მძღოლუს გეორგიანუს უტიფარუს - მძღოლის ენდემური ჯიში საქართველოში - კვირის პალიტრა

მძღოლუს გეორგიანუს უტიფარუს - მძღოლის ენდემური ჯიში საქართველოში

მათ ზოგი "ყვითელ ჯოჯოხეთს", ხოლო ზოგიც "საზოგადოების ბოტკინს" უწოდებს. თბილისში მაცხოვრებელი ადამიანისთვის ადვილად მისახვედრია, რომ საქმე საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხება, კერძოდ, ყვითელ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს.

თავის დროზე თბილისის მერიამ, ქალაქის მოსახლეობაზე იზრუნა და დედაქალაქში ერთი ფერის სატრანსპორტო საშუალებები შემოიყვანა. თუმცა ის კი "დაავიწყდა", რომ ხალხი იმ სიყვითლის შიგნით უნდა იყოს კომფორტულად და მხოლოდ ფასადური სილამაზე ადამიანს ვერ უშველის. თავი დავანებოთ გაძვირებულ მგზავრობას (ჩვენს მორჩილ საზოგადოებას ეგეთები აუტანია?!), საქმე ეხება ელემენტარულ დეტალებს, ის რისი დაცვაც აუცილებელია ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყანაში.

დილის საათებში სამსახურში წასასვლელად გამზადებული ელოდები საოცნებო მიკროავტობუსს. თუ მიკროავტობუსის გამოსვლის პუნქტთან არ ცხოვრობ, რა თქმა უნდა იმის ილუზიაც არ უნდა გქონდეს, რომ ახვალ და თავისუფლად დაჯდები, მაგრამ ეს არ განაღვლებს, მთავარია ახვიდე. თუმცა როცა გგონია, რომ სავსე მიკროავტობუსი არ გაგიჩერებს, რადგან ფიზიკურად ვერ ხედავ შენ ადგილს შიგნით არსებულ ბედნიერთა რიცხვში, თავს იჩენს მძღოლის აზროვნების სისხარტე, რომელსაც ყოველთვის აქვს "განწირული მგზავრისთვის" ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მგზავრებივით შენც 80 თეთრს იხდი, ასვლისას აუცილებლად უნდა თქვა მადლობა, რომ გაგიჩერა. ზოგადად, გადაიწიე - ქართული სიტყვაა და უმცირეს მონაკვეთზე უდიდესი რაოდენობის ხალხის დატევას ნიშნავს. თუმცა, დავანებოთ თავი ლირიულ გადახვევებს და ვნახოთ, რა ხდება მიკროავტობუსში ასვლის შემდეგ.

No Smoking - ასვლისთანავე გხვდება გამოკრული წარწერა, რომლის დაბლაც მძღოლის სიგარეტის კოლოფია განთავსებული. კმაყოფილი მძღოლიც, მას მერე რაც მგზავრთა რაოდენობისგან თვითონაც შევიწროვდა, იღებს ერთ ღერს და გემრიელად არტყამს ნაფაზს. ნაფაზს კვლავ ნაფაზი მოყვება და მძღოლის ბედნიერებას მგზავრებიც მორჩილად იყნოსავენ.

საჭესთან მჯდომი ადამიანის ეს ნირვანა იქამდე გრძელდება, სანამ რომელიმე გულადი ადამიანი, ცალკე სიცხიგან და ცალკე სიგარეტის ბოლის შეწუხებული, კონდიციონერის დანიშნულების არსს არ იკითხავს. ცოტა ხნის წინ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" ყველა მიკროავტობუსი აღჭურვა კონდინცირების სისტემით და იმ შემთხვევაში თუ მძღოლი არ ჩართავს კონდინციონერს, მგზავრებს მოუწოდა, ცხელ ხაზზე დაერეკათ. მიუხედავად ამისა, დავა კონდინციონერზე ხშირ შემთხვევაში მძღოლის მყარი არგუმენტით მთავრდება - ბენზინი ძვირია, თვეში 200 ლარს ვიხდით მიკროავტობუსის იჯარის თანხას და თუ კონდნციონერს ჩავრთავ და მგზავრებს ფეზე არ დავაყენებ, ენთუზიამზე ვიმუშაო?! ამ არგუმენტის გაჟღერების შემდეგ გამარჯვებული მძღოლი საკუთარ ნირვანას უბრუნდება, სიგარეტს ნაფაზს დაარტყამს, კონდინციონერის ნაცვლად რადიომიმღებს რთავს და სიამტკბილობით აგრძელებს გზას. სხვათა შორის, იმავე "თბილისის მიკროავტობუსმა" 2011 წლის ნოემბერში მისცა უფლება მძღოლებს მგზავრები ფეხზე დაეყენებინათ. აქ იკვრება წრეც - ხალხი მძღოლების წინააღმდეგ, მძღოლები მერიის წინააღმდეგ, მერია კი ამბობს, მერე რა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტია, ის კერძო მფლობელის ხელშიაო. მგზავრი, რომელიც ხანდახან მყარ ნიადაგსაც კი ვერ გრძნობს, ისე "დგას" მიკროავტობუსში, იძულებულია, თავისი სამოქალაქო მე სირაქლემის პოზაში ამყოფოს. სამოქალაქო მეს შევეხეთ და ერთი პატარა დეტალი მინდა გამოვყო. ზოგადად, ადამიანი, რომელიც მგზავრობის თანხას იხდის, ისევე უფლებამოსილია იჯდეს, როგორც ასაკოვანი და მდედრობითი სქესის ადამიანი. აუცილებელი არაა, ამ ადამიანს თავზე დაადგე და ზედმეტი რეპლიკებით ნამუსი აუფორიაქო. დაე, იყოს ეს ადამიანი უზრდელი, უნამუსო, ეს მისი მოქალაქეობრივი ვალია. აუცილებელია არაა იმის ჩვენება, რომ საქართველოში გენდერულ თანასწორობას მომავალი არ აქვს.

ყველაფერ ამაზე ბოღმით გულგასიებულმა ჩვენმა ჭეშმარიტმა მოქალაქეებმაც აგრესია რამეზე ხომ უნდა აფრქვიონ და მათი სამიზნები ობიექტები არიან სკამები. უზურგო, ნახევრად მთელი ან ნახევრად დალეწილი - სულო და გულო, როგორი სკამიც გინდა. გეგონება უწყინარ, ნელა მოსიარულე ავტობუსში კიარა გაგიჟებული ულტრასებისგან დაცლილ სტადიონზე შეაბიჯე, სადაც ახლახანს დამთავრდა საფეხბურთო მატჩი. ...და აქვე ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ტაქსისტებზე. მესმის არც მუნიციპალური ტრანსპორტი ხართ და თქვენს ნებაზეა, ვინმეს გაუჩეროთ, თუ არ გაუჩეროთ, მაგრამ ორმა დიპლომმა ის ხო უნდა გასწავლოთ, რომ მგზავრს შეეკითხოთ - შეიძლება თუ არა მოწევა. ისე, უბრალოდ, ეთიკის ამბავია, არაფერი პირადული, თორემ ვინ როდის დაადგამს საკუთარ მანქანას ჭადრაკის დაფას არავინ იცის...