხვა პოლიტიკაა საჭირო, ოსებთან - სხვა. რაღაც პროცესები შეიძლება მართლაც დაიწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, მაგრამ სოჭის ოლიმპიადის მერე. მაქსიმუმ 4-5 წელი იქნება საჭირო, ხალხმა შედეგები რომ დაინახოს.
დღეს ქვეყანას ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი - გმირი ივანიშვილი და ანტიგმირი სააკაშვილი, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს ივანიშვილს მუშაობაში. მალე ხელისუფლებიდან წავა გმირიც, ანტიგმირიც და რჩება სამი ლიდერი: ახალი პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ივანიშვილი პრემიერზე მეტი იყო, ყველა მიიჩნევდა, რომ ის უნდა ყოფილიყო ჩართული ყველა პროცესში. ამის გამო შებოჭილი იყო. ის ახლა საზოგადოებრივ სექტორში გადავა. მომწონს, რომ არ აპირებს, ხელი აიღოს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე. ის იმიტომ არ მიდის, რომ მერე გარედან ჩაერიოს მთავრობის მუშაობაში. ივანიშვილმა კარგად დაინახა თავისი ძალაც და ისიც, სად იყო მისგან დამოუკიდებელი საფრთხეები. იმდენად სჯერათ მისი, რომ მისგან ახალი კერპის, მესიის შექმნა უნდათ, რისი დაშვებაც ბატონ ბიძინას არ უნდა. პოლიტიკაში ახალმა მოსულმა ივანიშვილმა ბევრად სწორი ნაბიჯი გადადგა როგორც პოლიტიკოსმა, ვიდრე პოლიტიკაში დაბადებულმა სააკაშვილმა და შევარდნაძემ, რომელთაც არ უნდოდათ ხელისუფლებიდან წასვლა.
- მაგრამ კოალიცია "ქართულ ოცნებას" ივანიშვილი კრავდა.
- ივანიშვილი იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ კოალიციას კრავდა კოალიციის წევრთა სურვილი, ერთად ყოფილიყვნენ. ყველას ინტერესშია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ეს კოალიცია არსებობდეს. დაუშვებელია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს პარლამენტში 40% აქვს, მაგრამ ვინაიდან უმტკივნეულოდ მოხდა ხელისუფლების გადაბარება, არ დაგვიწყია ამაზე დავა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავხედურად იქცევიან იმის გამო, რომ ვითომ ოპოზიცია არიან, მაშინ როდესაც ქვეყანა დააქციეს. უნდა დავასრულოთ ბოლშევიზმი, რაც დღემდე შემოგვრჩა "ნაციონალური მოძრაობის" სახით. სამოქალაქო სექტორში ივანიშვილის გადასვლით ქვეყანას მეტი პერსპექტივა ეძლევა, გახდეს ევროპული სახელმწიფო და გადანაწილდეს ხელისუფლება როგორც მთავრობაში, ისე კოალიციაში. მივცეთ ხალხს საშუალება, არჩევნებით მართოს ქვეყანა. მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევა დაანგრევს მესიისა და ლიდერის მოლოდინს.
- ხალხი დამნაშავეთა დასჯას ითხოვდა...
- მნიშვნელოვანია ხალხის მოთხოვნა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. ცუდია, რომ სწრაფად გვინდა რაღაცის გაკეთება და ამით შეიძლება რაღაც გავაფუჭოთ. ცხრათვიანი კოაბიტაციის განმავლობაში, როდესაც დასავლეთი ასე გვიტევდა, ყველაფერი კარგი ტემპით მიდის. თუ დასავლეთისკენ მივდივართ, ყველაფერი უნდა დავასაბუთოთ. თუ ადამიანს დანაშაულს ვერ უმტკიცებ, სჯობს, გაუშვა. ამერიკაში ყოფნისას სასამართლო პროცესზე წაგვიყვანეს დელეგაციის წევრები. სასამართლომ დარბაზიდან გაუშვა კაცი, რომელიც ჩანდა, რომ დამნაშავე იყო, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს. როდესაც მოსამართლეს ვკითხეთ, ხომ ჩანდა, რომ დამნაშავე იყო, რატომ გაუშვით-მეთქი, მან თქვა გენიალური ფრაზა, - სჯობია, დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე უდანაშაულო ციხეშიო.
- ბოლო დროს თავი იჩინა დაპირისპირებამ ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთდნენ, რადგან თქვენ მინარეთის გამო წარმოქმნილი დაპირისპირება პოლიტიკური ბრძოლის ჭრილში დაინახეთ.
- არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხელაც არ მკითხეს, რატომ განვაცხადე ეს. მე შემთხვევით ფრაზებს არ ვისვრი. არსებობს საბუთები, სადაც ჩანს, როგორ ხდებოდა ამ თემის პროვოცირება. დროებით დამშვიდდა ვითარება და აღარ მინდა წყლის ამღვრევა. ჩემი ამოცანა იყო, დაკავებულები პოლიციიდან გამოგვეყვანა და კანონის ფარგლებში დაგვებრუნებინა მინარეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინარეთი სათანადო ნებართვით უნდა აღდგეს. თუმცა, რადგან ეს მინარეთი კონკრეტული პირის საკუთრებაა, უფლება აქვს, თავისი საკუთრება შენახული ჰქონდეს. მადლობა ღმერთს, ეს ამოცანა შესრულდა. სააკაშვილი რომ ამბობს, გამგებელი წინააღმდეგი იყო მინარეთის მოშლისო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთადერთი, ვისაც მინარეთის აშენების ნებართვის გაცემა შეეძლო, ადგილობრივი თვითმმართველობაა. ასეთი პროცესები არჩევნების შემდეგ დაიწყო, მაგრამ ჩვენი სიძლიერე ის იქნება, პროვოკაციები ჩავაცხროთ. სულ პატარა გამადიდებელი შუშითაც ჩანს, რომ ყველა კონფლიქტი ხელოვნურად შექმნეს. ყველა პროვოკაციის მიზანი საქართველოს დისკრედიტაცია იყო, თითქოს ჩვენ რელიგიური ნიშნით ვდევნით მოქალაქეებს. როგორც კი დასრულდება ეს სამარცხვინო კოაბიტაცია, ასეთ პროვოკაციებსაც წერტილი დაესმება.
- "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებთ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ბევრი ყოფილი "ნაციონალი" გაწევრდა რესპუბლიკურ პარტიაში.
- მოწინავე და პერსპექტიულ პარტიაში ყოველთვის შევლენ პოლიტიკურად აქტიური პირები. კონსტიტუციაში წერია, რომ პარტიაში გაწევრების უფლება აქვს ყველას. თუ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, მოქალაქეები არ უწამებია და იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ამის გამო პარტიაში მიღებაზე უარს ვერ ვეტყვით. უინსტონ ჩერჩილი, რომელიც დღესაც გამორჩეულ პოლიტიკოსად ითვლება, პარლამენტის სხდომის დროს ადგა და მეორე პარტიის მხარეს გადაჯდა.
იზო რიკაძე