"მხოლოდ საქართველოში ეკითხებიან მართვის მოწმობიანს - იცის თუ არა მანქანის ტარება"
"საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების შესწავლა არა სასკოლო, არამედ საბავშვო ბაღების პროგრამაში უნდა შედიოდეს."
"ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება ავტომატურ კოლოფიანი ავტომობილის მართვას აპირებს, არ შეიძლება,
დააძალო, რომ გინდა თუ არა, მექანიკურზე ჩააბაროს გამოცდა," - მიიჩნევს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი და საავტომობილო ექსპერტი შალვა ოგბაიძე.
იგი დადებითად აფასებს შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანებზე იქნება შესაძლებელი.
"მაგალითად, გერმანიაში, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ავტომატურ კოლოფიან ავტომობილზე სურს გამოცდის ჩაბარება, მას ამის საშუალებას აძლევენ და ეს აღინიშნება მართვის მოწმობაშიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 21-ე საუკუნეა და მექანიკურ კოლოფიანი ავტომობილები მალე ისტორიას ჩაბარდება," - ამბობს ოგბაიძე.
იგი მიიჩნევს, რომ ამ სიახლის დანერგვა არანაირ კავშირში არაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან.
"იმ ადამიანის მოძრაობის უსაფრთხოების ინდექსი, რომელიც გამოცდას მექანიკურ კოლოფიან ავტომანქანაზე ჩააბარებს, ვერანაირად ვერ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იმ ადამიანისა, რომელმაც ეს ავტომატიკაზე გააკეთა." - აღნიშნავს ექსპერტი.
ამასთან, როგორც შალვა ოგბაიძე აცხადებს, ის ფაქტი, რომ მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდებს შს სამინისტრო იბარებს, იურიდიული ნონსენსია.
"შსს თვითონ იბარებს გამოცდას, თვითონ ანიჭებს კვალიფიკაციას და შემდეგ თვითონვე აჯარიმებს ამ კვალიფიკაციის უქონლობის გამო. ეს სისტემა მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია დარჩენილი..." - ამბობს ოგბაიძე.
ოგბაიძე დადებითად აფასებს ასევე, მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფისა და რეზუსის მონაცემების დამატებას და
აღნიშნავს, რომ ავტო-საგზაო შემთხვევების დროს ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წამები წყვეტს. მისივე თქმით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების შესწავლა არა სასკოლო, არამედ საბავშვო ბაღების პროგრამაში უნდა შედიოდეს.
საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მართვის მოწმობის ასაღებად ჩასაბარებელი გამოცდები ძალიან მარტივია და ფიქრობს, რომ ის თავისი სირთულით "ეროვნულ გამოცდებს" უნდა უტოლდებოდეს.
"ეს უნარ-ჩვევები ადამიანმა კვალიფიციურ, გამართულ, ევროპული ტიპის ავტოსკოლებში უნდა შეიძინოს. ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებამ მოსპო ავტოსკოლები და ახლა თვითნასწავლი ადამიანები გამოსცდას "ექსტერნი" წესით აბარებენ.
თუ ევროპისკენ მივდივართ, მოდი, ყველაფერი ევროპულ კალაპოტში მოვაქციოთ. ძალიან გვიხარია, რომ მართვის მოწმობას იოლად ვიღებთ და ამავდროულად, გვაღიზიანებს, რომ ჩვენ წინ მიმავალი მანქანა ძალიან ნელა მიდის, მერე მოულოდნელად შეიცვლის პიკს ისე, რომ არ ჩაგირთავს მოხვევის მაჩვენებელს, გვაღიზიანებს ის, რომ მძღოლი მოულოდნელად შუა გზაზე ამუხრუჭებს და საცობს გიქმნის და ა.შ.
დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი - ამ მძღოლს არ გააჩნია სამძღოლო კულტურა. სად შეიძლება ეს კულტურა და უნარ-ჩვევები შეიძინო? ვერ შეიძენ ინტერნეტით, მეგობრისა თუ შეყვარებულის მანქანით, ეს უნდა გაიარო კვალიფიციურ ავტოსკოლაში. სწორედ აქ არის ვაკუუმი და როგორც კი ეს მოგვარდება, მკვეთრად შემცირდება ჩვენი ნერვების შლაც. ნუ მოვატყუებთ ადამიანებს და ნუ შევუქმნით ვირტუალურ შთაბეჭდილებას, რომ მათ იციან მანქანის მართვა. ტარება ერთია და ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა მეორე. ჩვენ გამოცდას ვაბარებინებთ მანქანის გატარებაში, რაც ძალიან მარტივია, მართვისგან განსხვავებით. " - ამბობს შალვა ოგბაიძე.
ავტომრბოლელი და საქართველოს ჩემპიონი წყვილთა ბრძოლაში ვანო მძელური მიიჩნევს, რომ მართვის მოწმობის ასაღები გამოცდები ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ პირმა, ვინც ის ჩააბარა, მანქანის მართვა ნამდვილად იცის.
"ჩემი აზრით, ამ კუთხით ერთადერთი პრობლემაა: მხოლოდ საქართველოში ეკითხებიან მართვის მოწმობის მქონე ადამიანს - იცის თუ არა მანქანის ტარება. ბევრი ისეთი იღებს მართვის მოწმობას, ვინც ტარება არ იცის," - აღნიშნავს მძელური.
ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ აქცენტი ტარების რეალურ სწავლებაზე უნდა გაკეთდეს და შესაბამისად, გამოცდაც გართულდეს.
"მაგალითად, ამერიკაში ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგებიან. სწავლების პროცესი ეტაპობრივია და მოიცავს როგორც თავისუფალ ადგილას მოძრაობის სწავლებას, ისე ქალაქში პარკირებასა და კონკერტულ ვითარებებში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.
ასევეა ევროპაშიც, სადაც თოვლიან გზაზე მართვასაც ცალკე ასწავლიან... რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენთან სულ სხვა სიტუაციაა. მართვის მოწმობას რომ იღებენ, ბევრმა იმ დროისთვის არათუ თოვლიან, არამედ თავისუფალ გზაზე მართვაც არ იცის ნორმალურად. ამის მიზეზი კი ალბათ, ისაა, რომ არსებული გამოცდა ძალიან მარტივია და ნებისმიერს შეუძლია ერთი-ორი გაკვეთილის შემდეგ აიღოს. რეალურად კი, ქალაქში მანქანის ნორმალურად მოხვევაც არ იციან".
მარი რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)