"ლევანი იმ დროს დაჭრეს დანით, როცა უპოვართათვის შემოწირულობას აგროვებდა" - 17 წლის ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა
10 ოქტომბერს, მეტრო მარჯანიშვილის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ "მაკდონალდსის" უკან 17 წლის ლევან ხაჩატუროვი დანით სიკვდილს მხოლოდ იღბლის გამო გადაურჩა. ლევანი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მადლში" მუშაობს.
შეიძლება ასეც ვთქვათ, - ლევანი იმ მექანიზმის ნაწილია, რომელიც საზოგადოებამ "თვითნებურად" შექმნა იმ სოციალურად დაუცველთა გადასარჩენად, რომლებზეც პასუხისმგებლობას სახელმწიფო შეგნებულად არ აიღო. ასე რომ, რეალურად, მის გადარჩენილებადაც შეიძლება ჩავთვალოთ ის ადამიანები, რომელმაც მისი შეგროვილი თანხით ყიდულობენ პურს ან თუნდაც წამალს. ამასთანავე, მას არაფერი აკავშირებდა ამ საქმის მეორე მხარესთან, - ვგულისხმობთ იმას, რომ შემოწირულობები ბევრმა უკვე პირადი ბიზნესის წყაროდაც გაიხადა და შესაწირი ყუთებით ხელს ითბობენ. მას მთელი დღის შეგროვილი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში მიჰქონდა. ორგანიზაციაც, თავის მხრივ, გაჭირვებულებს ეხმარებოდა.
რისი თვითმხილველიც პირადად ამ სტატიის ავტორიც გახლავთ - ორგანიზაცია "საქართველოს მადლმა" "კვირის პალიტრის" გაჭირვებულ რესპონდენტებსაც მრავალჯერ გაუწოდა ხელი. ეს დიდი საქმეა, თუმცა არა ვინმეს სიცოცხლის საპირწონე, - დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ვარაუდით, შელაპარაკების მიზეზი ლევანისთვის ფულის მოთხოვნა იყო. მართალია, ეს მხოლოდ ვარაუდია და საქმის რეალურ მიზეზს მხოლოდ გამოძიება დაადგენს, მაგრამ ცხადია, რეალურად ჩვენში უკვე ქველმოქმედებასაც სჭირდება დაცვა და კონტროლი.
ლევანი სამუშაო საათებში დაჭრეს დანით, იმ დროს, როცა უპოვართთათვის შემოწირულობას აგროვებდა. ამას კი წინა დღეს, არასამუშაო საათებში, უცნობ პირებთან მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. ბიჭი შელაპარაკებიდან მეორე დღეს, ხალხით სავსე პროსპექტიდან შუადღისას გაიხმეს "მაკდონალდსის" უკან მიმდებარე ეზოში, საიდანაც სულ რამდენიმე წუთში დასისხლიანებული მეგობარმა გამოიყვანა.
ლამარა კ:
- მე სულ ამ ტერიტორიაზე ვზივარ, ვაშლს ვყიდი, - კარგად ვიცნობდი ამ ბავშვს, სულ აქ დადიოდა თავისი ყუთით აქვე აქვთ ოფისი. ამიტომაც სახეზე ყველას ვცნობ. ძალიან წესიერი ბავშვები არიან. ეგ საცოდავი დასისხლიანებული რომ დავინახე, გული გამისკდა, მივარდი, რა გიშველო-მეთქი, მაგრამ რა უნდა მეშველა, უკვე ვეღარ ლაპარაკობდა. ჩემნაირი ხალხი ბევრი შემოერტყა გარშემო, მაგრამ ღმერთმა თუ არ უშველა ადამიანს, ხალხი რას უშველის, კვდებოდა საწყალი, აღარ მეგონა, ცოცხალს თუ მიიყვანდნენ საავადმყოფოში. ვის რა უნდოდა მაგისგან? განა რამდენი ფული უნდა ჰქონოდა "იაშიკში", რომ დანით გამოსდგომოდნენ!
ვახტანგ ლ:
- ძალან კარგი ბავშვი იყო, რუსთავიდან დადიოდა სამუშაოდ, მეტროს წინ ბუკინისტურ წიგნებს ვყიდი და ხანდახან ათვალიერებდა ხოლმე. ძალიან გაჭირვებული იყო - 17 წლის ბავშვი რუსთავიდან თბილიში ჩამოვიდა სამუშაოდ და მეტროში მთელი დღე აღამებდა ფულის შესაგროვებლად. მერე პატიოსნად აბარებდა. აქ მაგ "იაშიკებით" ბევრი დადიან, ადრე ვინც ხელით მათხოვრობდა, ახლა ეგ ყუთები გააკეთეს, ზედ ბავშვების სურათები მიაკრეს და დაატარებენ, მაგრამ ეგ ბიჭი იმ ხალხს არ ეკუთვნოდა. ოფიციალურად მუშაობდა. ერთხელ გავეხუმრე, - ბიჭო მაგ ფულს ყველას ოფისში რომ მიარბენინებ, ცოტა შენთვისაც ამოიღე-მეთქი. მითხრა, - რას ამბობ, ეგ როგორ შეიძლება, ოფისში თავად დაითვლიან და რამდენიც მეკუთვნის, მოცემენო. საწყალი ბავშვი, მაგის დედა მეცოდება, ღირსეულად გაზარდა შვილი და ვიღაც ნაძირლები უკლავდნენ. თქვეს, დამნაშავეები მაშინვე დავიჭირეთო. ეს ცუდი ამბავი კი არ არის, მაგრამ ის ბიჭი რომ მოეკლათ, ვინმეს დაჭერა რაღას უშველიდა?! რა ამბავია, ამდენი დანიანი და პისტოლეტიანი ხალხი რომ დასეირნობს ქუჩაში, უკვე იმდენჯერ მესმის, ეს მოკლეს და ის მოკლესო, ქუჩაში გამოსვლა აღარ მინდა!
