შეუპოვარი დავით კლდიაშვილი - კვირის პალიტრა

შეუპოვარი დავით კლდიაშვილი

რამდენიმე დოკუმენტი ბათუმში მოღვაწეობის პერიოდიდან.

ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დავით კლდიაშვილის პიროვნების უკეთ წარმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე საარქივო დოკუმენტი, რომელშიც იგი მთელი სისრულით წარმოდგა, როგორც დიდი პატრიოტი და ბათუმის გულშემატკივარი. დავით კლდიაშვილს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის დედასამშობლოს, საქართველოს ახალშემოერთებულ ბათუმის მხარეში ქართული ტრადიციების დამკვიდრებაში.

პირველი საარქივო დოკუმენტი დათარიღებულია 1895 წლის თებერვლით და იგი გაგზავნილია ბათუმიდან თბილისში კავკასიის მთავარმართებლის სამოქალაქო ნაწილის სახელზე. დოკუმენტში ვკითხულობთ: `ბათუმში არჩევნებისთვის გაცხოველებული მზადება მიმდინარეობს. განსაკუთრებით აქტიურობს ქართველები და სომხები. სომხები რუსების მხარეზე დგანან და ცდილობენ ერთმანეთის დახმარებით რაც შეიძლება მეტი ხმოსანი გაიყვანონ. ქალაქის ხელისუფლებაც მათ მხარესაა, ეხმარებიან ფულითაც. ქართველებს მეთაურობს რუსეთის არმიის ოფიცერი დავით კლდიაშვილი და პოლონელი გრიგოლ ვოლსკი. განსაკუთრებით დავით კლდიაშვილი აქტიურობს. სად არ შეხვდებით მას, რკინიგზის სადგურში, ზღვისპირა პარკში, ყავახანაში. ყველგან ნახავთ ამ რუსის ოფიცრის მუნდირში გამოწყობილ ქართველს. ყველგან ხალხს მოუწოდებს, შეჩერდნენ და მოუსმინონ მას და მის ამხანაგებს. იგი საუბრობს ქართველთა ერთიანობაზე, შეახსენებს იმ დროს, როდესაც საქართველო უძლიერესი სახელმწიფო იყო და მოუწოდებს, რომ არჩევნებში ქართველებმა ყველაზე მეტი ხმოსანი გაიყვანონ და ამით ქალაქის მმართველობა ხელში ჩაიგდონ. მისი აზრით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ძველი დიდება და ბრწყინვალება. ეს ნაციონალისტი იმასაც არ ერიდება, რომ აუგად მოიხსენიოს ქალაქის რუსი ჩინოვნიკობა, რომლებიც მისი აზრით, ყველაფერს აკეთებენ ქართველების დასამარცხებლად და შესავიწროებლად. ამით იგი ქართველ მოსახლეობას განაწყობს რუსეთის წინააღმდეგ. აუცილებელია ამ პიროვნების იზოლირება. სამხედრო ხელმძღვანელობამ არ უნდა მისცეს მას ასეთი თავაშვებულობის შესაძლებლობა, თორემ იგი პრობლემებს თვით ჯარშიც შეუქმნის მათ.

დოკუმენტში შესანიშნავადაა გადმოცემული დიდი ქართველი მწერლის მონდომება, რათა არჩევნებში ქართველებმა რაც შეიძლება დიდი უპირატესობით გაიმარჯვონ. შესაბამისად, რუსული იმპერიული თვალთახედვით იგი ქართველი ნაციონალისტი და რუსული სახელმწიფოსთვის სახიფათო და არასაიმედოა.

დავით კლდიაშვილს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ადგილობრივი მუსლიმანი მოსახლეობის პროგრესულ ნაწილთან. ხშირად ხვდებოდა მათ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის გადასაწყვეტად. უაღრესად საინტერესოა ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტი, რომელიც ეკუთვნის ქუთაისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის თანაშემწეს ბათუმის ოკრუგში და იგი გაგზავნილია ბათუმის ხელმძღვანელისადმი. დოკუმენტი დათარიღებულია 1898 წლის ივლისით. მასში ვკითხულობთ: რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მუსლიმანი მოსახლეობის სახელმწიფო ინტერესების სამსახურში ჩაყენებისთვის. მთავრობამ ამ მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შედეგიც სახეზეა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენ მხარეზეა და მხარს უჭერს სახელმწიფოს პოლიტიკურ კურსს. ეს ეხება მუსლიმანთა ზედა ფენასაც, რომელიც ხალხს მოუწოდებს, ყოველმხრივ ემსახუროს ქვეყანას. უნდა ითქვას, რომ ბათუმში მოღვაწე ზოგიერთი ნაციონალისტი ქართველი ხელს გვიშლის საქმიანობაში. ეს გამოიხატება იმით, რომ ისინი მოსახლეობას აწვდიან ჩვენთვის მიუღებელ იდეებს, აგიტაციას აწყობენ ანტისახელმწიფოებრივ საკითხებზე. ჩვენ შევძელით გამოგვევლინა ასეთი პირები, რომელთა პოლიტიკური აზროვნება ჩვენთვის მიუღებელია. ერთ-ერთი მათგანი დავით კლდიაშვილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მუსლიმანებში. მას უსმენენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ იგი სიმართლეს ლაპარაკობს. დავით კლდიაშვილი რუსეთის არმიის ოფიცერია, ეს კი კიდევ ზრდის მის ავტორიტეტს. მაგალითად, მიმდინარე წლის 5 მაისს, იგი საიდუმლო ვითარებაში შეხვდა მუსლიმანთა ერთ ნაწილს. ჩვენმა დაზვერვამ დაადგინა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ვინმე ფერათ ბეჟანიძე, ჯემალ ახმედოღლი და კიდევ რამდენიმე პიროვნება. ჩვენთვის გაუგებარია შეხვედრის მიზანი და საუბრის თემა. ასეთი შეხვედრები ხშირია. და ყველა შეკრებაში აქტიურად მონაწილეობს ნაციონალისტი დავით კლდიაშვილი... იგი ძალიან სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოსთვის და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თუ ბათუმიდან იქნება გაწვეული.

