გიორგი მაისურაძე: "ჩვენ, ქართველები, ხელოვნურ მტრებს ვიგონებთ, როცა რეალურს ვერ ვუპირისპირდებით”"
ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოვებაზე ნომინაციაში - საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა, გაიმარჯვა მწერალმა გიორგი მაისურაძემ. მის მიერ წარმოთქმულ სამადლობელ სიტყვას დარბაზი ოვაციებით შეხვდა. აი, თავად სიტყვაც: სამწუხაროდ, ლიტერატურას ჯადოქრობა არ შეუძლია, არადა, ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ ისეთი კანონი არსებობს, რომელსა ადამიანს მარიხუანას მოხმარებისათვის ციხეში გასტუმრება და გამომწყვდევა შეუძლია, სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ზოგჯერ წამქეზებლობაში ეჯიბრებიან, სადაც ამბიონებიდან ხშირად სიძულვილი და შეუწყნარებლობა იქადაგება, სადაც 17 მაისს ჩვენ არნახული სისასტიკის და ძალადობის აღლუმის მომსწრენი აღმოვჩნდით. ასეთ დროს, ლიტერატურას განსაკუთრებული ადგილი და განსაკუთრებული ფუნქცია უნდა ჰქონდეს.."
გიორგი მაისურაძესთან ინტერვიუ სწორედ ლიტერატურაზე საუბრით დავიწყეთ.
- ბატონო გიორგი, რამდენად შეუძლია დღევანდელ საქართველოში ლიტერატურას ჯადოქრობა?
- სამწუხაროდ, დღეს ლიტერატურა სათანადოდ არ იკითხება და ამის შედეგებსაც ვხედავთ. ლიტერატურამ, ფაქტობრივად, დაკარგა თავისი ფუნქცია, სწორედ ამის შედეგია, რომ ზოგიერთმა წიგნით მოვაჭრემ გაბედა, გაენადგურებინა მწერლების ნაწარმოებები, რომლებიც მათ საზოგადოებისთვის მავნებლად მიიჩნიეს. როდესაც ასეთი რამ 21-ე საუკუნეში ხდება, ეს თავისთავად მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენში დაცემულია წიგნიერება, შესუსტებულია კულტურა და ცნობიერება. მსგავსი ქმედებები კაცობრიობას დიდი ხანია უკან აქვს მოტოვებული. მხოლოდ დაბალი განვითარების მქონე საზოგადოებებშია შეიძლება მოხდეს ის, რომ მწერლებს აიძულონ, საკუთარი ნაწარმოების გამო ბოდიში მოიხადონ ან ვინმეს კარნახით წერონ.
- რეი ბრედბერის ანტიუტოპიურ რომანში, "451 ფარენჰეიტით", მეხანძრეების უმთავრესი ფუნქცია წიგნების განადგურებაა, რასაც, მათი აზრით, მოსახლეობის კეთილდღეობისათვის აკეთებენ. ქართული საზოგადოება ნელ-ნელა ხომ არ ემსგავსება ბრედბერის მეხანძრეებს?
- ამის საშიშროება ნამდილად არის, როდესაც კულტურა სუსტდება, ძლიერდება სიბნელე. არის ასეთი ქართული ანდაზა: უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, დღეს რეალურად ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე - როდესაც ლიტერატურა მოსუსტებულია, მას ენაცვლება ლიტერატურის სუროგატები, რომელსაც საერთო არაფერი აქვთ კულტურასთან. ისინი ადამიანებს უმღვრევენ ცნობიერებას და უბიძგებენ ისეთი აბსურდული ქმედებებისკენ, როგორიც წიგნების დაწვაა.
-ბატონო გიორგი, კარგად გვახსოვსი 17 მაისი, როდესაც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. რამდენიმე დღის წინ სოფ. დვანში ოკუპანტებმა 600 მეტრით გადმოწიეს საზღვარი, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ ძალიან ცოტამ ამოიღო ხმა, როგორ ფიქრობთ ეს რითია განპირობებული?
- როდესაც რეალურ მტერთან დაპირისპირების უნარი არა გვაქვს, ჩვენ, ქართველები, ხელოვნურად ვიგონებთ მტრებს. ჰომოსექსუალობა საქართველოში იქცა რაღაც დემონურ მოვლენად და ამას ხელი შეუწყო, ეკლესიის წარმომადგენელთა გარკვეულმა, საკმაოდ გონებაშეზღუდულმა ძალებმა, აგრეთვე პოლიტიკოსთა ნაწილმა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე ვფიქრობ, სამიზნე ნაკლებად იყო სექსუალური ორიენტაცია, აქ თავი იჩინა უძლურების გამოხატულებამ რეალური პრობლემების მიმართ. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავი გაართვან რეალურ პრობლემებს, კომპენსაციისათვის ეძებენ ხელოვნურად შექმნილ მტრის ხატს და 17 მაისი ამ მტრის ხატების დემონსტრაცია იყო. თანაც, პოლიტიკური დემაგოგები და წამქეზებლები, წინასაარჩევნოდაც იყენებენ ამ თემას და არაფრისგან ხელოვნურად ქმნიან პრობლემას. ჩვენ ვხედავთ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და მისი ლიდერის ქმედებას, რომელიც აგროვებს ხელმოწერებს ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, მაშინ როცა ეს თემა არც გაჩენილა, ამას ქარის წისქვილებთან ბრძოლაც არ ქვია. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია. მათი და ასევე ნინო ბურჯანაძის ქმედებებს მიღმა, ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ პროვოკატორობის ანატომია. პოლიტიკოსები, რომლებსაც, პოლიტიკური მესიჯი, როგორც ასეთი, არ გააჩნიათ, სწორედ ასეთი გამოგონილი პრობლემებით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ. სინამდვილეში ეს პრობლემა არ არსებობს. ასეთი პოლიტიკოსები არიან პროვოკატორები. რატომ დაგვავიწყდა, რომ 20-25 წლის წინ, სწორედ ასეთი პროვოკატორების მოქმედებებმა მიგვიყვანა ბევრ ტრაგიკულ შედეგამდე?
- პარლამენტში განიხილავენ კანონს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების (მათ შორის, ლუდის) დალევა იკრძალება. მაშინ, როცა პარლამენტი ასეთ კანონებზე მსჯელობს, თქვენი მოწოდება – მარიხუანის ლეგალიზება რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?
- ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლებამ დატოვა. მათ გააჩაღეს კამპანია, რომელსაც ჯერ კიდევ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობა უწოდა. ამას მოყვა მკაცრი ზომები მარიხუანის წინააღმდეგ. შეგვიძლია, სამედიცინო ენციკლოპედიაში ან ინტერნეტში ვნახოთ, თუ რა ზიანის მომტანია მარიხუანა და რა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს, რომელიც თავისუფლად იყიდება. ალკოჰოლი ხდის ადამიანს დამოკიდებულს და უხეშად რომ ვთქვათ, აქცევს ლოთად, ამავე დროს ალკოჰოლი ხშირ შემთხვევაში ადამიანს აგრესიულს ხდის, ხოლო მარიხუანა არ იწვევს დამოკიდებულებას და ადამიანს უქვეითებს აგრესიის უნარს. ამ ყველაფრის შემდეგ რომ ადამიანს მარიხუანას მოხმარების გამო ციხეში სვამ და სჯი უფრო მკაცრად, ვიდრე კორუფციას ან ძალადობას, ეს არის აბსურდი და ბარბაროსობა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ამ იდიოტობის მსხვერპლი, ეს კი არაკეთილსინდისიერ სამართალდამაცვებს აძლევს საშუალებას, რომ გამდიდრდნენ.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)