ჩანერგეს თუ არა ახალაიამ და ლილუაშვილმა აგენტები "ქართულ ოცნებაში"?
ალი მამედოვი: "მოვითხოვ, დოკუმენტებს ექსპერტიზა ჩაუტარდეს!"
"არ გამიკვირდება, რომ მსგავსი გაყალბებული დოკუმენტები სხვა პატიოსან ხალხზეც გაავრცელონ, მაგალითად, ელისო ჩაფიძეზე, დავით საგანელიძეზე, ზაქარია ქუცნაშვილზე..."
გასულ კვირას ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალი მამედოვი და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ალი ბაბაევი კუდ-ის აგენტებად და "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილ პირებად მოიხსენია. გამოქვეყნდა მათი გადაბირების ამსახველი დოკუმენტებიც, რომელთა ნამდვილობა ჯერჯერობით დასადგენია. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტარები თავის დროზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილმა გადაიბირა. როგორც შევიტყვეთ, მსგავსი დოკუმენტების გამოქვეყნება სხვა დეპუტატებსა და "ქართული ოცნების" ლიდერებზეც იგეგმება.
"თანახმა ვარ, ვითანამშრომლო შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მოგაწოდოთ ცნობები დავალებათა შესაბამისად", - ნათქვამია ერთ-ერთ წერილში და ალი მამედოვის ფაქსიმილე ახლავს. სხვა დოკუმენტის მიხედვით კი ვაჟა ლილუაშვილი ზემდგომ პირს (სავარაუდოდ, ახალაიას) ცნობას აწვდის: "ბაბაევი თანახმაა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან, მოგვაწოდოს ოპერატიულად საინტერესო ინფორმაცია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე. აგრეთვე, ჩვენი მითითების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოახდინოს სახელწიფოს ინტერესების გატარება პოლიტიკურ პარტიაში. ჩვენი მხრიდან მივეცით პირობა შესაბამისი ანაზღაურების მიღებისა და სხვა სახის დახმარების თაობაზე".
"კვირის პალიტრა" საქართველოს პარლამენტარ ალი მამედოვს ესაუბრა: - ვიცი, ასეთ სიბინძურეს ვინც ავრცელებს... ამის უკან "ნაციონალების" მომხრე მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი დგას.
- რას იტყვით გადაბირების ამსახველ დოკუმენტებზე, რომელიც უკვე გამოქვეყნდა?
- დოკუმენტები გაყალბებულია. დაბადების თარიღად 1971 წელი წერია, მე კი 1979 წელს ვარ დაბადებული. როგორც ჩანს, ამ დეტალს ყურადღება არ მიაქციეს. ვაჟა ლილუაშვილი კი არასდროს მინახავს.
- "ქართულ ოცნებაში" როგორ მოხვდით?
- ეროვნული უმცირესობების უფლებებს ვიცავდი, მათი ომბუდსმენი ვიყავი. როცა პოლიტიკურ ასპარეზზე "ქართული ოცნება" გამოჩნდა, მის პარტიულ ადგილობრივ ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა.
- დოკუმენტებს ერთვის ფაქსიმილეც, ექსპერტიზამ რომ მათი ნამდვილობა დაადგინოს, არ გეშინიათ?
- თავად მოვითხოვ ამ დოკუმენტების ექსპერტიზას. წარმოადგინონ ორიგინალები! პატიოსანი ადამიანის სახელის ლაფში ამოსვრას არაფერი უნდა. მაგრამ როგორც ვიცი, მათ მხოლოდ ბეჭდური დოკუმენტები აქვთ და როგორც ამბობენ, ორიგინალები კი არა, ასლებია. სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი რეალობაა, რომ თუკი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის რომელიმე მედიასაშუალებას უჩივლებ ან სასამართლოს სარჩელით მიმართავ, შედეგს მაინც ვერ მიიღებ.…ამიტომ კარგად უნდა მოვიფიქრო, როგორ ვუპასუხო ამ ბინძურ ცილისწამებას. არ გამიკვირდება, რომ მსგავსი გაყალბებული დოკუმენტები სხვა პატიოსან ხალხზეც გაავრცელონ, მაგალითად, ელისო ჩაფიძეზე, დავით საგანელიძეზე, ზაქარია ქუცნაშვილზე...
- ლაპარაკია იმაზეც, რომ "ქართული ოცნების" წევრებზე მაკომპრომეტირებელი აუდიოჩანაწერებიც გავრცელდება.
- რაც უნდათ, ის გაავრცელონ, ექსპერტიზა თავის სიტყვას იტყვის.
"კვირის პალიტრა" დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელს ალექსანდრე გეჯაძეს დაუკავშირდა და გაარკვია, შესაძლებელია თუ არა "ქართული ოცნების" წევრების კუდ-თან თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა: "დოკუმენტის გრაფიკული ექსპერტიზისთვის აუცილებელია ხელთ დედანი გვქონდეს. მხოლოდ ასლზე აღბეჭდილი ფაქსიმილე საკმარის ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის. მისი გაყალბების გამორიცხვაც არ შეიძლება, მოგეხსენებათ, კომპიუტერის შესაძლებლობები დიდია... ასე რომ, დოკუმენტი ხელნაწერის სახით უნდა არსებობდეს, რაც შედარების გაკეთების მეტ საშუალებას იძლევა".