უძველესი ყორღანი "შავ არქეოლოგებს" გადაურჩა...
"ოქროს ნივთი, ყორღანთან შედარებით, ნაკლებფასეულია"
საქართველოში უძველესი სამაროვნებიდან და ყორღანებიდან ამოღებული შეუფასებელი ნივთები, ეროვნული მუზეუმის ნაცვლად, შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ კოლექციონერს ჩაუვარდეს ხელთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობით ვაჭრობას სჯის, "შავი არქეოლოგები" სამართალდამცველებთან მოსალოდნელ პრობლემებს არად აგდებენ და ჯიუტად ცდილობენ ანტიკური ხანის - ბერძნული, რომაული ან უძველესი ქართული კულტურის ნიმუშების საზღვარზე გადატანა-გაყიდვას, თანაც ჩალის ფასად. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს არ ესმით, ან არ ანაღვლებთ, რომ სახელმწიფოს, ხალხს, მომავალ თაობებს ძარცვავენ. ხომ შეიძლება მათი ხელით საზღვარგარეთ ისეთი მასალა გავიდეს, რომელსაც ძალუძს ისტორიის შეცვლა, არსებული ვერსიებისა და ვარაუდების თავდაყირა დაყენება...
2012 წლის მარტში სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე დააკავეს ზაზა მახათაძე, მუხრან მაისურაძე და ილია ხაბაზი, რომლებსაც სამარხებიდან უკანონოდ მოპოვებული ნივთების თურქეთში გატანა ჰქონდათ განზრახული. საბედნიეროდ, ამაოდ გაისარჯნენ - მათი კრიმინალური სავაჭრო ოპერაცია ჩავარდა.
ამ ამბავთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ მოკვლევა დაიწყო.
ძიების პროცესში დაკავებულებმა სამართალდამცველებს სთხოვეს, - თუ სასჯელს შეგვიმსუბუქებთ და საპროცესო შეთანხმებას გაგვიფორმებთ, იმასაც გეტყვით, რისი ჩადენაც არ დაგვცალდაო - თურმე კახეთში, ლაგოდეხის რაიონში, უძველესი ყორღანის გაძარცვას აპირებდნენ.
რა ბედი ეწია საბაჟოზე დაკავებულ ნივთებს და რა სიმდიდრის გაძარცვას გადაურჩა უძველესი ყორღანი? ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის უფროს ზურაბ მახარაძეს, რომელიც ლაგოდეხში, "შავი არქეოლოგების" მიერ მითითებულ ყორღანზე მომუშავე ექსპედიციის ხელმძღვანელიც გახლდათ.
- იმ ნივთებს, რაც საბაჟოზე ჩამოართვეს დაკავებულებს, ყორღანებთან საერთო არაფერი აქვთ. არ ვიცით, საიდან მოიპოვეს. ვერც გამოძიებამ დაადგინა. ეს ნივთები: ოქროს ორი საყურის რგოლი, სარდიონისთვლიანი ოქროს გულსაკიდის ფრაგმენტი, ოქროს ბეჭედი და ორი ჭვირული ბურთულა, მამრობითი სქესის ადამიანის ფორმის ყავისფერი ლითონის ნივთი, ცხენის ფორმის მოჩუქურთმებული მოყვითალო, რუხი ფერის ლითონის ნაკეთობა, ვერცხლის მოოქრული თასი, რომელიც ანტიკურ ხანას, კერძოდ, რომაულ კულტურას ეკუთვნის და ძალიან ძვირფასია ორნამენტების და სხვა ფაქტორების გამო, ჩაბარდა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
შექმნილი კომისია განიხილავს ამ ყველაფრის ეროვნული მუზეუმისთვის გადმოცემის საკითხს და ვფიქრობ, მალე გადმოგვეცემა. გამოძიების მასალების თანახმად, დამნაშავეებს განზრახული ჰქონდათ მთელი ამ ძვირფასი მონაპოვრის 60 000 ამერიკულ დოლარად გაყიდვა.
