კოტე სურგულაძე: "ყველა ცილისმწამებელს რომ მივაქციო ყურადღება, საქმეს ვეღარ გავაკეთებ" (ექსკლუზივი)
"ადრე თუ გვიან ერის წინაშე აგებთ პასუხს, მაგრამ ჯერ კიდევ მინისტრი გქვიათ" - რა წერილი მიიღო აშშ-ი მცხოვრები ემიგრანტებისაგან დიასპორის მინისტრმა.
"თქვენი უწყება, ისევე როგორც პირადად თქვენ, მხოლოდ პოპულიზმით ხართ დაკავებული "
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისაგან რედაქციამ წერილი მიიღო, რომლის ადრესატი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძეა:
"მოგმართავთ ასობით ათასი ქართველი ემიგრანტის სახელით. მალე ერთი წელი შესრულდება, რაც თქვენმა სამინისტრომ ფუნქციონირება დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არავის ვახსოვვართ. თქვენი უწყება, ისევე როგორც პირადად თქვენ, მხოლოდ პოპულიზმით ხართ დაკავებული. მილიონ-ნახევარზე მეტი თანამემამულე კი ათი თვეა იმედის თვალით შემოგყურებთ. შარშან ამ დროს სულ სხვა სურათი გვქონდა. ფულის სუნი ტრიალებდა და თქვენცა და თქვენი მსტოვრების დიდი არმიაც გაცილებით უფრო აქტიურები იყავით. ბატონო კოტე, ის, რომ თქვენი "მშობლიური პარტიის"" აბსოლუტური უმრავლესობა მოღალატეებით იყო დაკომპლექტებული, მისი ლიდერის, მიშას აგენტი ალასანიას ხელმძღვანელობით, პირველი წუთიდან ვიცით. ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ ადრე თუ გვიან ერის წინაშე აგებთ პასუხს, მაგრამ ჯერ კიდევ მინისტრი გქვიათ და მხოლოდ ამიტომ მოგმართავთ: რატომ არ მუშაობს თქვენი სამინისტრო? თუ გაფიცულები ხართ, გაგვაგებინეთ და სხვა ინსტანციებს მივმართავთ. არჩევნები კარს მოგვადგა და თქვენგან ჩამიჩუმი არ გვესმის. საკვირაო სკოლები ემიგრაციის პრობლემებს როგორ გადაჭრის? წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რა პოტენციალია თავმოყრილი ემიგრაციაში? ალბათ, გაქვთ და იმიტომაც არ ეკარებით. გეშინიათ ამ ძალის. ჩვენ ხომ სიმართლის თქმის არ გვეშინია. უამრავი საქმიანი წინადადებაა ემიგრაციაში. მათ განხორციელებას სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია და დამტკიცება სჭირდება. ეს კი თქვენი მოვალეობაა.
დავით კარტოზია, ვაჟა აფშინაშვილი".
წერილში დასმულ პრობლემებზე სასაუბროდ და იმის გასარკვევად, შარშანდელივით შეეზღუდებათ თუ არა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს არჩევნებში მონაწილეობა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, კონსტანტინე სურგულაძეს ვეწვიეთ:
- 6 ოქტომბრამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე უნდა მივიდეს საკონსულოში და საარჩევნოდ დარეგისტრირდეს. არავითარი ცნობა აღარ არის საჭირო. თუ მათი საცხოვრებლიდან საკონსულო შორს არის, ინტერნეტით დარეგისტრირება შეიძლება იუსტიციის სახლის ვებგვერდზე. მნიშვნელობა არა აქვს, პირი ლეგალურად არის უცხო ქვეყანაში თუ არა, ყველას ექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება. პირობას გაძლევთ - საკონსულოში რეგისტრაციის გამო არავის გაუკეთებენ დეპორტაციას. ჭორი, თუ არალეგალები საკონსულოებში დარეგისტრირდებიან, დეპორტაცაის გაუკეთებენო, წინა არჩევნებზე იმისთვის გავრცელდა, რომ ჩვენი თანამემამულეები არჩევნებზე არ მისულიყვნენ.
- რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ამჯერად თუ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას?
- აქ არის კანონის ხარვეზიც და პოლიტიკური საკითხიც. საქართველოს საელჩო არ არის რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში კი საარჩევნო უბნები ვერ გაიხსნება, რადგან ჩვენს კანონმდებლობაში წერია, საარჩევნო უბანი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უნდა გაიხსნასო. როდესაც რუსეთში იყო არჩევნები, არც საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მიეცათ ხმის მიცემის უფლება.
