"ამერიკელების დაუხმარებლად გამოძიება დახურულ ხაზს ვერ გაშიფრავდა"
"ეს ტექნოლოგიური დანაშაული კი არა, უცხოური სპეცსამსახურის პროპაგანდისტულ-საინფორმაციო ომია"
"გამორიცხულია ამ ფირის კავშირი თალიბებთან"
"ვიდეოფირის გამოქვეყნების დრო შემთხვევით არ შეურჩევიათ"
კიბერშეტევის საქმე, რომელსაც საზოგადოება "ჯიჰადის ვიდეოების" სახელით იცნობს, გახსნილია. შს სამინისტრომ ამერიკელი კოლეგების დახმარებით დაადგინა, რომ ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეორგოლი ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა აფხაზეთიდან ატვირთა. მან კვალის დაფარვის მიზნით გამოიყენა ქართული GSM-ოპერატორების "მაგთიკომის", "ჯეოსელისა" და "მობიტელის" USB-ინტერნეტმოდემები, რომელიც ზუგდიდში შეიძინა. ვინ იყო სამარ ჩოკუტაევის მეკავშირე, რომელმაც ინტერნეტმოდემები საქართველოში შეიძინა, სამართალდამცავები არ ახმაურებენ. თუმცა ჩვენი წყაროებით დავადგინეთ, რომ ისინი გამოძიებამ უკვე დაჰკითხა. სამართალდამცავები არაფერს ამბობენ საქართველოში არსებული იმ ორი კომპანიის შესახებაც, რომელთა მისამართების გამოყენებით განთავსდა ვიდეოფირი ინტერნეტში. თუმცა "კვირის პალიტრამ" დაადგინა, რომ ეს საქართველოში მომუშავე უცხოური კომპანიების წარმომადგენლობებია.
გიორგი კობიაშვილი, აიტი-სპეციალისტი: - ვიდეორგოლი აფხაზეთის ტერიტორიაზე აიტვირთა მალაიზიური სერვერის გამოყენებით. როდესაც კვალის დაფარვა სურთ, ნებისმიერი აიტი-სპეციალისტი აირჩევდა მალაიზიას, ჩინეთს ან ინდონეზიას, რადგან იქ თავისუფალი კიბერსივრცეა და სპეცსამსახურები ნაკლებად აკონტროლებენ. საქართველოში შეძენილი უკაბელო GშM-მოდემების საშუალებით მოხერხდა ინტერნეტთან წვდომა და დაშიფრული კავშირი მალაიზიურ სერვერთან. თავის მხრივ, მალაიზიური სერვერიდან საქართველოს ორი კომპანიის როუტერზე შეაღწიეს. ქართული კომპანიების როუტერები დაცული იყო, მაგრამ ადმინისტრატორის პაროლი გატეხეს და ფირი ისე ატვირთეს. ეს ყველაფერი კვალის ასაბნევად გაკეთდა. ჩემთვის, როგორც აიტი-სპეციალისტისთვის, საინტერესო ამ სქემაში ის არის, რომ ჩოკუტაევმა მოახერხა მალაიზიაში სერვერის ისე პროგრამირება, რომ დახურული (დაცული) ხაზით ემუშავა. დახურული ხაზის შიფრის მოხსნას წლები სჭირდება და ზოგჯერ ვერც ხსნიან. ალბათ, სწორედ ამაში დაეხმარნენ ჩვენს სამართალდამცავებს ამერიკელები. დაუხმარებლად ჩვენი გამოძიება დახურულ ხაზს ვერ გაშიფრავდა.
- რას იტყვით თვითონ ვიდეორგოლის ხარისხზე, შეეძლო ის ერთ პირს დაემზადებინა და გაეხმოვანებინა?
- ვიდეორგოლი არ არის მაღალი ხარისხის და არც სტუდიაშია მომზადებული. მისი მომზადება თავისუფლად შეეძლო ერთ ადამიანს. გახმოვანებაც არ არის პრობლემა სპეციალური ეფექტების და პროგრამის გამოყენებით. კადრები არასწორად არის დამონტაჟებული, კადრიდან კადრზე გადასვლა არაპროფესიონალურადაა გაკეთებული. არ არის გამოყენებული ის ეფექტებიც კი, რასაც საშუალო კვალიფიკაციის მემონტაჟეები იყენებენ. სამაგიეროდ, ის პროფესიონალმა ატვირთა, ჩანს, მაღალი დონის აიტი-სპეციალისტმა.
ლაშა პატარაია, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი, აშშ-ის კიბერსაინიციატივო ფორუმის წევრი, პოლიტიკის საკითხებში ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის სპეციალისტი: - ინტერნეტში ვიდეოფრგოლის ატვირთვასა და ამ დანაშაულის ტექნოლოგიურ ნაწილზე ბევრად მნიშვნელოვანია მისი დაკავშირება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ეს ტექნოლოგიური დანაშაული კი არა, უცხოური სპეცსამსახურის პროპაგანდისტულ-საინფორმაციო ომია.
გამოძიება რომ გონივრულ ვადაში გაგრძელდა კარგია, რადგან ამან ბევრი რამის დანახვის საშუალება მოგვცა. ჩვენ დავინახეთ, ვისთვის იყო ფირის გავრცელება ხელსაყრელი, ვინ გამოიყენა ის პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად და ოპონენტებთან საკინკლაოდ.
