"პაიჭაძეს ვურჩევდი, რელიგიური თემატიკა აირჩიოს, ან საცირკო, ან სულაც ჯაზი..." - კვირის პალიტრა

"პაიჭაძეს ვურჩევდი, რელიგიური თემატიკა აირჩიოს, ან საცირკო, ან სულაც ჯაზი..."

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო დაპირისპირება არ წყდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს პოლიტიკური გადაცემების ბადე. მოძრაობა ”საზოგადოებრივი სოლიდარობის" ხელმძღვანელები, ირაკლი კაკაბაძე და გია კორკოტაშვილი წამყვანებს, ეკაკ კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს დაუპირისპირდნენ და ამბობენ, რომ შეჩერებას არ აპირებენ...

ირაკლი კაკაბაძე:

- ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია, საზოგადოების იყოს. არ შეიძლება "პოლიტიკური პროსტიტუტკები" მართავდნენ ტელევიზიას. კვესიტაძე და პაიჭაძე არიან ადამიანები, რომლებიც დემაგოგიით წამლავდნენ მოსახლეობას წლების განმავლობაში. ისინი იყვნენ სანიმუშო საპოლიციო ჟურნალისტები... თუმცა, პრობლემა მხოლოდ მათში არ არის, მთელი არხის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობას ატყუებდნენ. ეს უნდა დამთავრდეს, ამოვიდა ყელში.

- თუმცა, ცნობილია, რომ კვესიტაძე და პაიჭაძე პოზიციებს არ თმობენ...

- შესაძლოა ასე ითქვას, მაგრამ ჩვენს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ისინი პოლიტიკურად დავასამაროთ. წავიდნენ იმ არხიდან. თუ ისინი მოინანიებენ ჩადენილს, შეიძლება რომელიღაც კერძო, პატარა არხზე რადიო გადაცემების წამყვანებად მუშაობის უფლება მივცეთ.

- რატომ, რადიო?..

- იმიტომ, რომ ტელევიაზე უნდა ”დაიშტრაფონ". ისე, ნამუსი რომ ჰქონდეთ, ერთი სამი-ოთხი წელი თავად უნდა ერიდებოდნენ სახის გამოჩენას.

- სხვა თემებზეც გკითხავთ. რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ლადო ბედუკაძის მოსაზრება, ერეკლე დეისაძესთან დაკავშირებით, ყოფილი ძალოვანი დეისაძეზე ამბობდა, რომ მას და მთელ "ნაციონალურ ელიტას" სიამოვნებით აწამებდა...

- იცით, ეს ჩემი კომპეტენციის ზღვარს აღემატება, ამის სპეციალისტი არ გახლავართ : არც ”ბედუკაძოლოგი" ვარ და არც ”დეისაძოლოგი". არც დეისაძის ლიტერატურას ვიცნობ და არც ბედუკაძის მოღვაწეობას.

- თქვენ ასევე გსურდათ, ჰაკერების დახმარებით, მდიდრებისთვის, კონკრეტულად მდიდარი ”ნაციონალებისთვის", საბანკო ანგარიშებიდან თანხები მოგეხსნათ და ღარიბებისთვის გაგენაწილებინათ. ეს იდეა ისევ ძალაშია?

- ასეთი გეგმა გვაქვს და როგორ განვახორციელებთ, მალე ნახავთ. ამას ისე გავაკეთებთ, რომ ხალხს აგრესია კი არ გაუჩნდეს, პირიქით, მხარში დაგვიდგეს. თუ როგორ, ამას საზოგადოება დაინახავს.

გია კორკოტაშვილი:

- ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ პოლიტიკურ თოქ-შოუებში ამ ორმა ადამიანმა მონაწილეობა ვეღარ მიიღოს. მათ შეუძლიათ რამე საგანმათლებლო ან შემეცნებითი ხასიათის გადაცემები გააკეთონ. პაიჭაძეს ვურჩევდი, რელიგიური თემატიკა აირჩიოს, რადგან ახლოს არის ამ თემასთან. ან საცირკო, ან სულაც ჯაზი...

- საცირკო და ჯაზი, რა მოტივით?

- იმიტომ, რომ მოუხდება, გასართობია და თან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას არ ითხოვს. ამიტომ, თავისუფლად შეუძლიათ სათავეში ჩაუდგნენ... გართობა ცუდი სულაც არ არის. მაგრამ მერაბიშვილის, ადეშვილის და სააკაშვილის დაკვეთის შემსრულებელ ადამიანებს, პოლიტიკურ თოქ-შოუს არ წავაყვანინებთ. არ უნდა საზოგადოებას და ძალაა?..

- ისინი ამბობენ, რომ შეუარცხყოფა მიაყენეთ...

- ჩვენ უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია მოვახდინეთ... რაც შეეხება, შეუარცხყოფას, პირიქით, პაიჭაძემ თავად მომაყენა შეუარცხყოფა. ჯიბგირობა თუ ფულის მოპარვა დამაბრალა და ამას სამართლებრივ ველზე გადავიტან. ისე კი, ნებისმიერ ველზე შემიძლია ბატონი დათო ვნახო, მაგრამ არ მგონია, ის სხვა ველზე წამომყვეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)