- ლაგოდეხის რაიონში უძველესი ყორღანიდან რა ამოიღეთ?
- ოქროს სამკაულები, გულსაკიდები, სულ 23 ერთეული. ეს ნივთები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყორღანში არსებული სისტემა, ყველა დეტალი, რასაც იქ ვაწყდებით ან მოვიპოვებთ, გვაძლევს საშუალებას, აღვწეროთ ის დრო, გავაცოცხლოთ ისტორია, რომელსაც მანამდე მიწა ფარავდა. ნახსენები ყორღანი 4 300 წლის წინანდელია და ადრე ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. ის ყოველგვარი წესის დაცვით გათხარა ჩვენმა ექსპედიციამ. ამოღებული ნივთები მაშინვე გადაეცა ეროვნულ მუზეუმს. იმის გამო, რომ ინფორმაცია დაკავებულისგან მოდიოდა, გათხრებში სამართალდამცველებიც გვეხმარებოდნენ.
- ვიდრე კრიმინალებისგან შეიტყობდით, თქვენ თუ გქონდათ ინფორმაცია ამ ყორღანის შესახებ?
- დიახ. დაახლოებით 15 წლის წინ ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ იქვე, მეზობლად გათხარა ორი ყორღანი.
- კრიმინალები როგორ იგებენ ყორღანების ადგილმდებარეობას?
- ვერ გეტყვით, თუმცა, შეუძლებელი არაფერია, რადგან ჩვენ გათხრებს ვაწარმოებთ ყველასთვის ხილულად და ხალხი იღებს ინფორმაციას, რას ვაკეთებთ.
- თუ არსებობს ისეთი ტექნოლოგიური საშუალება, რითაც შესაძლებელი \გახდება წინასწარ იმის განსაზღვრა, არის თუ არა ოქრო ან სხვა ძვირფასეულობა ამა თუ იმ სავარაუდო არქეოლოგიურ ობიექტზე?
- ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობს, მაგრამ ვზვერავთ ცალკეულ რეგიონებს, თვითმფრინავიდან ან კოსმოსიდან გადაღებულ აეროფოტოებს ვიყენებთ ადამიანის ხელით შექმნილი მიწაყრილების აღმოსაჩენად. რომელიმე ბორცვი, შესაძლოა, ვიღაცისთვის იყოს ჩვეულებრივი გორა, მაგრამ მრავალგვარი აღწერილობით აღმოჩნდეს ყორღანი და შესასწავლია, შიგნით რა ხდება, რა აღმოჩნდება. თუმცა, არქეოლოგიური თვალსაზრისით, არც გვაინტერესებს, იქ რამდენი ოქროს, ვერცხლის თუ თიხის ნაკეთობა დაგვხვდება. ჩვენი მიზანია, სამარხის და ამით - ისტორიის შესწავლა. ოქროს ნივთი, ყორღანთან შედარებით, ნაკლებფასეულია - ყორღანი უზარმაზარ ინფორმაციას გვაძლევს იმ დროის შესახებ, როდესაც ის აიგო.
- რამდენად არსებობს ასეთი მნიშვნელოვანი ყორღანების, სამარხების გაძარცვის საფრთხე?
- სამწუხაროდ, კანონი მოქმედებს, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ტიპის დანაშაულის შემთხვევაში, შავი არქეოლოგიის მიმდევრებიც რისკავენ და ძარცვავენ სამაროვნებსა და ყორღანებს. ყორღანების გაძარცვა ძნელია, ამიტომაც უფრო ხშირად სამაროვნები იძარცვება. თუმცა, ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანში, სამიზნედ ქცეული ყორღანის კამერაშიც ძვრებოდნენ, რადგან გორა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გამო გადაჭრილია და უფრო გაიოლებულია გზა, რომლითაც შეიძლება კამერაში ჩაღწევა. ეს ყორღანი, სავარაუდოდ, ძალიან ადრეულ პერიოდშიც გაიძარცვა, თუმცა მეორედ ეს ვეღარ მოხერხდა.