ფირის ინტერნეტში განთავსება არ უნდა განვიხილოთ როგორც ვიღაც არაჯანსაღი ადამიანის აქტივობა. გამორიცხულია, სამარ ჩოკუტაევს ყველაფრისაგან დამოუკიდებლად ჰქონოდა ასეთი დიდი მოტივაცია და დაუსჯელობის გარანტია. ეს სპეცსამსახურების აქტივობის ნათელი მაგალითია. არსებობს ინდიკატორები, რომ გამოვკვეთოთ, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებია ამ შემთხევაში. კერძოდ, სამარ ჩოკუტაევი დსთ-ის წევრი ქვეყნის, ყირგიზეთის მოქალაქეა. დსთ-ის წევრი ქვეყნები კი რუსული სპეცსამსახურების დაქვემდებარებაში არიან. ფირი ატვირთეს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელსაც ასევე რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ.
- ანუ თქვენ ხედავთ რუსული სპეცსამსახურებისა და არა თალიბების მოქმედებას?
- გამორიცხულია ამ ფირის კავშირი თალიბებთან. ჯიჰადს არ აცხადებენ ინტერნეტში მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლის გავრცელებით. ჯიჰადის გამომცხადებელი არ მალავს ვინაობას და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს რომელიმე ლიდერთან ან ორგანიზაციასთან. ისლამური ვიდეორგოლი იწყება ალაჰისადმი მიმართვით და მთავრდება სიტყვებით "დიდება ალაჰს", რაც ამ ფირში არ იყო.
ამ ფირის გავრცელებას ჩვენს მოსახლეობაში ნეგატიური ფონის შექმნა ჰქონდა მიზნად. ახალი საკენკი მიეცათ პოლიტიკურ ძალებს, ცალკეულ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დიდი ნაწილი სპეცსამსახურების საფარქვეშაა. ეს ვიდეო გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ დაპირისპირება, რომელიც არსებობდა ხელისუფლების გადაბარების დროს, მეტად გამწვავებულიყო და მან ეფექტურად შეასრულა ეს ამოცანა.
გამოძიებამ მოახერხა პროფესიულად მუშაობა. რაც მთავარია, ეყოთ მოთმინება, რომ მაშინვე არ გაეხმაურებინათ შედეგები.
- თუმცა ღარიბაშვილი სწორედ იმის გამო გააკრიტიკეს, რომ გამოძიების შედეგები დროულად არ აცნობა ალასანიას.
- სპეცსამსახურები იმისთვისაც მუშაობენ, რომ სხვა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არიონ. საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გამოძიების შედეგი მალე რომ გახმაურებულიყო, ამას პრობლემები მოჰყვებოდა. ახლაც კი, როდესაც საქმე გამოძიებულია, მაინც გრძელდება დავა და გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, რითაც ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებენ დარტყმას.
ამ ვიდეორგოლის გამოქვეყნების დრო შემთხვევით არ შეურჩევიათ. დაინტერესებულ სპეცსამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, თუ რომელი დღე იქნებოდა ხელსაყრელი. რომ დააკვირდეთ ქრონოლოგიას, ვიდეორგოლის გავრცელების შემდეგ, ძნელი დასანახი არ არის მისი მიზანი.
- გულისხმობთ, რომ ავღანეთში ქართულ ბაზაში დაგეგმილ ტერაქტზეც ჰქონდათ ინფორმაცია? მოგეხსენებათ, ვიდეო აიტვირთა 4 ივნისს და ტერაქტი მოხდა 6 ივნისს...
- დიახ, უთუოდ ექნებოდათ წინასადაზვერვო ინფორმაცია და არ არის გამორიცხული, ესეც ბევრ რამესთან იყოს კავშირში...
- ექსპერტი ვახტანგ მაისაია იხსენებს, რომ ქართულ ბაზაში ტერაქტს წინ უსწრებდა დოკუ უმაროვის საიტზე გავრცელებული განცხადება, ქართველებზე შურს ვიძიებთ ლაფანყურის გამოო.
- ლაფანყურის სპეცოპერაცია ცალკე განსახილველია და ჯიჰადის ფირთან ნაკლებად დავაკავშირებდი.
პოლიტიკოსებმა, მედიამ და საზოგადოებამ უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ სპეცსამსახურს (მეგობარი ქვეყნისასაც კი) სადაზვერვო მუშაობისას აქვს მთავარი ამოცანა, გაატაროს თავისი ინტერესი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, თუნდაც დესტრუქციული გზით. Aამიტომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ საკუთარ საქმიანობას და განცხადებებს.
რატომ უმალავდნენ საზოგადოებას "ჯიჰადის ვიდეორგოლის" გახსნის ამბავს, ამ კითხვაზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გვიპასუხა: - მთავარი იყო გამოძიების ინტერესები და სანამ საქმის მტკიცებულებებით გამყარება მიმდინარეობდა, არ ჩავთვალეთ საჭიროდ გამოგვეცხადებინა, რომ საქმე გახსნილი იყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გამოძიების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაუსწრებლად შეუფარდა ჩოკუტაევს პატიმრობა.
- იყო ინფორმაცია, რომ ვიდეორგოლში გამოყენებულია ტელეკომპანია "პიკის" ე.წ. "შავი მასალა".
- გამოძიებამ დაადგინა, რომ ვიდეორგოლის შემქმნელს არ დასჭირვებია რომელიმე ტელეკომპანიის არქივთან წვდომა.
ცხადია, ამ საქმის შესახებ გამოძიებამ საზოგადოებას სრული ინფორმაცია არ მიაწოდა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ სასამართლომ გამოძიების არგუმენტები გაიზიარა და სამარ ჩოკუტაევს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.