როგორც ვხედავთ, დოკუმენტი მოგვითხრობს იმ დიდ მისიაზე, რომელსაც ქართველთა პროგრესული ნაწილი დავით კლდიაშვილის მეთაურობით ასრულებდა. ეს გამოიხატება ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველების ერთობაში საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს მისია დავითმა დიდებულად შეასრულა, რაც რუსეთის შოვინისტურ სახელმწიფოს არ მოსწონდა.

დავით კლდიაშვილის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ვინმე ინგლისელი მაიკლ ჰოვარდი, რომელიც 1897 წელს იმყოფებოდა ბათუმში. ინგლისელი აღნიშნავს: ბათუმში შევხვდი და ვესაუბრე ქართველ პატრიოტებს გრიგოლ ვოლსკისა და დავით კლდიაშვილს. ორივე ისინი სახელმწიფო სამსახურშია, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ორივენი ანტირუსული განწყობით გამოირჩევა. თუ ვოლსკი ფრთხილია, ამას ვერ ვიტყვით კლდიაშვილზე, რომელიც უშიშარია, შემტევი და ხელისუფლების მიმართ მოურიდებელი. ეს პიროვნებები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მოსახლეობაში. მათ სიტყვას ენდობიან, მათი სჯერათ. ეს არ მოსწონს ადგილობრივ ხელისუფლებას და ცდილობს მათ დაკნინებას ხალხის თვალში. მათ მიმართ გაზეთებში იწერება კრიტიკული წერილები, მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობენ თავის გამართლებას, ეს კი ბათუმელებს მოსწონთ. ინგლისელი შესანიშნავად ახასიათებს დავით კლდიაშვილს და ხალხში მის დიდ ავტორიტეტზე საუბრობს. როგორც ჩანს, დავით კლდიაშვილმა ინგლისელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მანაც საჭიროდ მიიჩნია ამ ყველაფრის აღწერა.

დავით კლდიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პირველ რევოლუციაში 1905-1907 წლებში. იგი რევოლუციონერებს თანაუგრძნობდა, თუმცა რუსეთის არმიის სამსახურში იდგა და რევოლუციონერთა წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. მაგრამ მაინც, ბევრჯერ იხსნა ხალხი უცილობელი საფრთხისგან. დავითთან ჩამოდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან რჩევა-დარიგების მისაღებად. ცნობილია, რომ რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობდა გურია. ეს მხარე მთელ რუსეთის იმპერიაში ცნობილი იყო, როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი და ამის გამო არაერთხელ განუცდია სახელმწიფო მანქანის მხრიდან რბევა-აწიოკება. აღსანიშნავია, 1905 წლის იანვარში დავითს გურიიდან ეწვია დელეგაცია გიორგი ნაკაშიძის, ივანე ნიკოლაიშვილის, ამბაკო ჩხარტიშვილის, მათე გიორგაძისა და სხვათა შემადგენლობით. დავითმა დელეგაციას მიაწოდა საინტერესო იდეები, გააცნო ბათუმში მიმდინარე მოვლენები და ურჩია, კავშირი ჰქონოდათ ბათუმელ მუშებთან. ყურადღება გაამახვილა ერთიანობის ძალაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. დავითთან ასევე ჩამოდიოდნენ სამეგრელოდან, იმერეთიდან და სხვადასხვა მხარიდან და ისიც მეტად აუცილებელ და საინტერესო რჩევა-დარიგებას აძლევდა მათ.

დავით კლდიაშვილი იყო ბათუმის უდიდესი მოჭირნახულე და მოამაგე. მან ყველაფერი გააკეთა ქალაქის აღორძინებისა და კულტურული დაწინაურების საქმეში.

ოთარ გოგოლიშვილი ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”