$ 35 000-იანი ჩანთა ხანდაზმულთა პანსიონატისათვის - ქველმოქმედება თუ ვენდეტა?!
რამდენიმე დღის წინ შორენა ბეგაშვილმა თავის ,,ფეისბუქის" გვერდზე საკუთარი ტანსაცმელი, ჩანთები და სამკაულები გასაყიდად გამოიტანა. ,,მინდა დავეხმარო ხანდაზმულთა პანსიონატს" - წერს ქართველი სექს-სიმბოლო. კომენტარების მიხედვით ბევრი მის საქციელს უარყოფითად აფასებს, წერენ, რომ უჭირს და ამიტომ ყიდის, ბევრი კი მიიჩნევს, რომ მისი ნაცვამი სამოსი არავის ჭირდება. ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც შორენას გესლიანად "ჩაურტყა" – ათიათასდოლარიან ჩანთას რომ ყიდულობდი, ქველმოქმედებაზე მაშინ გეფიქრაო.
შორენა ბეგაშვილი:
- დიდი ხანია მინდოდა ქველმოქმედებით დავკავებულიყავი. ამიტომ ჩემს ფეისბუქის გვერდზე დავდე იმ ნივთების ფოტოები, რომელთა გაყიდვიდან შემოსულ თანხას მოხუცთა თავშესაფარს გადავცემ. მინიმუმ 20 ათასი დოლარის ღირებულების ნივთებია, თუ ყველაფერი გაიყიდება, მათთვის ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება ხალხის აგრესიასა და ცინიზმს, ეს საქველმოქმედო აქციაა და როცა იქაც კი უარყოფით კომენტარებს წერენ, ეს გულს მტკენს და მაღიზიანებს. ვისთვისაც კეთდება, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან და დახმარებას ელოდებიან. დანარჩენები უსაქმური ხალხია და ჩემი ნაბიჯი ცუდად ამიტომ გაიგეს. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებებს და ბავშვთა და სხვადასხვა სოციალურად დაუცველთა სახლებს დავეხმარები.
- კომენტარებში ნახსენები ,,ერმესის" ჩანთა, რომელსაც 10 ათას დოლარად ყიდით, მართლა 30-50 ათასი დოლარი ღირს?
- დიახ, ეს ჩანთა არის შეზღუდული გამოშვების და სულ რამდენიმეა კოლექციაში - სირაქლემას ტყავის ”ბირკინი”. ამან ბევრი გააღიზიანა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირს. ყველაფერი აღიზიანებს ამ ხალხს. ჩანთით დაინტერესება დიდია, მაგრამ საქართველოდან არც ერთი წინადადება არ მიმიღია. უფრო კიევიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან მწერენ.
- თქვენ როგორღა შეიძინეთ, ამხელა თანხის ჩანთაში გადახდა ადვილი არ იქნებოდა...
- არ შემიძენია, საჩუქარია.
- და ვინ გაჩუქათ?
-არც ამას აქვს მნიშვნელობა. დაბადების დღის საჩუქარია და არ ვაპირებ ჩამოვთვალო, ვინ რა მაჩუქა.
- მაშინ ჩვენ გეტყვით...
ჰოი, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა! შორენა ბეგაშვილმა ტელეფონი ისე გაგვითიშა, არც კი დაგვასრულებინა. არადა, შოუბიზნესკულუარებში აქტიურად ჩურჩულებენ, რომ ისეთი პირადი ნივთების გასაყიდად გამოტანა, როგორიცაა ძვირად ღირებული ჩანთა, ბრილიანტის სამკაული, რომელსაც 7 ათას დოლარად ყიდის, ტელეფონი ,,ვერტუ", რომელის ფასი 10 ათას დოლარიდან იწყება და სხვ. შესაძლოა არა მხოლოდ ქველმოქმედება (რაც ნამდვილად სანაქებო და საშური საქმეა), არამედ პირადი ვენდეტაც იყოს იმ ადამიანის მიმართ, ვინც მას ეს ყველაფერი აჩუქა. ჩვენ ამაზე მეტს ალბათ, ვერც ვერაფერს გავიგებდით, რომ არა ერთი საგულისხმო დეტალი, რომელზეც მის სამეგობრო წრეში უკვე დიდი ხანია ჩურჩულით აღარ საუბრობენ:
საყოველთაოდ აღიარებული აქსიომაა, რომ სექსუალური ლამაზმანი გულგრილს არავის ტოვებს, მის მოსანადირებლად განსაკუთრებულ მონდომებას კი "ძლიერნი და ფულიანნი ამა ქვეყნისანი" იჩენენ. როგორც ამბობენ, ხსენებული ძვირფასი ნივთები და თბილისში ბინაც კი მას რუსეთში მცხოვრებმა მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ აჩუქა. ცნობილია, რომ წარმოშობით რუსთაველ შორენას ბიზნესმენის გაცნობამდე თბილისში ბინა არ ჰქონდა, ამჟამად ის ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს.
თუმცა, ამ ხმებს თავად შურისძიების შესაძლო ადრესატი, მამუკა ფიფია (სურათზე მეუღლესთან ერთად) უარყოფს.
-არ ცხრება ხმები თქვენსა და შორენა ბეგაშვილს შორის უიღბლო რომანზე, მართლა მეგობრობდით მასთან?
- არა. მე თვითონვე მიკვირს, ყოველთვის მეკითხებოდნენ ამას. არ ვიცი, რატომ გავრცელდა ეს ხმები.
-იცნობთ შორენას?
- კარგად ვიცნობ, მაგრამ რომანი რატომაა, ერთი-ორჯერ შევხვდით და ეგ იყო. ისე, კი, საქართველოში ეს რომანია. თუ შეხვდი ან დაურეკე, რა თქმა უნდა, ცოლად უნდა მოიყვანო. თუ ერთად გაიარეთ სადმე, ეს უკვე ორსულობით დამთავრდება. საქართველოში ასეა მიღებული, მამაკაცსაც დაგაორსულებენ. – განგვიცხადა მამუკა ფიფიამ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, დაოჯახებულია და ბედნიერად ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. არადა, წლების წინ, როდესაც შორენა ბეგაშვილი ეკრანზე პირველად გამოჩნდა გადაცემით ,,სექსი შორენასთან'', ჩამოსულ სტუმარს იგი "ქართველი ანფისას" სტატუსით გააცნეს (შორენას გადაცემა პოპულარული რუსული შოუს, ,,სექსი ანფისა ჩეხოვასთან''-ის ერთგვარი ანალოგია იყო). ახალჩამოსულმა ფიფიამაც, ეტყობა, რუსეთში მამაკაცების მიერ ვარსკვლავების მოვლა-განებივრების სანაქებო ტრადიცია არ დაარღვია და "ქართველ ანფისას" განსაკუთრებული ყურადღებით ანებივრებდა...
"ყვითელი მაცნე"