"დავით აღმაშენებლის პირველობა არაობიექტურია!"
"მსოფლიოს უდიდეს მხედართმთავრებში" პირველ ადგილს აღმაშენებელი ქართველთა "მოცლილ ხელებს" უნდა უმადლოდეს?
"შეიძლება ჩვენთვის არასასიამოვნოა, მაგრამ უდიდესი მხედარმთავრები იყვნენ ჯალალედინი, ჩინგიზ-ყაენი"
"ღმერთმა ნუ ქნას, "დავით აღმაშენებელი" დღევანდელმა ქართველმა რეჟისორებმა გადაიღონ"
ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე (http://www.thetoptens.com/top-military-generals/) ჩატარდა გამოკითხვა: მსოფლიოს უდიდესი მხედართმთავარი. გამოკითხვაში 20000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და საბოლოოდ, პირველ ადგილზე დავით აღმაშენებელი გავიდა. რამდენად კანონზომიერი და ობიექტურია ჩვენი უდიდესი მეფის პირველობა ასეთ გამოკითხვაში, ამ თემაზე ინტერვიუ ვთხოვეთ - პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, დიმიტრი შველიძეს.
დიმიტრი შველიძე:
- ყველანაირი გადაჭარბება მხოლოდ ზიანის მომტანია. დავითს პირადად მე უდიდეს პატივს ვცემ, ის მართლაც არაფრით არ ჩამოუვარდება არცერთ უცხოელ მხედართმთავარს, მიუხედავად ამისა, ამ გამოკითხვაში მისთვის პირველი ადგილის მინიჭება, მე მაინც არაობიექტურად მიმაჩნია და ვფიქრობ, "მოცლილმა ხელებმა" ითამაშეს თავისი როლი. დავითს ჩვენ ვიცნობთ ორიოდე ბრძოლით (ფართო საზოგადოებას ვგულისხმობ და არა ისტორიის სპეციალისტებს): ერთი, ესაა ერწუხის და მეორე - დიდგორის ბრძოლა, არადა, დავითს გადახდილი აქვს რამდენიმე ათეული ბროლა, რომელიც სამწუხაროდ ქართულ მატიანეს არ აღურიცხავს, სხვათაშორის, დიდგორის ბრძოლის შესახებაც ქართულმა საისტორიო წყაროებმა, დიდი-დიდი, ერთი აბზაცი შემოგვინახეს. მადლობა ღმერთს, რომ ამ ბრძოლის შესახებ, ძალიან ბევრ ცნობას გვაწვდიან: არაბი, სპარსი, თურქი, ბიზანტიელი, დას. ევროპელი ისტორიკოსები და სხვ.
დავითის მიერ წარმოებული ომების მასშტაბები მართლაც საოცარია. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მას ალექსანდრე მაკედონელზე მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული, მაგრამ ამ ბრძოლების აბსოლიტური უმრავლესობა არათუ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ რიგი ისტორიკოსებისთვისაც არაა ცნობილი. არსებობს ასეთი სერია -"მსოფლიოს 100 უდიდესი მხედართმთავარი", სადაც დავითი საერთოდ არაა შეყვანილი და ეს ისევე არაობიექტურია, როგორც თქვენს მიერ ნახსენებ გამოკითხვაში ხელოვნურად დავითის გამარჯვება.
- სოც. ქსელებში მოხდა ამ გამოკითხვის პოპულარიზაცია, სწორედ ამან ხომ არ განაპირობა დავითის მიერ პირველი ადგილის დაკავება?
-სავარაუდოდ, სწორედ ასე იქნებოდა. ჩვენ, ქართველებს,, გადაჭარბება გვჩვევია. იცით, რატომ მიმაჩნია არარეალურად დავითის პირველობა? ნაპოლონის და სხვა მხეართმთავრების შესახებ უამრავი ცნობებია დაცული, არსებობს მათი სამხედრო ტაქტიკის და სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია, ხოლო დავითთან მიმართებაში ფაქტობრივად არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თუმცა მისი ბრძოლები იმდენად შთამბეჭდავია, რომ მას საკუთარი ტაქტიკა და სტრატეგია აუცილებლად ექნებოდა. დავით აღმაშენებელი უდავოდ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ბრწყინვალე მხედართმთავარია. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დავითს ოცეულში ნამდვილად შევიყვანდი, ხოლო თუ ასეული იქნებოდა, მაშინ აუცილებლად შევიყვანდი სხვა ქართველ მხედართმთავრებსაც, რომლებიც არ იყვნენ დავით აღმაშენებელზე ნაკლებნი. მაგ: ერეკლე მეორეს, სიმონ პირველს - ესენი ძალიან დიდი მხედართმთავრები არიან.
