ირაკლი კაკაბაძე: სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსია - კვირის პალიტრა

ირაკლი კაკაბაძე: სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსია

"მიშა ძალიანაც ადეკვატური, ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, უბრალოდ..."

"სააკაშვილმა წამოიწყო ომი, მაგრამ ეს ძალიან ჭკვიანურად და გონივრულად გააკეთა"

"ახლო კონტაქტში შევედი სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან, რომელიც кгб-ს გენერალია"

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ საქართველოს პრეზიდენტის ბიოგრაფიის უცნობი დეტალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ის წერს: "მიშა სააკაშვილი გულმოდგინედ მალავს თავის ურთიერთობას საბჭოთა კგბ-სთან 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის არასდროს ლაპარაკობს იმაზე რომ 1980-იან წლებში საბჭოთა მზვერავების სკოლაში სწავლობდა და კგბ-ს ჯარში ლეიტენანტის წოდბა ჰქონდა". ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი კაკაბაძეს და ვთხოვეთ, უფრო დეტალურად მოეყოლა ამ ამბის შესახებ.

ირაკლი კაკაბაძე:

- ყველა პოლიტიკური მოღვაწის ოფიციალური ბოგრაფია უნდა გაირკვეს. მე არავიზე არაფერს არ ვამტკიცებ, მათ შორის, არც სააკაშვილზე, მაგრამ ყველა პოლიტიკოსის ოფიციალური ბიოგრაფია უნდა გამოქვეყნდეს. ვისაც სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც უთანამშრომლია საბჭოთა უშიშროებასთან, ასეთ ადამიანს პოლიტიკაში მოღვაწეობა უნდა აეკრძალოს. ასეთ პოლიტიკოსებს შორის არის მიხეილ სააკაშვილი. უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოიქცნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში. იქ იმ ადამიანებს, ვისაც უთანამშრომლიათ უშიშროებასთან, ეკრძალებათ პოლიტიკური აქტივობა. ანალოგიური რამ უნდა მოხდეს ჩვენთანაც, მათ, ვინც მსახურობდა кгб-ს ჯარებში (და მით უფრო, თუ სწავლობდა კგბ-ს მიერ კურირებას სასწავლებელში, როგორც მიხეილ სააკაშვილი) უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში ყოფნა. თუ ჩვენ მართლა ვებრძვით რუსულ იმპერიალისმს, მაშინ ამ ყველაფრის გაკეთება აუცილებელია

- ბატონო ირაკლი, სააკაშვილის ბევრი ოპონენტი ლაპარაკობს სააკაშვილის არაადეკვატურ ქცევებზე და გაუწონასწორებულობაზე, თუ ის მართლა ასეთია, რატომ გადაწყვეტდა кгб, რომ მასთან ეთანამშრომლა?

- მე არ ვთვლი სააკაშვილს არაადეკვატურად, ეს არის ძალიან არასწორი შეფასება. მიშა ძალიანაც ადეკვატურია, ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, უბრალოდ მას არასწორი ხაზი აქვს არჩეული. მე არ მიმაჩნია სწორად მის პიროვნულ თვისებებზე საუბარი და პიროვნული დამცირების გზით მისი შეურაცხყოფა. არაა ეს სწორი. ის შეგნებულად წავიდა რუსეთთან პროვოკაციაზე და წამოიწყო ომი, მაგრამ ეს ძალიან ჭკვიანურად და გონივრულად გააკეთა. სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსია, მისი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს არ ემსახურება, თორემ ფაქტია რომ ჭკვიანი პოლიტიკოსია.

- თქვენ თქვით, რომ სააკაშვილი შეგნებულად წავიდა რუსეთთან პროვოკაციაზე, რა გამოდის, მან ომი განზრახ დაიწყო?

- არ მინდა, შეთქმულების თეორიებით ვისაუბრო. ჩემმა მეგობარმა მეთიუ ბრაიზამ სწორად დასვა დიაგნოზი. მან თქვა, რომ სააკაშვილმა მისცა საშუალება რუსეთს, საქართველოს ერთი მეხუთედი დაეპყრო. დღეს სააკაშვილი ცდილობს პროვოცირება გაუკეთოს ახალ ომს, რომელის შედეგადაც რუსეთი მთლიანად დაიპყრობს საქართველოს. ამიტომ მე ვთვლი: სააკაშვილი პირველ რიგში რუსეთის მსახურია და რადგანაც ის кгб-ს სტრუქტურებში მსახურობდა 1984-1990 წლებში. დღეს ის ასრულებს საკუთარი უფროსის, ვლადიმერ პუტინის დავალებას, თანაც ასრულებს ძალიან კარგად, რადგან ინიღბება სათანადოდ. სააკაშვილი არის პროვოკატორი, ხოლო რუსეთი ქვისმსროლელი და რეალურად ორივე ერთი გუნდის წევრები არიან. მავთულხლართების გაბმაზე პასუხისმგებლობას თანაბრად იღებენ სააკაშვილი და რუსეთი. სააკაშვილი არის რუსეთის იმპერიის წარმომადგენელი საქართველოში. თუ მის ბიოგრაფიას გაეცნობით, ნახავთ, ის მსახურობდა სასაზღვრო ჯარში, რომელიც უშუალოდ საბჭოთა უშიშროებას ექვემდებარებოდა, ასევე მან ჩააბარა სასაწავლებელში, რომელსაც კურირებდა кгб და სადაც кгб-ს თანამშრომლების გარდა, არავის არ იღებდნენ.

- ბატონო ირაკლი, ეს ინფორმაცია 2003 წელს რატომ არ გაახმაურეთ?

- 2003 წელს მე ეს ინფორმაცია არ გამაჩნდა, ეს ყველაფერი მას შემდეგ გავიგე, რაც ახლო კონტაქტში შევედი სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან, რომელიც кгб-ს გენერალია. ამ ინფორმაციას თქვენ სააკაშვილის ბიოგრაფიაში ვერ ნახავთ, რადგან კარგად მალავენ.

- და თემურ ალასანიამ ეს თქვენ პირადად გითხრათ?

- დიახ, ეს მან პირადად მითხრა.

- ალასანიასთვის ცხადი იქნებოდა, რომ თქვენ ამ ინფორმაციას გააჟღერებდით, რატომ გაგიმხილათ?

-მისთვის ეს ნათელი არ იყო. მე მოვხვდი ისეთ შეხვედრაზე, სადაც ლაპარაკი იყო სამხედრო საკითხებზე (მე ამაზე ჩვენებაც მაქვს მიცემული) და იქ თემურ ალასანია ამ საკითხზე ლაპარაკობდა ძალიან ვიწრო წრეში.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)