რატომ დაიკითხა კობა ნარჩემაშვილი კანონიერი ქურდის საქმეზე? - კვირის პალიტრა

რატომ დაიკითხა კობა ნარჩემაშვილი კანონიერი ქურდის საქმეზე?

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

წლებია, ქართველი სამართალდამცველები ძმების - ე.წ. კანონიერი ქურდების, ლაშა და კახა შუშანაშვილების საქართველოში ჩამოყვანასა და მათ გასამართლებას ითხოვენ, მაგრამ - უშედეგოდ. მათი ხელში ჩაგდება ვერ შეძლეს. მართალია, კახა ესპანეთში დააკავეს, მაგრამ იქაურმა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ის რატომღაც ჯერ ისევ ციხეში რჩება. რაც შეეხება ლაშა შუშანაშვილს, საბერძნეთის სასამართლომ საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი თქვა, ამიტომ ქართული მართლმსაჯულების წინაშე ვერ წარდგება და აქ დაუსწრებლად გაასამართლებენ.

ნანა ფრიდონაშვილი, ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი:

- რამდენჯერ არის ნასამართლევი შუშანაშვილი?

- ლაშა საბჭოთა პერიოდში რამდენჯერმე იყო გასამართლებული, მაგრამ ამჟამად ყველა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. იგი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის ნასამართლევი და არც კანონდარღვევაში შემჩნეული. "ვარდების რევოლუციით" მოსულმა ხელისუფლებამ აიძულა, საკუთარი ქვეყანა დაეტოვებინა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო. ის აღარ არის საქართველოს მოქალაქე. 2003 წლიდან საქართველოში ერთხელაც არ ჩამოსულა - დედის დაკრძალვაზეც კი. ვერც მისმა მეუღლემ დაიტირა მამა. ამ წმინდა მოვალეობის შესრულება მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ქართველი სამართალდამცველები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე დევნიდნენ. მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი - მის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პირადი კონტაქტები, ადგილობრივი სამართალდამცველები და მათ მიერ "კომპრომატებით" ე.წ. "დავერბოვკებული" ადამიანები და ლამის მთელ მსოფლიოში "მისწვდა" ლაშა შუშანაშვილს.

- როგორ ფიქრობთ - კანონიერი ქურდი არ უნდა დაისაჯოს?

- პირი, რომელიც დანაშაულს სჩადის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ - კონკრეტული დანაშაულისთვის და არა გამოგონილი ბრალდებით. ვიღაცის ახირებას ეწირებიან ეს ადამიანები და მათი შვილები უსამშობლოდ იზრდებიან.

- ჩვენი ინფორმაციით, შუშანაშვილის საქმეზე ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და სხვა ყოფილი ჩინოსნებიც დაჰკითხეს. მაშინ ექსმინისტრს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ადანაშაულებდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ ნარჩემაშვილი ტარიელ ონიანს აცილებდა საქართველოს ტერიტორიაზე. რა კავშირი ჰქონდა მას კონკრეტულად შუშანაშვილთან?

- არ ვიცი, ნარჩემაშვილს ონიანთან რა კავშირი ჰქონდა. დიახ, შუშანაშვილის საქმეზე ბევრი ყოფილი ჩინოსანია დაკითხული, მათ შორის: ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, მისი მოადგილეები - ზურაბ ჩხაიძე, კახა ბაკურაძე, ასევე - რუბენ ასანიძე, რევაზ ფოჩხუა, შოთა ასათიანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრია. ყველა მათგანი ამბობს, რომ პირადად არ იცნობს შუშანაშვილს. ეკითხებიან ყოფილ მინისტრს, არის თუ არა ის კანონიერი ქურდიო? ის პასუხობს, - გამიგონია, რომ არის ქურდი, მაგრამ პირადად არ ვიცნობო. ყველა ჩვენება ზოგადია, ვერ გეტყვით, რა ახირება იყო ამ ჩინოსნების დაკითხვა და რატომ დაჰკითხეს. ვნახოთ, რას იტყვიან პროცესზე. უფრო მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სასამართლო წინ არის. ერთადერთი მოწმე - შალვა ბიზიკაშვილი უჩვენებდა, თითქოს ძმებმა შუშანაშვილებმა გამოსძალეს მამნიაშვილს სასადილო. თავად ბიზიკაშვილი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს. ეს ადამიანი არჩევნების შემდეგ ყველა უწყებაში დადის საჩივრით და აცხადებს, რომ გლდანის ციხეში მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა და ასე გამოსძალეს ჩვენება. სოდ-ის მიზანი იყო შუშანაშვილის ქონება წაეღოთ. იმდენი ქნეს, წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე საკუთარი სახლი, რომელიც სხვა ადამიანის საკუთრება იყო, მის სახელს დაუკავშირეს და ეს სახლი ნამდვილ პატრონს წაართვეს. უამრავი უკანონობა ხდებოდა. ალბათ, ძმებ შუშანაშვილებს დაუსწრებლად გაასამართლებენ. ჩვენ შევეცდებით მათი უდანაშაულობა დავამტკიცოთ. ვნახოთ, რა შედეგით დამთავრდება სასამართლო.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.