- არჩევნებში მონაწილეობას ასევე ვერ მიიღებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც იძულებით აიღეს რუსეთის პასპორტები. ეს ხდება მაშინ, როდესაც არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ უცხოელებს (აფრიკელებს, ირანელებს თუ ინდოელებს), რომელთაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვთ, მაგრამ ერთი ქართული სიტყვაც არ იციან.
- საქართველოს მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. გასაგებია იმ ხალხის უკმაყოფილება, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ, მაგრამ თავიდანვე ხომ იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საფუძველია საქართველოს მოქალაქეობის დასაკარგავად.
- თქვენთან პრეტენზიები აქვთ აშშ-ში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მხოლოდ საკვირაო სკოლებს ხსნის, საქმეს არ აკეთებს და ბლოკავს უამრავ საქმიან წინადადებასო.
- ყველა კმაყოფილი ვერ მეყოლება. ვაჟა აფშინაშვილთან და დავით კარტოზიასთან კამათის დრო არ მაქვს. მითხრეს, რომ მათ ბევრი ცილისმწამებლური რამ დაწერეს სოციალურ ქსელში და უკვე ვფიქრობ, ამის გამო მოვთხოვო თუ არა მათ პასუხი. ზოგიერთები ისე ლაპარაკობენ, ვითომ გული შესტკივათ, რეალურად კი უნდათ, რაღაცებს გამორჩნენ. ყველა ცილისწამებას პასუხს ვერ გავცემ. მათ რომ მივაქციო ყურადღება, საქმეს ვეღარ გავაკეთებ. ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაწყებული და თუ ეს ორი ადამიანი ვერაფერს ხედავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი კეთდება.
- რა თანხებზე ლაპარაკობენ, რა ფული ტრიალებდა დიასპორაში?
- არ მინდა დაკონკრეტება. ვინ რა თანხაზე იყო პასუხისმგებელი. ყველამ კარგად იცის, რა კეთდებოდა და ამაზე პრეტენზია არავის გააჩნია. ზოგიერთები ისე ლაპარაკობენ, ვითომ გული შესტკივათ, რეალურად კი უნდათ, რაღაცებს გამორჩნენ. ამაზე მეტს აღარ ვიტყვი...
- კონკრეტულად რას აკეთებთ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის?
- ხომ წერენ, რომ მარტო საკვირაო სკოლების გახსნა არაფერს ნიშნავსო. არადა, ეს სკოლები ძალიან ბევრს ნიშნავს. საკვირაო სკოლებს ჩვენივე თანამემამულეები ხსნიან და ჩვენ სახელმძღვანელოებით, ატრიბუტიკითა და თვალსაჩინოებით ვეხმარებით. ვამზადებთ მასწავლებლებს. საკვირაო სკოლით ბავშვი ქართულ თვითშეგნებასა და ენას ინარჩუნებს. თუ ბავშვმა ენა დაკარგა, ის მშობლებისთვისაც სამშობლოში დაბრუნებისთვის დაბრკოლება ხდება. გვაქვს ონლაინსკოლის გაკეთების პროექტი, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივი სკოლის გაკვეთილები მიიღონ. ეს იქნება ცოცხალი გაკვეთილი და არა ჩაწერილი. ბავშვები ისწავლიან ქართულ ენას, ისტორიასა და ეთნოგრაფიას. არარეალურ პროექტებზე ვერ მოვცდებით, რეალურ პროექტებს კი ვეხმარებით. დიასპორამ მოგვაწოდა პროექტი, რომ საქართველოში საზაფხულო ბანაკი გაგვეკეთებინა ემიგრანტთა შვილებისთვის. 100-მდე ბავშვი ჩამოვიდა წელს საქართველოში და საოცარი შთაბეჭდილებები დაწერეს სამშობლოზე, რომელიც პირველად ნახეს.
ემიგრანტებისთვის ვქმნით სპეციალურ გლობალურ-სოციალურ ქსელს. ამ პროგრამის საშუალებით ემიგრანტებს შეეძლებათ დოკუმენტების ან საჭირო ინფორმაციის უსწრაფესად მიღება. ემიგრანტებისთვის განკუთვნილ გლობალურ სოციალურ ქსელში განვათავსებთ ინფორმაციას, რა ვაკანსიებია საქართველოში, თუკი სამშობლოში დაბრუნებას მოინდომებენ. გვაქვს სხვადასხვა პროექტი ემიგრანტებისთვის, თუკი ისინი სოფლის მეურნეობის სფეროში მოინდომებენ დასაქმებას. მათ საქმიანობას ნაწილობრივ დავაფინანსებთ, გადავამზადებთ, რომ უკეთ მოიყვანონ მოსავალი და სათბურები მოაწყონ. ამ ყველაფრის ხორცშესხმაზე უკვე ვმუშაობთ და ვინც ამას ვერ ხედავს, მისი პრობლემაა.
იზო რიკაძე