"შარდენზე ირინა ენუქიძის ძეგლის დადგმა იგეგმება" (ექსკლუზივი)
"ჩვენ ისეთ საზოგადოებაში და ისეთ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, ეჭვიანობის საფუძველი ყოველთვის გვაქვს. არჩევნების წინ ბუნებრივია, საზოგადოება ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხს მიიღებს. ეს პასუხი კი, ნამდვილად მძიმე იქნება," - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოლეგ მელნიკოვის ექსტრადაციის საკითხის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ მელნიკოვის სახელი სანდრო გირგვლიანისა და ზურაბ ჟვანიას საქმეებშიც ფიგურირებს. იგი დაპატიმრების და საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით ინტერპოლის თბილისის ბიუროს მიერ საერთაშორისო ძებნაში 2012 წლის 5 დეკემბრიდან იმყოფებოდა. მელნიკოვი 7 დეკემბერს კიევში, უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს.
-როგორ ფიქრობთ, მელნიკოვის ექსტრადაცია სწორედ არჩევნების წინ უბრალო დამთხვევაა?
- მის ექსტრადაციაზე მოთხოვნა უკრაინულ მხარეს კარგა ხნის წინ გადაეცა. მაშინ ეს არჩევნებთან არ იყო დაკავშირებული, მაგრამ ექსტრადიცია ახლა - არჩევნების წინ მოხდა...რასაკვირველია, საზოგადოებაში არის ვარიანტები. არის საფუძვლიანი ვერსია, რომ მელნიკოვი ჩამოყვანილია იმისათვის, რომ თქვას ის, რაც საჭიროა. ანუ აღიაროს, რა დანაშაულშიც მიიღო მონაწილეობა და ფარდა ახადოს ზოგიერთ მნიშვნელოვან ფაქტს, გირგვლიანის ან ჟვანიას სახელთან დაკავშირებულს... შეიძლება, მას წინასწარ მოელაპარაკნენ კიდეც, თუნდაც იმიტომ, რომ ამ "სამსახურისათვის" შედარებით მსუბუქი სასჯელი მიიღოს. არ გამოვრიცხავ, რომ მელნიკოვის ჩამოყვანა წინასაარჩევნოდ ამ პრინციპით მოხდა.
- საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან იწელება და სწორედ ამ მიზეზით, თვის ბოლოსთვის აქციაც არის დაგეგმილი...
- დიახ, 29 სექტემბერს იური ვაზაგაშვილი მართავს აქციას, სადაც დაზარალებულთა ოჯახის წევრები შეიკრიბებიან. რასაკვირველია, ვაზაგაშვილსაც, გირგვლიანის მამასაც და სხვა ბევრსაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს და ალბათ, ამიტომაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელშიც მეც შევდივარ, გადაწყვიტა, რომ ირინა ენუქიძეს ძეგლი დავუდგათ. ამ ნაბიჯით, გვინდა, რომ ძეგლი დავუდგათ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა. შეიძლება არჩევნებამდე ვერ მოესწროს, მაგრამ უახლოეს მომავალში გაკეთდება. ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.
- სად იგეგმება ძეგლის დადგმა?
- ვფიქრობთ, რომ ძველ თბილისში, შარდენის მიდამოებში დავდგამთ. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ქალაქის მერიის ხელმძღვანელობის პოზიციაც გასათვალისწინებელია. ისე, საინტერესოა, რა ნებართვას მოგვცემენ მერიიდან, სად უნდა დავდგათ ეს ძეგლი. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ მემორიალური ქვა, რომელიც სპორტის სასახლესთან იდგა, მოიპარეს. ამ ძეგლის მოპარვის და გაფუჭების საშუალებას არავის არ მივცემთ.
- შარდენზე ძეგლის დადგმა ალბათ, სიმბოლურია...
- რასაკვირველია. სწორედ იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველაზე სწორი იქნება, რომ ძეგლი შარდენზე დაიდგას. თანაც იქ უამრავი სტუმარი იყრის თავს და მათთვისაც ნათელი იქნება, რა ტიპის ბრძოლა მიმდინარეობდა საქართველოში და ერთმა ქალმა ამ რეჟიმის წინააღმდეგ რამდენი შეძლო.
მარი რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)