- ნაპოლეონი ახსენეთ და ამ გამოკითხვაში ის მესამე ადგილზეა. ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ ფრანგებისთვის ნაკლებად ნიშვნელოვანია, თუ რომელ ადგილს მიაკუთვნებდნენ ნაპოლეონს და მათ თავი არ შეიწუხეს გამოკითხვაში მონაწილეობით?
-ვერ დაგეთანხმებით. სულაც არ არის ფრანგებისთვის უმნიშვნელო, რომელ ადგილზე გავიდოდა ნაპოლეონი. ეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნაციონალური ბრძოლები ნაკლებად მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპელებისათვის, მაგრამ ისინი ძალიან კარგად აფასებენ საკუთარ ისტორიას და იციან თითოეული ბრძოლის ფასი. ნაპოლეონის მესამე ადგილიც არარეალურად მიმაჩნია, მე რომ მკითხონ, ნაპოლეონი პირველზე უნდა იყოს მსოფლიოს მხედარმთავრათა შორის. შეიძლება ჩვენთვის არასასიამოვნოა, მაგრამ უდიდესი მხედარმთვარები იყვნენ ჯალალედინი, ჩინგიზ-ყაენი, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ ათეულში თუ არა ოცეულში მაინც. რუსებსაც ყავდათ საკმაოდ კარგი მხედარმთავრები მაგ: კუტუზოვი და სუვოროვი, რომლებიც არ არიან პირველი რანგის, მაგრამ მეორე ოცეულში მათი ადგილი ნამდვილადაა.
-თქვენ ბრძანეთ, რომ დავით აღმაშენებელი არაა შეტანილი გამოცემაში – "მსოფლიოს 100 უდიდესი მხედართმთავარი", აგრეთვე ისეთი დიდი ბრძოლის შესახებ, როგორიც იყო დიდგორის ბრძოლა, ფაქტობრივად მხოლოდ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ ფიქრობთ, სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს ამ ყველაფრის პოპულარიზაცია?
- რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია. მე არ ვიცი, ოდესმე თუ გვეღირსება ისეთი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ღირებულებებს სათანადო ყურადღებას მიაქცევს. ყველა ხელისუფალის პრიორიტეტი ეროვნული ღირსების და ფასეულობის წინა პლანზე წამოწევა უნდა იყოს, სამწუხაროდ ასეთი ხელისუფალი, ერეკლე მეფის შემდეგ საქართველოს არ ყოლია.
- ცოტა ხნის წინ იგეგმებოდა დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღება, ეს არ შეუწყობდა ხელს ამ თემის პოპულარიზაციას?
- ღმერთმა ნუ ქნას, ეს ფილმი გადაიღონ. გაასაცოდავებენ და გაამაიმუნებენ ამ თემას. ჩვენი რეჟისორების დღევანდელი თაობა არაა მზად იმისთვის, რომ ასეთი დიდი კინო გადაიღონ.
- მოწვეული რეჟისორების მიერ რომ მოხდეს ამის გადაღება?
- ჰოლივუდი რომ ჩაერთოს გადაღებაში, ტექნიკურად შეგვიწყობს ხელს და ბატალურ სცენებს, ძალიან შთამბეჭდავად გადაიღებს, მაგრამ მეშინია, ჩვენთან ისეთი კონსულტანტები არ აიყვანონ, რომ საბოლოოდ დაბალი დონის ჰოლივუდური თრილერი არ გამოვიდეს. მე ვფიქრობ, თუ გადაწყდება ამ ფილმის გადაღება, იაპონური სტილით უნდა მოხდეს გადაღება. იაპონელებს აქვთ ძალიან დიდი კულტურა ეროვნული ფილმების გადაღებისა და ცუდი არ იქნება თუ მათაც დავეკითხებით რჩევას.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)