ბორის ბედია: "ხმამაღლა ვამბობ უნარებზე: ეს კრეტინიზმი ვინ მოიგონა?!"
"აქ ის მომენტია, რომ პერსპექტიული ადამიანი ვარ... ყველაფერში მაგარი ხომ ვერ ვიქნები."
"მომღერალმა უნდა ჩააბაროს მათემატიკა?! ეს დეგენერატული პრინციპი არ არის?!"
"აი, მე რაში მჭირდება უნარ-ჩვევები, ალგებრა და გეომეტრიის იდიოტური კითხვები? ეს ჩემთვის იდიოტობაა."
განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტის მიხედვით "განსაკუთრებული ნიჭის" მქონე ახალგაზრდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. დასახელდნენ ის ადამიანებიც, რომელთა გამოც შეიძლება, ეს ცვლილება მოხდეს. ერთ-ერთი მათგანი მომღერალი ბორის ბედიაა და სწორედ ის გვესაუბრება გამოცდებისა და კანონპროექტის შესახებ.
ბორის ბედია:
- ყველა ქვეყანაში ასე ხდება: ნიჭიერ ადამიანებს ყველგან აფასებენ და ხელს უწყობენ. რა თქმა უნდა, კანონპროექტი ძალიან მაგარია და მივესალმები. ერთ რამეს გეტყვით, მომღერალმა უნდა ჩააბაროს მათემატიკა?! ეს დეგენერატული პრინციპი არ არის?! ჩემს საქმეში ხომ ავიღე 5-იანები და 100 ქულები, მათემატიკის გამო რატომ უნდა დავრჩე გარეთ, მითხარით, ეს დეგენერატობა არაა?! აქ მარტო ჩემზე არაა ლაპარაკი, არიან შესანიშნავი მხატვრები, პიანისტები და ა.შ.
- თქვენს გამო გამონაკლისის დაშვების შემდეგ, შეიძლება, ოლიმპიადებში და კონკურსებში გამარჯვებულმა სხვა ბევრმა ახალგაზრდამაც სასწავლებელში უგამოცდოდ ჩარიცხვა მოითხოვოს. აქედან გამომდინარე, გამოცდებს აზრი დაეკარგება. ამაზე რას იტყვით?
- საქმე იქამდე არ უნდა მივიდეს, რომ ყველა ოლიმპიადაში გამარჯვებულმა გამონაკლისის დაშვება მოინდომოს. საერთოდ, ასეთი მიღწევებიც ჩვენი ქვეყნის სახელია. უცხოელები აფასებენ და ჩვენ თუ ჩვენები არ დავაფასეთ, მაშინ რა გამოვა? რატომ არის განსაკუთრებული კარგი სპორტსმენი, ე.ი, ღმერთმა დააჯილდოვა, არა?
- ასეთი ბევრია...
- და ძალიანაც კარგი. ზუსტად ამიტომ ვამბობ, საქართველოს ნიჭიერი ადამიანები ღმერთმა უმრავლოს. უკეთესი რა შეიძლება, იყოს? თქვეს, გამოცდებს აზრი აღარ ექნებაო? არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგრამ საერთოდ, ყველას უნდა შევუწყოთ ხელი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში მოღვაწეობს იგი. თუ არ გავაკეთებთ ასე, შესაძლოა, რომელიმე ნიჭიერ ახალგაზრდას საქმე ცუდად წაუვიდეს. აბა დაფიქრდით, ეს უარესი არაა?!
- როგორც მახსოვს, პაატა ბურჭულაძე თქვენი სწავლის დაფინანსებას აპირებდა იტალიაში. ამაზე რატომ არ ისმის არაფერი?
- ბატონ პაატასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი პიროვნებები. რაც შეეხება უცხოეთში სწავლას: იქ არის მოთხოვნა, რომ სტუდენტი უნდა იყო, ერთი კურსი მაინც უნდა გქონდეს დამთავრებული. მოკლედ, საბუთებს უყურებენ. საქართველოში, სხვათა შორის, ძალიან კარგი ვოკალური სკოლაა, ბევრ უცხოელს შეშურდება, რადგან აქ არაჩვეულებრივი პედაგოგები ასწავლიან. თუ გავხდები სტუდენტი, ეს ჩემს საქმეს წაადგება და თავისთავად, მერე ევროპაში გადავალ.
- თქვენზე გამონაკლისის დაშვება კონკრეტულად, რის გამო უნდა მოხდეს?
- უბრალოდ, აქ ის მომენტია, რომ პერსპექტიული ადამიანი ვარ. ღმერთმა ნიჭი მომცა და არიან პიროვნებები, ვინც ამას აფასებენ. ბევრი ნიჭიერი გვყავს და ვიმეორებ, მათ ხელი უნდა გავუმართოთ. წინასწარ არ ვიცი, როგორ მოხდება, მაგრამ კმაყოფილი ვიქნები, თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს.
- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უნარ-ჩვევები ჰქონდეს?
- მე თუ მკითხავთ, ჩემ მიმართებაში ეს სისულელე გამოდის. აი, მე რაში მჭირდება უნარ-ჩვევები, ალგებრა და გეომეტრიის იდიოტური კითხვები? ეს ჩემთვის იდიოტობაა.
- უნარ-ჩვევების გამოცდა ლოგიკურ კითხვებზეა აგებული. რატომ ვერ გადალახეთ მინიმალური ზღვარი? არ იმეცადინეთ და ჩაიჭერით, თუ იმეცადინეთ და მაინც ვერ გადალახეთ ზღვარი?
- რა ვუყო, უნარებში 3 ქულა დამაკლდა. თვალი კი გადავავლე, იქ რაღაც ნიმუშები იყო და რაღაც-რაღაცები გამიადვილდა. მაგრამ სხვა კითხვები უფრო გართულებული იყო. ბევრი მათემატიკური კითხვაც მოვიდა. მომზადებული არ ვიყავი, რაღაცები გამოვიცანი და შემოვხაზე. ისე კი არ მოვქცეულვარ, რომ არ ვიფიქრე და ავიგდე, რა სისულელეა. რა ვქნა, ყველაფერში მაგარი ხომ ვერ ვიქნები. მთავარია, ქართველი ვარ და ქართულში გადავლახე, უცხო ენაშიც ჩავაბარე.
- კანონპროექტს თუ არ მიიღებენ, რას აპირებთ?
- რას უნდა ვაპირებდე, მაშინ სხვაგან ჩავაბარებ, სადაც ამ იდიოტურ უნარებს არ აბარებინებენ, აბა, რა უნდა ვქნა?
- აშკარაა, უნარ-ჩვევებს მნიშვნელოვნად არ თვლით. არ გგონიათ, რომ თუ ისწავლით და გამოცდაზე ხელახლა გახვალთ, ამას უფრო ექნება ფასი, ვიდრე სასწავლებელში შეღავათით მოხვედრას?
- რა თქმა უნდა, არ ვთვლი მნიშვნელოვნად, რა სისულელეა. ჩემთვის ფასეული იქნება, კარგად რომ ვიმღერებ, საქართველოს გამოვაჩენ და ბორის ბედიას სიმღერაზე ტაშს დაუკრავენ. ვინ შექმნა საერთოდ ეს იდიოტური უნარები და კრეტინიზმი?! ამას ხმამაღლა ვამბობ!
ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის).