სტაჟი ანუ საიდან მოგიტანოთ გამოცდილება? (ტანჯული სტაჟიორის აღსარება) - კვირის პალიტრა

სტაჟი ანუ საიდან მოგიტანოთ გამოცდილება? (ტანჯული სტაჟიორის აღსარება)

 

„...არც სხვა ექსპედიციებში მუშაობის გამოცდილება მქონდა. ალბათ, ასე ემართება ბევრ ახალგაზრდას, რომელიც სამუშაოზე პირველად ეწყობა. კითხვაზე: „ყოფილხართ თუ არა ადრე ასეთ სამუშაოზე?“ თქვენ უპასახუბთ: „არა“. ისინი გეუბნებიან: ჩვენ გვჭირდება მხოლოდ გამოცდილი ხალხი“. თქვენც უკან ბრუნდებით და გრძნობთ, ვერასოდეს მოეწყობით სამუშაოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე არ გიმუშავია“, -თენსინგ ნორგეი (ევერესტის პირველი დამპყრობელი) იხსენებს როგორ ეძებდა სამუშაოს 1933 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი თენსინგის ამ სიტყვების წარმოთქმიდან 80 წელი გავიდა, ქართული საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით, „დიპლომიანი ახალგაზრდებისთვის“ ევერესტის პირველი დამპყრობლის ეს ნათქვამი დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. შენ და შენი ოჯახი ყველაფერს აკეთებთ, რომ ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები მოიპოვო, მათ შორის, იღებთ ბანკის, მეზობლის, მევახშის ვალებსაც. აჰა, სწავლასაც ამთავრებ და ორიდიპლომიანი ფიქრობ, რომ სამუშაო ბაზარზე  პოტენციური დამსაქმებლები მოუთმენლად ელოდნენ შენს გამოჩენას, რათა რესპექტაბელური სამსახური შემოგთავაზონ.

პირველი სამსახურის ძიებისას უკვე არსებული რეალობის მცირე ნატეხთან გიწევს შეჯახება. როგორ უნდა იშოვო სამსახური, როცა ყველა დამსაქმებელი ერთ ან რამდენიმეწლიან სტაჟს გთხოვს? სტაჟი კი ვერ გექნება, თუ ვინმემ არ დაგასაქმა.  ამ კითხვაზე პასუხს ვერც უნივერსიტეტში ნასწავლი სტატისტიკით და ალბათობის თეორიით ახსნი და ვერც წითელი დიპლომით. თუმცა, როდესაც საქმე უნარჩაბარებულ თაობასთან გვაქვს,  ამ კითხვასაც მოეძებნება პასუხი.

1)      ყველაზე მარტივი და მოკლე გზა სტაჟისკენ გავლენიან ნათესავ-მეგობრებზე გადის. თუმცა ეს შენზე არაა დამოკიდებული და თანაც, ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ შეიძლება ერთ დღეს ის ნაქები ნათესავი აქეთ გაგიხდეს საპატრონო.

2)      საუკუნოვანი სტაჟირება, რომელიც იმის შანსს გაძლევთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე თანამშრომელი სამსახურიდან წავა და თქვენ საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდებით. თუმცა ამ საქმეს ბევრი მოთმენა და ენთუზიაზმი ჭირდება. ის ენთუზიაზმი, რომლის კვებისა და სამსახურამდე მიტანის საფასური თქვენ უნდა იხადოთ.

3)      საზღვარგარეთ წასვლა, იქ სწავლა და მერე კლასიკური ”მე ლონდონში ვსწავლობდი” - ეს ერთ-ერთი მყარი არგუმენტია თქვენი სამსახურში აყვანის სასარგებლოდ, მაგრამ უცხოეთში წამსვლელთა რიცხვის ზრდის პარალელურად მცირდება „საზღვარგარეთ ნასწავლის“ მაგიური ძალაც.

არადა, სწავლა დაამთავრეთ და თავს ვეღარ იმართლებთ. უკვე ყველა გეკითხება - არ მუშაობ? მუშაობა არ დაიწყე?  შენ ცდილობ, ხუმრობაში გაატარო და სასხვათაშორისოდ ამბობ, რომ რამდენიმე ვარიანტი გამოჩნდა და დროებით ისვენებ. სახლშიც უკვე ნელ-ნელა გაპარებენ - შვილო, რას ფიქრობო და ამას მოყვება მონოლოგები, თუ როგორ იწვალა ოჯახმა, რათა შენთვის საუკეთესო განათლება მოეცა. ამ დროს გეხსნება ბედი და შენს ცხოვრებაში ჩნდებიან სპეციალური სააგენტოები, სადაც სამსახურის შოვნას ცალყბად, მაგრამ მაინც გპირდებიან. ახალი იმედებით აღსავსე, ახალი ძალებით ცდილობ სამსახურის შოვნას - დღედაღამ კომპიუტერთან ათენებ და მალევე ხვდები, რომ მორიგ ჩაკეტილ წრეში მოხვდი.

ზოგადად, ძალიან საინტერესო ფენომენია დასაქმების საიტები, განსაკუთრებით, HR.GOV.GE. სანამ ორიოდ სიტყვას ვიტყოდი ამ საიტზე, ჩემი ერთ-ერთი „ფეისბუქელი“ მეგობრის სტატუსს შემოგთავაზებთ. „მეგობრებო, დღეს გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტური თანამდებობების კონკურსში გამარჯვებულებისა და რეზერვში ჩარიცხული კანდიდატების სია. მე საერთოდ არ ვირიცხები. უღრმესი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენგანს, ვინც ასე მამხნევებდით 7 მარტიდან დღემდე. პარადოქსულია, მაგრამ სწორედ დღეს ვამაყობ, პირველად, ყველაზე მეტად, იმით, რომ საქართველოში მე მოვიპოვე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯიპიეის მქონე წითელი დიპლომი (3,7), ვიყავი პრეზიდენტის მუდმივი სტიპენდიანტი და პარალელურად დავამთავრე ორი მაგისტრატურის სრული კურსი უცხო ენაზე, საფრანგეთში + ჩემი ორი სტუდენტური სამსახურით.. და კიდევ, ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე დღეში საქართველოდან წავალ ოსლოს უნივერსიტეტში...“. აღნიშნულ საიტზე სამთავრობო ვაკანსიები იდება, რომელიც ადამიანს მყარ სამსახურს პირდება + მაღალი ანაზღაურება. ურიგო არ იქნებოდა, თავად სახელმწიფო იყოს დაინტერესებული მაღალკვალიფიციური კადრებით და თვითონ ეძებდეს პერპექტიულ ახალგაზრდებს. ჩემ „ფეისბუქელ“ მეგობარს გაუმართლა და ოსლოში მიდის, ხოლო სხვებმა, რომელთაც მაქსიმუმ გასაუბრების ეტაპამდე მიყვებათ სამთავრობო უწყებაში დასაქმების ოცნება, რა ქნან? რომ ამბობენ, განათლების რეფორმა ყველაზე წარმატებული იყოო, კი ბატონო, იყო, მაგრამ რა ვუყო ახლა ჩემს მიერ მოპოვებულ ცოდნას?  და მარტო მე როდი ვარ ამ დღეს, ჩემნაირების სახელი ლეგიონია. მაქიმუმ სტაჟირება გაიარო და მერე  იგებ, რომ დასაქმების პერსპექტივა არ არსებობს, ანდაც ისეთი ადამიანი დასაქმდა, რომელსაც არც გასაუბრება გაუვლია და არც ტესტირებაში მიუღია მონაწილეობა. დროის გასვლასთან ერთად, წითელ დიპლომსაც გადასდის ფერი და ხუნდება - ყვითელი ხდება...

-უკაცრავად, სამსახურის დაწყება მინდა, ორი დიპლომი მაქვს და კიდევ...

- სტაჟი გაქვს?

- სტაჟი საიდან უნდა მქონდეს, თუ სამსახურს არ დავიწყებ..

- კარგით, საკამარისია, დატოვეთ თქვენი მონაცემები.. უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდა ბრძანდებით. ვინძლო რამე გამოჩნდეს, აუცილებლად გაგაგებინებთ....