გერმანიაში "კაცმა" იმშობიარა - კვირის პალიტრა

გერმანიაში "კაცმა" იმშობიარა

"ღიპიანი კი არა, ორსულად ყოფილა" - ასეთი სათაურებით იყო აჭრელებული გერმანული პრესა სამშაბათს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია პირველი ევროპელი კაცის შესახებ, რომელმაც... იმშობიარა და ვაჟი გააჩინა. თუმცა ეს "კაცი" სინამდვილეში ქალია - ტრანსგენდერი ბერლინიდან, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ქალად დაიბადა, წლების განმავლობაში ჰორმონალური თერაპიების შედეგად მოახერხა, მამაკაცად გადაქცეულიყო. თუმცა მან შეინარჩუნა ქალის რეპროდუქციული ორგანოები, რისი წყალობითაც მოახერხა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაფეხმძიმებულიყო.

ოფიციალურად ბავშვს არ ჰყავს დედა, ჰყავს მხოლოდ მამა, რადგან მისი ერთადერთი მშობელი ოფიციალურად დარეგისტრირებულია, როგორც მამაკაცი.

"ორსულ მამას" სურდა, საკუთარი შვილი ზედმეტი ყურადღებისგან დაეცვა, ამიტომ სახლში იმშობიარა. მიუხედავად ამისა, საქალაქო მუნიციპალიტეტმა გამოყო სპეციალური კომისია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეისწავლის.

თავად გერმანელებში ამ ფაქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრი ახლადგამომცხვარ "დედას" ბავშვის შეძენას ულოცავს, თუმცა ბევრია ისეთიც, ვინც ამ ფაქტის გამო აღშფოთებას ვერ მალავს. "ასეთი არც არაფერი მინახავს და არც გამიგონია. საით მივდივართ?- განაცხადა ბუნდესტაგში კონსერვატორების ფრთის ლიდერმა ფალკო ლიეკემ.