ავთანდილ ბერიძე: "დიახაც, მე "VIP" პერსონა ვარ..." (ექსკლუზივი)
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ უკვე მერამდენედ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება: ამჯერად ინტერნეტით გავრცელდა ბერიძის ფოტო, სადაც მას ქოლგამომარჯვებული დაცვის წევრი დიდი მოწიწებით მოჰყვება. ეს ფოტო საზოგადოებაში ფართო მსჯელობის საგანი გახდა, ინტერნეტსივრცე კი მისი ფოტოშოპ-ვერსიებით აჭრელდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, დავკავშირებოდით ბატონ ავთანდილს და ამ და სხვა საკითხებზე გავსაუბრებოდით, თუმცაღა თავიდან ბატონი ავთო ერთობ გაგვიჯიუტდა:
- მე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარ, დაკავებული ვარ კანონშემოქმედებითი პროცესით და კომენტარის გაკეთება ამ თემაზე დროის დაკარგვად მიმაჩნია. "ფეისბუქით" ვიღაც პაპარაცი რაღაც ფოტოს დადებს, ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ესარაა მნიშვნელოვანი და საინტერესო, მე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი საკითხები მაქვს გადასაჭრელი.
- სამაგიეროდ, როგორც ჩანს, ფეისბუქზე ფოტოების ატვირთვისთვის თავადაც იცლით ხოლმე. გულწრფელად გეტყვით, თქვენს ამომრჩეველს ახლა ეს საკითხები უფრო აინტერესებს, ვიდრე კანონშემოქმედება.
-ჩემს ამომრჩეველთან ურთიერთობის სხვა ფორმა მაქვს და მინდა გითხრათ, იქ განვიხილავთ ერთობ საინტერესო თემებს. მე მაქვს შეხვედრები მათთან, სატელევიზიო გამოსვლები, ინტერვიუები და სხვა. საერთოდაც ჩემი ამომრჩეველი მე იმაზე უნდა მთხოვდეს პასუხს, თუ რა კანონი დავწერე, როგორ შეიცვალა სიტუაცია ქვეყანაში, როგორ მიდის სამართლიანობის აღდგენა, როგორ მიმდინარეობს ციტრუსის რეალიზაცია... აი, ეს თემები უნდა აინტერესებდეს ჩემ ამომრჩეველს და არა ის, თუ რომელიღაც პაპარაციმ რა ფოტო გაავრცელა ინტერნეტით.
-ბატონო ავთანდილ, ასეთი შინაარსის რამდენიმე ფოტო გავრცელდა ინტერნეტით და ბუნებრივია, საზოგადოება ცნობისმოყვარეობას იჩენს...
- ამ სურათებში არის გამოჭერის მომენტები, რომელსაც ხშირად იყენებენ ფოტოგრაფები. თქვენ მოგეხსენებათ, თანამედროვე ფოტო-აპარატს აქვს ფუნქცია, რომ ერთი თითის დაჭერით, წამში რამდენიმე კადრს იღებს და შემდეგ რომელიც მოგეწონება შეარჩევ, ასეთი გამოჭერითაა ის ფოტებიც გადაღებული. სამწუხაროდ ჟურნალისტები ხშირად იყენებენ ამ ხერხს, რაც ძალიან სამწუხარო ტენდენციაა. ამ გამოჭერით ცდილობენ მასალის გაკეთებას, მაგრამ ეს ჩემთან არ გამოვა.
-ბათუმში წვიმა ხშირია და კიდევ ხომ არ იქნება მსგავსი ხასიათის ფოტოები?
- მე ვარ ბათუმელი, როგორც ჩანს, თქვენ არ იცით ბათუმელების სულისკვეთება, აქ ქოლგა არის ცხოვრების ატრიბუტი, აქაური ადამიანი, როგორც წესი უქოლგოდ სახლიდან არ გადის, ასევეა ჩემთვისაც. ახლა, როცა მანქანით ვმგზავრობ თითქმის აღარ მიწევს ქოლგის გამოყენება, მაგრამ როცა მიდიხარ კონფერენციაზე, წვიმიანი ამინდია და მანქანა გაჩერდა 100 მეტრში, ამოლუმპული ხომ არ შეხვალ დასასწრებად?! ასეთ შემთხვევაში იძულებული ხარ ქოლგა დაიჭირო. რაც შეეხება იმას, მე მეჭირება ქოლგა თუ ჩემს თანმხლებ პირს, ისე იქნება, როგორც საჭიროება მოითხოვს, თუ ხელები დაკავებული მექნება, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიჭერ. ბუნებრივი პროცესია, როდესაც ორი ადამიანი მოდის, ერთ-ერთს უკავია ქოლგა. იცით, ვერ ვხვდები რაა ამაში გასაკვირი, რომ თქვენზე ასაკით უმცროსმა დაიკავოს ქოლგა? მინდა ჟურნალისტებს გთხოვოთ რომ აქცენტი გააკეთოთ არა იმაზე თუ ვის უჭირავს ქოლგა, არამედ იმაზე, როგორ კანონს ვწერთ, ხომ არ ვარღვევთ ჩვენი ქცევით რაიმე კანონს და სხვა.
- ცოტა ხნის წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენი ავტომობილის ბულვარში გამოჩენას...
-უმჯობესი იქნება, ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ სხვასთან. იქ არ იყო ჩემი მანქანა. იქ იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს მანქანა, რომელიც ემსახურება, საბჭოს თამჯდომარეს, ხოლო რისი უფლებები აქვს ამ მანქანას, ეს უნდა გადაამოწმოთ იმ სამსახურებში, რომლებიც ანხორციელებენ სპეციალურ სამთავრობო დაცვას.
-ამ საკითხზე ჩვენთან ინტერვიუში, თქვენმა პრეს-სპიკერმა განაცხდა, რომ თქვენ ხართ "ვიაიპი" (ერთობ მნიშვნელოვანი პერსონა) და უფლება გაქვთ, ნებისმიერ ადგილას მიხვიდეთ...
-აჭარის ტერიტორიაზე სამი ადამიანი სარგებლობს სპეციალური სამთავრობო დაცვის მომსახურებით: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ყველა ეს ადამიანი ითვლება "VIP" პერსონად. ასე რომ, დიახ, მე ვარ ამ სტატუსის მქონე ადამიანი. აჭარაში ასეთი სამია, ხოლო თბილისში გაცილებით ბევრი, რომლებიც სარგებლობენ სპეციალური სამთავრობო დაცვის სამსახურით. მაშინ ის მანქანა დააფიქსირეს ლიანა ისაკაძის კონცერტზე, მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ლიანას არცერთი კონცერტი არ გამომიტოვებია, მხედავდა ყველა იქ მყოფი, დაახლოებით 500 ადამიანი და მათ კითხეთ, როგორ მივდიოდი ხოლმე იქ.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)