ლ. დ., ორგანიზაცია "საქართველოს მადლის" წევრი:
- რა უნდა ვთქვა, ჩვენი ორგანიზაცია თვეში 15 ოჯახს ეხმარება. თავგანწირული ხალხი გვყავს, აბა წარმოიდგინეთ, ხალხი მთელი დღე ქუჩაში დადის და ხან ვის ეხვეწება, ხან ვის, ფული მოგვეცითო, მერე ამ ფულით პროდუქტს ვყიდულობთ და ხალხს ვეხმარებით. ხანდახან შეურაცხყოფასაც კი გვაყენებენ, რა საქმე გაგვიჭირეთ, თქვენ ვინ ხართ, ფული რატო უნდა მოგცეთო, მაგრამ ჩვენ ამ წესით ვცხოვრობთ, ვფიქრობთ, რომ ასე ცხოვრება სწორია. ლევანი მაგარი ბიჭია, - ბევრს შრომობს და დიდ სიკეთეს აკეთებს, გაჭირვებულ ხალხს ეხმარება. მისი ოჯახი რუსთავში ცხოვრობს, დიდად არ ულხინთ და ოჯახსაც ეხმარება, - ჩვენგან იმ ხელფასს იღებს, რომ 10-15 პროცენტს ვუხდით შემოსავლიდან. ეგ უბედურება ისე მოხდა, ჩვენთვის არაფერი მოუყოლია. მარტო მაშინ გავიგეთ ეგ ამბავი, როცა უკვე დაჭრილი ოფისთან მოიყვანეს და ხალხის ყვირილზე მესამე სართულიდან გადავიხედე. ასფალტზე დგაწვენილი ლევანი რომ დავინახე, კინაღამ გავგიჟდი. კიდევ კარგი, სასწრაფიო მალე მოვიდა, თორემ ნაღდად მოკვდებოდა. ნახევრად მკვდარი მივიყვანეთ საავადმყოფოში, ექიმები საათ-ნახევარი ოპერაციას არ უკეთებდნენ, წნევა ჰქონდა დავარდნილი. იმდენი სისხლი ჰქონდა დაქცეული, ექიმმა თქვა, ჯერ არ მინახავს, ამისთანა დღეში მყოფი ადამიანი ცოცხალი გადარჩენილიყოს, ეს ჭრილობა ასპროცენტიანი სიკვდილია, ალბათ სიკეთეს რომ აკეთებდა და ხალხს ეხმარებოდა, იმიტომ გადარჩაო.
- მაინც რა მოხდა, თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ფულის გამო მოხდა.
- დილით მარტოს დახვედრია ორი ბიჭი წინ და ჩხუბი დაუწყიათ. რაზე იჩხუბეს, კონკრეტულად რომ ვთქვა, არ ვიცი, მეორე დღეს სამსახურში რომ მოვიდა, მეწყვილესთვისაც ისეთი არაფერი არ უთქვამს; მაგრამ ჩვენ მას კარგად ვიცნობთ, თვითონ არავის დაუწყებდა ჩხუბს. შუადღისას ის ბიჭები ისევ დახვედრიან და უთქვამთ, წამო, გვერდზე გავიდეთო და დავილაპარაკოთო, მაგრამ მასთან მაშინ მეწყვილე იყო და ის გაჰყოლია. კიდევ კარგი, რომ გაჰყვა, მაკდონალდსის უკან ერთი მინგრეული ეზოა და იქ შეუყვანიათ თუ არა, ამოიღეს დანა ერთს დანა და ფეხში დაჭრა. მერე დანა მეორესაც ამოუღია, ეს მეწყვილე მაგ ლევანიზე ათი წლით უფროსია, ის მიხვდა, იქაურობას თუ არ მოშორდებოდნენ, კარგი არაფერი ელოდათ, ამიტომ ლევანს ხელი წაავლო და გამოაქცია, 50 მეტრი ირბინა ასე დაჭრილმა ბიჭმა, თან სისხლი სდიოდა.
გააგრძელებს თუ არა ლევან ხაჩატუროვი არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობას, ამ კითხვაზე დედამისი გვპასუხობს...
ეთერ აბულაძე:
"ჩემს შვილს ისე გაუკეთეს ოპერაცია და გადარჩა, რომ არც კი ვიცოდი, რა მემუქრებოდა, რომ სასიკვდილოდ იყო გადადებული. ჩემი შვილი რომ შეიძლებოდა, მომკვდარიყო, მხოლოდ მაშინ მითხრეს ექიმებმა, როცა უკვე გადარჩენილი იყო. მეც მგონია, რომ ეს სასწაული უფალმა იმიტომ ჩაიდინა ჩემთვის, რომ ჩემი შვილი სიკეთეს აკეთებდა. ამიტომ ის აუცილებლად დაუბრუნდება თავის სამუშაოს"
ასეთია სიკვდილიდან თავდახსნილი ბიჭის დედის აზრი. მართლაც, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. თუმცა, რადგანაც სასწაულები ყოველთვის არ ხდება, ბოლო დროს გამწვავებული კრიმინალური სიტუაცია რეალურ სფეროში უნდა მოწესრიგდეს...
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)