"ეს იყო დამამცირებელი და არასამართლიანი" - რატომ ტოვებს გია გაჩეჩილაძე კოალიციას
ცოტა ხნის "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ გააკეთა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ის კოალიციის რიგებს დატოვებს, სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ მასთან ინტერვიუ:
- ერთი თვის წინ, როდესაც მიდიოდა კონსულტაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, დაფინანსდა 18 პოლიტიკური ორგანიზაცია, მათ შორის არარსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, ხოლო ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პარტია ვართ (გვაქვს ევროპული იდეოლოგია, ვართ ინტეგრირებული ევროპის პოლიტიკურ სისტემაში და შევდივართ "ევროპის მწვანეთა პარტიის" მმართველი საბჭოს შემადგენლობაში), აბსოლუტურად გაურკვევლი მიზეზების გამო დაგვტოვეს დაფინასების გარეშე. ამ კანონის შედეგად, რომელსაც ბუნებრივია, მე მხარი არ დავუჭირე, რადგან ეს იყო დამამცირებელი და არასამართლიანი, პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა სერიოზულად გაიზარდეს დაფინანსება და გარეთ დარჩენილ პარტიებს, რომლებსაც კანონის მიხედვით არ ეკუთვნოდათ დაფინანსება ერთჯერადად, ბონუსის სახით მისცეს გარკვეული თანხა, რომ ამ პარტიებს არსებობა გაეგრძელებინათ.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ მისცეს "მწვანეთა პარტიას" დაფინანსება?
-აქ მხოლოდ დაფინასებაზე არაა საქმე. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ფინასურად ძლიერი პარტია. აქ დამოკიდებულებაზე საუბარი, რომელიც არის არაკოლეგიალური, თორემ იქნება თუ არა დაფინანსება, ამით "მწვანეთა პარტიას" დიდი არაფერი მოაკლდება, თუმცა კარგია, როცა ორგანიზაციას აქვს საშუალება, რომ ნორმალური ოფისი ქონდეს და ასე ვთქვათ, მოხმარებული დენის გადახდის საშუალება მაინც გააჩნდეს.
-უშუალოდ კანონის ავტორებთან თუ გქონდათ ამ საკითხზე საუბარი?
- ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც უმრავლესობა ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილს, მე დავაყენე ეს საკითხი და პრემირმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ ჩვენ და სოციალ-დემოკრატებს აუცილებლად მიგვეღო დაფინანსება.
-ანუ ივანიშვილის მოთხოვნა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა?
-დიახ, სწორედ ასე იყო. უმრავლესობამ ივანიშვილის მოთხოვნა არ გაითვალისწინა! მიუხედავად მისი კატეგორიულობისა, ის ფაქტის წინაშე დააყენეს. ახლა უკვე კანონი მიღებულია და მას ვერავინ შეცვლის.
-არ გქონიათ მცდელობა, ბატონი ივანიშვილი პირადად ჩაგეყენებინა საქმის კურსში?
- არა, დაფინანსების გულისთვის ნამდვილად არ მიცდია მასთან შეხვედრა, იმდენად დაკავებულია და იმდენი პრობლემა აქვს, რომ ამის გულისთვის ნამდვილად არ მოვაცდენდი.
-თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ უცხოეთში არცერთ ვიზტში არაა ჩართული თქვენი პარტია.…
-ჩვენი პარტიის მიმართ არაკოლეგიალური დამოკიდებულება მაგაშიც გამოიხატება. 1988 წლიდან ვმოღვაწეობთ, ერთ-ერთი უძველესი პარტიაა რომელიც ისევ აგრძელებს ფუნქციონირებას. გარემოს დაცვაში, კანონმდებლობის კუთხით, თუ რამე გაკეთებულა, მეტწილად ჩვენი გაკეთებულია, მაგრამ ახლა, ერთი რომ ჩვენ, როგორც პროფესიონალებს, პარლამენტში საშუალება არ მოგვცეს, რათა რაიმე ბერკეტი გვქონოდა და მეორე, როდესაც ევროპარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი ჩამოყალიბდა, "მწვანეთა პარტია" არ აღმოჩნდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში, რაც მართლაც გამიკვირდა, რადგან ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომლებსაც უზარმაზარი კავშირები გააჩნია ევროპარლამენტში და ამ სიაში ჩვენი არ ყოფნა წმინდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით იყო ცუდი. ქვეყანას დააკლდება, თორემ ჩვენ ევროპაში სიარული არ გვაკლია, უამრავ კონფერენციასა თუ სემინარებზე გვიწვევენ.
- და რატომ არ შეგიყვანეს ამ ჯგუფში?
- ეს ვიკითხე პარლამენტის სხდომაზე და ვთქვი, რომ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, უკეთესი იქნებოდა, ჩვენც თუ ვიქნებოდით ამ ჯგუფის შემადგენლობაში. მოგეხსენებათ ევროპარლამენტში არის "სახალხო პარტია", რომელიც გააფთრებით ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ ქვეყანას იცავს გამუდმებით, არის "ევროპის მწვანეთა პარტია", რომელთანაც ჩვენ პარტიას ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს და ყოველივე ამის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიყვანეს მუდმივმოქმედ დელეგაციაში, რაც მართლაც გასაოცარია. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ჩვენ არ გვერგო დაფინანსება. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ მივხვდით, რაშია საქმე. ჩემი ვარაუდით, ვიღაცეები ძალიან არიან მონდომებულნი, რომ ჩამოიშორონ დასავლური ორიენტაციის გავლენიანი კონკურენტები და კოალიციაში ერთადერთ პროევროპულ ძალად დარჩნენ.
- შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ვის გულისხმობთ?
- ეს ცოტა ხანში თავისთავად გამოჩნდება.
- ახლა მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი განაპირობებს თქვენ კოალიციაში ყოფნას?
- დიახ მე მას ვერც ადამიანური და ვერც კაცური მოტივით ვერ ვუღალატებ.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)