კობა დავითაშვილი: "ოცნებას" "ნაციონალებთან" გარიგება დაღუპავს - კვირის პალიტრა

კობა დავითაშვილი: "ოცნებას" "ნაციონალებთან" გარიგება დაღუპავს

"ხალხის პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალურ პარტიას" გაურიგდა. ეს მოსაზრება კობა დავითაშვილმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც მისი ახალი ინიციატივა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ერთხმად გააკრიტიკეს. როგორც მოგეხსენებათ, კობა დავითაშვილის ახალი ინიციატივა, "ნაციონალებისთვის" სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვას ითვალისწინებს.

- ბატონო კობა, თვქენი ინიციატივა, როგორც "ნაციონალებმა" ასევე "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პიარკამპანიად შეაფასეს. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

- პიარკამპანიას, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ეწეოდა, როდესაც ხალხს სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა. ყველა ხედავს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებმა ხალხს დაპირებულის სანაცვლოდ "ნაციონალებთან" კოჰაბიტაცია შესთავაზეს. კოჰაბიტაცია არ არის ხალხის სურვილი, დაკვეთა. ამისთვის ხმა არავის მიუცია. ქართველი ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელოდება. პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია "თავისუფლების ქარტიაში" შესატანი ცვლილებების პროექტი. ეს ის კანონია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ სსრკ-ის თანამდებობის პირებისა და საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლების თანამდებობრივი შეზღუდვისთვის დაიწერა და მას ზოგკერ "ლუსტრაციის შესახებ" კანონსაც უწოდებენ. ჩემი კანონპროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ჩამონათვალს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებიც ემატება.

- ბატონო კობა ერთ დროს თქვენც ხომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იყავით?

- დიახ, ვიყავი, მერე?

- ეს კანონი თქვენზეც ხომ გავრცელდება?

- ეს კანონი ჩემზეც უნდა გავრცელდეს, სააკაშვილზეც და სხვა ყველა დანარჩენზეც.

- მაშინ პრეზიდენტობაზე კენჭს რატომღა იყრით?

- პრეზიდენტობაზე კენჭს იმიტომ ვიყრი, რომ პირობა, რომელიც ხალხს მივეცი შევასრულო.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, პარლამენტში ვინ აპირებს თქვენი კანონპროექტის მხარდაჭერას?

- ჯერ არ ვიცი, ეს ყველაფერი კენჭისყრაზე გამოჩნდება და ხალხი დაინახავს, "ქართული ოცნება" მართლა აპირებს თუ არა ხალხის დანაპირების შესრულებას. მარგველაშვილი ხომ გაიძახის, ამირჩიეთ და "ნაციონალებთან" კოჰაბიტაციას დავასრულებო. აი, ამ კანონპროექტის მიმართ კოალიციის დამოკიდებულება და მხადაჭერის დონე ნათელს გახდის, რამდენად აპირებენ გიორგი მარგველაშვილი და უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციის დასრულებას.

- საზოგადოება უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის ფარულ შეხვედრებზე ალაპარაკდა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ვიცი, რომ ფარულად ხვდებიან და მათი განსჯის საგანი მხოლოდ საპარლამენტო საკითხები არ არის, როგორც ამას უსუფაშვილი ამბობს. მე უფრო მეტიც ვიცი, ბაქრაძეს ფარულად საგანელიძეც ხვდება.

- ფიქრობთ, რომ შესაძლოა მათ შორის საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებით რაიმე გარიგება მოხდეს?

- გამორიცხული არაფერია. თუ ასე მოხდა, ეს "ქართული ოცნებისთვის" დამღუპველი იქნება.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)